ეკო მაღრაძე: ,,აღარ მახსოვს, ბოლოს როდის მქონდა ქალური ემოციები”

ეკო მაღრაძე: ,,აღარ მახსოვს, ბოლოს როდის მქონდა ქალური ემოციები"ტელეჟურნალისტი ეკო მაღრაძე ყველაზე მძიმე ამბებს ყვება ხალისიან და პოზიტიურ გადაცემაში ,,დილა მშვიდობისა, საქართველო”. დილის ,,კურიერის” წამყვანს დილის 5 საათზე უწევს ადგომა, რომ ღამით მომხდარი ამბების შესახებ ინფორმაცია მაყურებელს მიაწოდოს.

ჟურნალისტის არანორმალურ რიტმს მისი ქმარიც ფეხს უწყობს. ექვსწლიანი თანაცხოვრების განმავლობაში ცოლის საქმიანობის გამო ერთხელაც არ დაუწუწუნია. ახლა კი ეკო შედარებით პასიურ სამუშაო რეჟიმზე გადაერთო, რადგან, როგორც თავად ,,სარკესთან” ამბობს, ახლა მისთვის პრიორიტეტი პირადი ცხოვრებაა.

– ეკო, დილის ,,კურიერის” წამყვანის ამპლუა ცოტა ხნის წინ მოირგეთ, მანამდე აქტიური რეპორტიორი იყავით. როგორ შეხვდით ახალ გამოწვევას?

დილის გადაცემაში საინფორმაციო ბლოკის წაყვანა ჩემთვის მართლაც ახალი გამოწვევა იყო. მიუხედავად იმისა, რომ დილითაც ,,კურიერია”, მაინც სულ სხვა სპეციფიკა აქვს. ქუჩის ჟურნალისტობა არის სულ სხვა რამ და სტუდიაში ინფორმაციის კითხვა – სულ სხვა. ერთ წელზე მეტი დილის ,,კურიერზეც” ვმუშაობდი და საღამოს “კურიერზეც”, მაგრამ პირადი საკითხების გამო საღამოს “კურიერს” დროებით ჩამოვშორდი და მხოლოდ დილით დავრჩი.

– ყოველთვის გამოირჩეოდით აქტიური სიუჟეტებით, კომპრომატებით შეიარაღებული ხშირად აკითხავდით იმ ჩინოსნებს, რომელთაც თქვენი დანახვა არ უნდოდათ. ასეთი მძაფრი ჟურნალისტიკაა თქვენი მისწრაფება?

– აქტიური ჟურნალისტიკა ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა. კინოჟურნალისტიკა დავამთავრე და, მიუხედავად იმისა, რომ კინოხელოვნება ძალიან მაინტერესებს, ზუსტად ვიცოდი, კინოკრიტიკოსად არასდროს ვიმუშავებდი. ჩემს მომავალს სწორედ ,,რუსთავი 2″-ის საინფორმაციო გადაცემა ,,კურიერში” ვხედავდი. ეს პროფესია ძალიან მიყვარს და მადლობა ოჯახს, რომ გვერდში მიდგას, მაძლევს საშუალებას, ჩემი საყვარელი საქმე ვაკეთო. ვმუშაობ ყველა თემაზე – პოლიტიკა, კრიმინალი, სოციალური საკითხები.

– ექსტრემალურ სიტუაციებში შიშს გრძნობთ თუ ადრენალინი შიშს გაკარგვინებთ?

მართლა არაფრის მეშინია, როცა ვიცი, რომ მაყურებელს უნდა მივაწოდო ის ინფორმაცია, რომელსაც ელოდება. ოჯახის წევრებს უფრო ვანერვიულებ, ვიდრე საკუთარ თავს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, გურჯაანში მიმდინარე მოვლენების დროს, დილის 9 საათიდან გვიანობამდე პირდაპირ ეთერში ვმუშაობდით. ამ დროს არც დაღლა მიგრძვნია და არც შიში.

