საქართველოში სოცმუშაკებს უამრავი პრობლემა ხვდებათ, ზოგჯერ საკუთარ სიცოცხლესაც საფრთხის წინაშე აყენებენ. სოციალურმა მუშაკმა ნანი მახათაძემ ,,კვირის პალიტრასთან” ასეთი შემთხვევა გაიხსენა:
– ნინო კობაიძე წლებია მათხოვრობს. ბავშვის დაბადების შემდეგ უკვე პატარასთან ერთად მათხოვრობდა და ამ ფულით ორ ოჯახს არჩენდა – თავისი ქმრის და მშობლების.
მისი მშობლები მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში ცხოვრობენ. საღამო იყო, რომ მივედით. ბებიას ხელში ეჭირა ბავშვი, რომელიც გაუჩერებლად ტიროდა. ირგვლივ საშინელი ანტისანიტარია იყო. რომ ვუთხარით, რომ ბავშვი უნდა წაგვეყვანა, ატეხა კივილი და ბავშვიანად მეზობელთან გაიქცა. ის მეზობელი გამოგვენთო, ჭიშკრის აქეთ არ გადმოხვიდეთო.
პატრული გამოვიძახეთ, საგამოძიებო სამსახურიც და ამ დროს სახლში ბავშვის ბაბუა დაბრუნდა. ახლა ის გადმოვიდა შეტევაზე, ჯერ ჩვენ გვემუქრებოდა მოკვლით, მერე იძახდა, თავს მოვიკლავ, ბავშვს თუ წაიყვანთო. ხელში დანა ეჭირა, ჯერ ჩემს კოლეგას, ქსენია ნაჭყებიას მოუქნია, არ იყო გამორიცხული, ასეთ გააფთრებულს მართლაც ჩაერტყა, ქსენიამ შეძლო გაქცევა, ამის შემდეგ ჯერ მუცელზე დაიდო დანა, მერე კისერზე და ბოლოს ფეხში მართლა ჩაირჭო… სასწრაფო გამოვიძახეთ, მაგრამ მსუბუქი ჭრილობა იყო და გადაყვანა არ დასჭირვებია.
– ამ წიოკის ფონზე გამოიყვანეთ ბავშვი? დედა სახლში არ იყო?
– დედას მეუღლე ბოშა ყავს და გვითხრეს ლოტკინზე ცხოვრობსო. ღამის 4 საათამდე ეძებდა დედას პოლიცია და 4 საათზე მოიყვანეს.
– თქვენ მის მოსვლამდე იქ იყავით?
– დილის 7 საათამდე იქ ვიყავით. სახლთან ველოდებოდით, რომ ბავშვი მალულად არ გაეყვანათ. 12 საათი ვდარაჯობდით, ბავშვი რომ არ გაეპარებინათ. პატრულს ამ ხნის განმავლობაში არ მივუტოვებივართ, სახლიდან გამოგვყარეს, საშინელ სიტყვებს გვეძახდნენ, მაგრამ მოთმინებით ვიტანდით ამას.
სასწრაფოს ექიმები რომ მოვიდნენ, ვთხოვეთ ბავშვიც გაესინჯათ, რადგან ძალიან ახველებდა. ბავშვს სიცხე ჰქონდა 38,5 გრადუსი – ბრონქების მწვავე ანთება დაუდგინდა. ამ ფონზე როგორ უნდა დაგვეტოვებინა იმ გაუსაძლის პირობებში. დილის 4 საათზე დედა რომ მოიყვანეს, მოკიდა ბავშვს ხელი და გამოგვიცხადა, რომ არ გამოგვატანდა, – ბებია ხვალ წაიყვანს ექიმთანო. თან ყვრიოდა, – ორი დღეა საჭმელი არ მიჭამიაო… ისტერიკები მოაწყო…
ამ დროს პოლიციელმა როგორღაც გამოართვა ბავშვი, ამის მერე უარეს დღეში ჩავარდა. გამომძიებელმა ხელში მომაჩეჩა ეს ბავშვი და მითხრა, შენ წინ წადი, მე უკან მოგყვები და ამათ მე მივხედავო. მანქანაში ჩავსხედით. მანქანას მუშტებს და ფეხების ურტყამდნენ. ორი დღეც რომ დაგვეტოვებინა ბავშვი, არ ვიცი, რა დაემართებოდა, შეიძლება მომკვდარიყო კიდეც სიცხიანი, გაუსაძლის პირობებში.
ექიმმა სიცხის დამწევი დაალევინა და გადავიყვანეთ მიმღებ ოჯახში, სოცმუშაკმა ქსენიამ და მიმღებმა ქალბატონმა აბანავეს, ერთი წლის ბავშვი საშინლად იყო დასვრილი, თან პატარა სულ ტილიანი იყო, თავი სასწრაფოდ გადახოტრეს. ასეთი რამე პირველად ვნახე, გადახოტრილი თავიც სავსე იყო ტილებით, კანში იყო ჩამჯდარი ტილები და პატარას სისხლს სწოვდნენ. აბანავეს, აჭამეს, სიცხემაც დაუწია და ჩაეძინა სითბოში პატარას. აწი მის ჯანმრთელობაზე ის ოჯახი იზრუნებს.
კვირის პალიტრა (ფოტო არ შეესაბამება მასალის შინაარს)

