“სამყაროს ემალებოდა და შვებას მარტოობაში პოულობდა” – შავი პრინცის დაბრუნება და დამშვიდობება – ვიდეო

"სამყაროს ემალებოდა და შვებას მარტოობაში პოულობდა" - შავი პრინცის დაბრუნება და დამშვიდობება - ვიდეო“არ იცის გარჩევა შავის და თეთრის, ეშინია სინათლის მკვეთრის, სჯერა მარტო ჩემი – ერთადერთის, სიურპრიზი აქვს ჩემთვის, თარიღი ჩემი დაბადების, გარდაცვალების, მკვდარი რეპერების… ესემესს მწერს, სიკვდილს აპირებს…”, – ეს არის სიტყვები რეპერ აკაკი ბაბუნაშვილის, იგივე შავი პრინცის, უკანასკნელი კლიპიდან, რომელიც გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ჩაწერა. მუსიკოსი ამ სიმღერით დაუბრუნდა თავის მსმენელს და ამ სიმღერითვე დაემშვიდობა.

ქუთაისელი მომღერალი ქართულ შოუბიზნესში გასული საუკუნის 90-იან წლებში გამოჩნდა და მსმენელს სრულიად ახალი მუსიკა შესთავაზა – რეპი და ჰიპ-ჰოპი. ამიტომაც ამბობენ მასზე, რომ საქართველოში რეპისა და ჰიპ-ჰოპის ეპოქა შექმნა, მას ჰიპ-ჰოპის ქართველ ვარსკვლავს უწოდებდნენ.

აკაკი ბაბუნაშვილი 49 წლის იყო. მისი გარდაცვალების რეალურ მიზეზს გამოძიება დაადგენს, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, მომღერალი ფილტვების დახურვით გარდაიცვალა.

მუსიკოსის უკანასკნელ კლიპში ქუთაისელი ჟურნალისტი, ტელე და რადიოწამყვანი თეა ჩეჩელაშვილიც მონაწილეობს. ის და აკაკი ბაბუნაშვილი ახლო მეგობრები იყვნენ.

– თეა, იქნებ მოგვიყევით, რა აწუხებდა მუსიკოსს, რა პრობლემები ჰქონდა.

– პრობლემებზე საუბარი არ უყვარდა. უფრო თავისთვის, ჩუმად აგვარებდა. ბოლო პერიოდში მარტო გადავიდა საცხოვრებლად. ამბობდა, რომ ასე სამყაროს ემალებოდა და მარტოობაში შვებას პოულობდა. ვხურავ დარებებს, მუსიკას ვწერ და ჩემს სტიქიაში ვარო.

– გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ნახეთ. რაზე გესაუბრათ?

– კლიპის გადაღების იდეა გამანდო. აზრები გავუზიარეთ ერთმანეთს და მალევე შედგა გადაღება. “აფრენს” – ასე ჰქვია სიმღერას. აკოს მიაჩნდა, რომ კლიპი მას კარგად მოერგებოდა. გადაღებები ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში იყო, ძალიან მალე მოხდა ყველაფრის ორგანიზება, არც ერთი წუთი დაკარგულა. უხაროდა, ცოტას ნერვიულობდა, მოკლედ დიდ მოლოდინში იყო.

აკო ალბათ ყველაფერს გეგმავდა, გარდაცვალების გარდა. თუმცა სიმღერაში ისეთი ტექსტი დევს, რომ… ამას მერე მივაქციე ყურადღება.

– საზოგადოებამ ახლა უფრო ხომ არ დააფასა შავი პრინცი?

– საერთოდ ასე ხდება. მერე უფრო ხვდებიან ადამიანები, რომ მათ გვერდით დასაფასებელი პერსონები ცხოვრობდნენ. ერთ რამეს ყველა ერთსულოვნად აღიარებს, რომ შავმა პრინცმა საქართველოში რეპისა და ჰიპ-ჰოპის ეპოქა შექმნა. ის იყო ამ მიმდინარეობის დამფუძნებელიც და პროპაგანდისტიც.

“ქუთაისმა კოლორიტი დაკარგა, მე – ბავშვობის მეგობარი”, – დაწერა მსახიობმა სოფია სებისკვერაძემ ფეისბუქში და შავი პრინცი ასე გაიხსენა:

“ალბათ, რომ წაეკითხა ეს პოსტი, გაეღიმებოდა და რამეს მეტყოდა თავისნაირი კეთილი იუმორით. იმიტომ ვწერ, რომ იქნებ მართლა წაიკითხოს. იმის მეოთხედსაც კი არ ახმაურებდა, რასაც აკეთებდა. ჩუმი, კეთილი და ნიჭიერი მუსიკოსი იყო და არა არამარტო მუსიკოსი. ალბათ ვერც წარმოიდგენთ, მაგრამ კლასიკურ ნაწარმოებებსაც წერდა. ჰიპ-ჰობის და კორდებალეტის ელემენტებით ქორეოგრაფიულ სპექტაკლს დგამდა, რომელსაც “დასასრული” ერქვა.

