ქალთა მოძრაობის ორგანიზაცია პარასკევს, 7 საათზე, კანცელარიის წინ 4 წლის ნინოს სამგლოვიარო აქციას მართავს.
„ვიკრიბებით, რათა გამოვიგლოვოთ 4 წლის ნინო, რომელიც ოჯახში ძალადობას ემსხვერპლა.
ნინოს სიკვდილზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა, რადგან ყველა შესაბამისმა სახელმწიფო უწყებამ იცოდა, რომ მას სცემდნენ, უყვიროდნენ და ატირებდნენ სისტემატურად. ამას ადასტურებენ მეზობლები, რომლებიც იძახებდნენ პოლიციას და სოციალურ მუშაკებს. დღეს ჯანდაცვის სამინისტრო უტიფრად ტყუის, რომ ამ ოჯახში პრობლემა არ არსებობდა და თავად კანონის შესაბამისად მოქმედებდნენ.
ამ ქვეყანაში ბავშვები ყველაზე დაუცველები არიან, მათ სცემენ და კლავენ საკუთარ ოჯახებში. სახელმწიფო კი მათ უგულვებელყოფს. საქართველოში ძირეულად შესაცვლელია ბავშვზე ზრუნვის სისტემა.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაასაჯაროოს საქმის მასალები; დაიწყოს გამოძიება საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ გულგრილობაზე; უფლებამოსილება შეუჩეროს პირებს, ვინც არაჯეროვნად მუშაობდა ამ ოჯახთან და დაიწყოს ძირეული რეფორმები ბავშვთა დასაცავად! გთხოვთ, თან მოიტანოთ ყვავილები და სანთლები”, – წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