– გაგვაცანით თქვენი ქმარი. როგორი სიყვარულის ისტორია გაქვთ?

– ჩემი მეუღლეა მამუკა ღლონტი, რომელიც პროგრამისტია და საკუთარი ბიზნესი აქვს. ოჯახი 6 წლის წინ შევქმენით. ისე აღმოჩნდა, არც ერთი ვართ რომანტიკული, ამიტომ ჩვენი სიყვარულის ისტორიაში არაფერია ისეთი, რაღაცით გამორჩეული რომ იქნებოდა. არც ხელის თხოვნაში იყო დიდი რომანტიკა.

– ალბათ ქორწილი მაინც იყო გამორჩეული.

– გამორჩეული იყო იმით, რომ ძალიან გავერთეთ. ვიწრო წრეში გავაკეთეთ და ყველაზე მაგრად გავერთე. ისეთი ქორწილი მქონდა, როგორზეც ვოცნებობდი, თავისი სადა კაბითა და ბევრი მხიარულებით. როცა გავთხოვდი, დილის გადაცემაში ჟურნალისტად ვმუშაობდი. ჩემი ქორწილიდან ერთი თვე დავისვენე და შემდეგ უკვე “კურიერში” დავიწყე მუშაობა.

– როგორ ახერხებთ, საქმე და დღის მოვლენები სახლში არ წაიღოთ და ოჯახი არ დატვირთოთ სამსახურის ემოციებით?

– ვცდილობ, სამსახურზე სახლში არ ვილაპარაკო, მაგრამ ხანდახან ამას ვერ ვახერხებ. რაც უნდა დაღლილი მივიდე სახლში, არ მეზარება, მთელი დღის გაკეთებული საქმეები ჩემს ქმარს მოვუყვე. ჩემი დღის ნაშრომს ძალიან ვრცლად და ემოციურად ვყვები. ამიტომ, როცა ჩემს ქმარს ვეკითხები, როგორი იყო მისი დღე, მისგან მხოლოდ ასეთ პასუხს ვიღებ: “ჩვეულებრივი”.

– როგორ შეაფასებთ თქვენი ოჯახური ცხოვრების ექვსწლიან პერიოდს?

– ერთმანეთზე ვართ გადაჯაჭვული, რადგან ვხვდებით, რომ ერთმანეთი რაღაც დოზით ძალიან გვჭირდება. ძალიან განსხვავებულები ვართ ბუნებით, მაგრამ სწორედ ამიტომ საოცრად ვაბალანსებთ ერთმანეთს. ჩემთვის ის არის იდეალური ურთიერთობა, როდესაც თავს ვგრძნობ ძალიან მშვიდად და ძალიან მყარად. სამსახურში “კურიერის” გუნდის ზურგი მაქვს, სახლში – ქმრის.

დამოუკიდებლად ვცხოვრობთ და სახლში ყველაფერი ჩვენი შექმნილია. არავინ არასდროს დაგვხმარებია და ეს შეგრძნება ძალიან მომწონს. ძალიან კარგია, როდესაც ორი ადამიანი ქმნის თავის ცხოვრებას.

მიიჩნევენ, რომ ჟურნალისტის ქმრობა ძალიან რთულია. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

– მეც ასე მგონია, რომ რთულია. მე რომ ჩემი ქმრის ადგილზე ვიყო, ალბათ დავსვამდი საკითხს, სხვა საქმე მეპოვა. ძალიან გამიმართლა, რადგან ჩემს პროფესიასთან პრეტენზია არასოდეს ჰქონია. წარმოიდგინეთ კაცის მდგომარეობა, როდესაც მისი ცოლი დილის 5 საათზე დგება და სამსახურში მიდის. სხვათა შორის, ის გრაფიკი, რაც ახლა მაქვს, იდეალურია იმასთან შედარებით, რაც მქონდა.