მაშინ გავიცანი პირველად. მონაწილეობა შემომთავაზა. სკოლის მოსწავლე ვიყავი და სულ იქ, რეპეტიციებზე მინდოდა ყოფნა. მოკლედ, ჩემი თინეიჯერობის ყველაზე თბილი და ახლობელი ადამიანი დავკარგე.

ერთი თვის წინ დამირეკა. კლიპს იღებდა და თუ ჩამოხვალო, მითხრა. ვერ ჩავედი. ვაიმე, როგორ ვნანობ! ძალიან მიყვარს! ჩემი ბავშვობის ყველაზე მეამბოხე წლები წაიღო თან. შავი პრინცი დაირქვა, მაგრამ ჩემთვის სულ შურიკა იყო და ასე დარჩება ბოლომდე – კეთილ და ნათელ შურიკად. მიხარია, რომ ვიცნობდი”.

რადიოწამყვანი მირიან ჯეჯელავა აკაკი ბაბუნაშვილთან ბოლო შეხვედრას იხსენებს.

“ხანგრძლივი პაუზის მერე ახალი სიმღერით მოგვადგა რადიოში. რეზო კაკულიას უდიდესი ხელშეწყობით მოხდა მისი რეინკარნაცია. ფაქტობრივად, დააძალა სტუდიაში შესვლა და სიმღერის ჩაწერა. ეთერში რომ ვკითხე, ამდენი ხანი რატომ არ ჩანდი, სად გაქრი-მეთქი, მიპასუხა, დეპრესია მქონდა, ვერ გავუძელი ცხოვრების დარტყმებსო.

ძალიან სევდიანი იყო, გულჩათხრობილი, თან ნერვიულობდა, მაგრამ პატარა ბავშვივით უხაროდა ახალი სიმღერის პრემიერა. რაღაცებზე ვიცინეთ კიდეც და პირობა დადო, რომ ახალი სიმღერებით გაანებივრებდა მსმენელს. შეასრულა კიდეც”, – დაწერა ფეისბუქში მირიან ჯეჯელავამ.

ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, აკაკი ბაბუნაშვილი დაუკავშირდა და უთხრა, რომ სურდა, მისი ახალი კლიპის პრემიერა “ნანუკას შოუში” შემდგარიყო.

“არც ერთი წუთი მიფიქრია, დავთანხმებოდი თუ არა ადამიანს, რომელმაც ბნელ 90-იანებში სხივები შემოიტანა”, – დაწერა ნანუკამ სოციალურ ქსელში.

სამწუხაროდ, ეს პრემიერა მუსიკოსისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა. მან გადაცემაში თავის პრობლემებზე ისაუბრა.

– 10 წელი ეკრანზე არ გამოვჩენილვარ. რაღაცებმა გადამღალა და გადავწყვიტე, ყველაფერს გამოვთიშულიყავი და ვყოფილიყავი მარტო. მერე ეს მარტოობა გადამეზარდა დეპრესიაში. მინდოდა სულ სახლში. მუშაობაც კი არ მინდოდა.

ცუდად მოვექეცი საკუთარ ცხოვრებას. დედამიწას აქვს მიზიდულობის ძალა. მე მივიზიდე მარტოობა და დეპრესია და დამიბრუნდა უკან. გამეწელა ეს დეპრესია. 5-6 წელი გამიგრძელდა. ძალიან დავიღალე იმ ცხოვრებით, ასევე უახლოესი ადამიანები გარდამეცვალნენ და ჩავიკეტე.

რაღაცებს ვაკეთებდი, მაგრამ არ გამომდიოდა, ბოლომდე ვერ ვაკეთებდი იმას, რაც მიზნად მქონდა დასახული. გამოვიდა ისე, რომ დავიკარგე. ფეხით სიარულმა და ადამიანებმა გამომიყვანეს მდგომარეობიდან, – ასე ახსნა თავისი გაუჩინარება და დაბრუნება შავმა პრინცმა ტოქ შოუში.

ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე

შავი პრინცის უკანასკნელი კლიპის პრემიერა "რუსთავი 2"-ზე

შავი პრინცის – აკაკი ბაბუნაშვილის უკანასკნელი კლიპის პრემიერა "რუსთავი 2"-ზე

Gepostet von Rustavi 2 am Mittwoch, 6. Februar 2019