ქმრისგან მძიმედ დაჭრილი თამარ ლომიძე საავადმყოფოში თავისი ფეხით მივიდა

ქმრისგან მძიმედ დაჭრილი თამარ ლომიძე საავადმყოფოში თავისი ფეხით მივიდა7 ჭრილობა მუცლის და  გულ-მკერდის არეში – სასიკვდილოდ დაჭრილი თამარ ლომიძე ამ დრომდე უმძიმეს მდგომარეობაში მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. 33 წლის ქალს სასტიკად ყოფილი მეუღლე გაუსწორდა. დანით შეიარაღებულმა შმაგი დოლიძემ ყოფილ ცოლს სილამაზის სალონში მიაკითხა, კოსმეტოლოგის კაბინეტში გაიყვანა და დანა შვიდჯერ ჩაარტყა, განსაკუთრებით მძიმეა გულის არეში მიყენებული ჭრილობა.

დანის შვიდჯერ დარტყმის შემდეგ, მსხვერპლი მოძალადეს გაექცა და დახმარება თანამშრომლებს სთხოვა. ამ დროსაც, სავარაუდოდ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი მეუღლე ცოლს დაეწია და დანა ისევ რამდენჯერმე მოუქნია, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მძიმედ დაჭრილი თამარ ლომიძე საავადმყოფოში თავად მივიდა, დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვის გამო კი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.

„ორი კვირა არ იქნებოდა, რაც დაცილებულები იყვნენ, თუმცა ეს ბიჭი მოდიოდა ჩვეულებრივად და სთხოვდა შერიგებას, მაგრამ წინააღმდეგი იყო ეს გოგო. მერე არანაირი ზედმეტი, ხმამაღალი საუბარი არ ყოფილა მაგათ შორის, უბრალოდ ბოლო ოთახში შეიყვანა და იქიდან უკვე ყვირილის ხმა რომ გავიგეთ, ვეღარ ვუშველეთ. მაგ ბიჭისთვის ჩხუბს მიზეზი არ ჰქონდა. ბოლო ორი დღის განმავლობაში ხშირად შემოდიოდა სალონში.

„ხუთი ჭრილობაც აქვს და მეტიც. თავის ფეხით გავიყვანეთ. მე თვითონ მოვკიდე ხელი და გავიყვანე, გავიქეცით საავადმყოფოში. ხელი რომ მოვკიდე უკვე და მოვითრიე ჩემკენ ეს გოგონა, ბიჭიც გავარდა უკვე… კამერები არ გვაქვს, მხოლოდ გარეთ არის ტოტალიზატორის კამერა და იქ ჩანს ყველაფერი, გარეთ გასვლის მომენტი,“ – ამბობს თვითმხილველი.

ცოლის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. მან დანაშაული აღიარა, მაგრამ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს.

რუსთავი 2