რა გაფხიზლებთ დილის 5 საათზე?

– მაღვიძარა. ასეთი წესი მაქვს, რომ მას მელოდიას ორ კვირაში ერთხელ ვუცვლი. დილით ძალიან ცუდად მოქმედებს ჩემზე ერთი და იგივე მელოდია, ამიტომ, ცუდ განწყობაზე რომ არ დავდგე, ხშირად ვცვლი. ღამე საშუალოდ სამი საათი მძინავს, რადგან გვიან ვიძინებ.

– როგორია დილის გადაცემის გუნდთან ერთად მუშაობა?

– მათთან ერთად მუშაობა ძალიან მომწონს. დილის მხიარულებაში მე ყველაზე სერიოზული როლი მაქვს. როცა დილით ასეთი ნიუსებია, რომ ვიღაც მოკლეს, გაგუდეს, დაწვეს, ააფეთქეს, ეს მუხტი თანაწამყვანებზეც გადადის და მათი ჯერი როცა დგება, სახალისო ინფორმაციებსაც კი ხანდახან ჩემნაირი სერიოზული სახით კითხულობენ. მე ვარ ერთადერთი ადამიანი, რომელსაც დილის გადაცემაში ყველაზე მძიმე ამბების მოყოლა უწევს.

– როგორ ახერხებთ, რომ იმ მძიმე ამბებმა, რომელთა მოყოლაც გიწევთ ეკრანზე, თქვენ არ შეგაწუხოთ?

– ჟურნალისტებს გამჯდარი გვაქვს, რომ ემოციები ავიცილოთ, მაგრამ, როდესაც ბავშვის გარდაცვალებას ეხება საქმე, იქ ყველაფერი სხვაგვარადაა. უბრალოდ ამ პროფესიამ მასწავლა ისიც, რომ საკუთარი ემოციები ყოველთვის უკან უნდა გადავიტანო.

– ქალური სისუსტეები თუ გახასიათებთ, მაგალითად, რაზე შეიძლება გული აგიჩუყდეთ?

– აღარ მახსოვს, ბოლოს როდის ვიტირე და რაზე მქონდა ქალური ემოციები. ამ პროფესიამ ისე გამომაწრთო, რომ ემოციები აღარ მაქვს. არადა სანამ აქტიური ჟურნალისტი გავხდებოდი, ძალიან ემოციურიც ვიყავი და ფილმებზეც ხშირად ვტიროდი. ჟურნალისტობამ ემოციურად გამაცია.

– როგორია თქვენი იდეალური რელაქსაცია?

– სახლში ყოფნა, დივანზე პლედში გახვევა და ჩაი. ერთადერთი, რაშიც “კაიფს” ვერანაირად ვპოულობ, ეს არის სამზარეულო და კულინარია. სახლზე ძალიან ვარ მიჯაჭვული, ალბათ იმიტომ, რომ სახლში ყოფნის მუდმივი დეფიციტი მაქვს. როგორც კი საქმეს ვამთავრებ, შინისკენ გავრბივარ. ხმაურიან წვეულებებს მაქსიმალურად ვერიდები.

– აღნიშნეთ, რომ თქვენ და თქვენი ქმარი რომანტიკულები არ ხართ, მაგრამ მაინც – რითი განებივრებთ ის?

– ყველაფრით მანებივრებს, რისი სურვილიც შეიძლება მქონდეს. ძალიან გაუმართლა, რომ ძვირადღირებული სურვილები არ მაქვს. როცა რამე მინდა, აუცილებლად ვამბობ და ისიც მალე მისრულებს. მიყვარს კარგი მანქანები და შესაბამისად მანქანაში კომფორტი. არასდროს მომინდება, ვიყიდო სამკაული. მან ჩემი ხასიათი იცის და ზუსტად იმას მჩუქნის, რაც მჭირდება.

ავთო ჩიტიძე, სარკე