,,თავისუფალი თეატრის” საკმაოდ პროვოკაციული აფიშა გამოჩნდა, სადაც მსახიობ თამუნა ნიკოლაძეს შიშველი მკერდი უჩანს. ეს არის აფიშა ვანო ხუციშვილის სპექტაკლის ,,მუდამ ერთად”. მსახიობი თამუნა ნიკოლაძე ამბები.ჯი-ს ამ გამოწვევის შესახებ უამბობს.
თამუნა ნიკოლაძე:
-ამ სპექტაკლმა მასწავლა, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეტაპზე, აუცილებლად უნდა მიხედო საკუთარ თავს და არ უნდა დაგრჩეს გვერდით პირადი ცხოვრება. იოანა დის წასვლას გადაჰყვა, დის შეყვარებულს და გაიხლართა ამ სასიყვარულო სამკუთხედში. ბოლოს კი ჯანმრთელობის, სამუშაოს, პროფესიის, შვილის, ქმრის გარეშე დარჩა და 35 წლის ასაკში 35 წლის ფიტული აღმოჩნდა.
– წარმოდგენა +18-ია, არის საკმაოდ თამამი სცენები. ადვილად დათანხმდით ამას?
– ეს აუცილებელი იყო, თემამ მოითხოვა გაშიშვლებული სხეული გაშიშვლებულ ემოციებთან და გრძნობებთან ერთად. ამას ასე მარტივად და სხვა სპექტაკლში ვერ გავაკეთებდი და არ გავაკეთებდი, ვიმეორებ, ამის აუცილებლობა თემამ მოიტანა. გაშიშვლებული მკერდები, – ეს არის ერთ ქალად ქცეული 2 ქალი, – “შეუმდგარი” მკერდი, “შეუმდგარი” რძე, “შეუმდგარი” დედობა. უშვილოდ დარჩენილი ორი ქალის ბედი, – ამ ყველაფერს ასე შევხედე და ასე გავამართლე. სცენაზე პატარა ყვავილიც კი არ შეიძლება გაუმართლებლად დააგდო… ბევრს ჩემგან ეს სითამამე გაუკვირდა, რადგანაც საკმაოდ ჩაკეტილი და დისტანციური ადამიანი ვარ, ცოტა მეგობრიანი, ვინც მყავს, ისინიც – ამორჩევით. ასეთი ხასიათი მაქვს. ღმერთმა გვაჩუქა დედა, მამა, ბებია ბაბუა, და-ძმა, ხოლო მეორე ნახევრებს და მეგობრებს ვირჩევთ. ამიტომ, როცა გვეძლევა არჩევნის საშუალება, მინდა, ისეთი ავირჩიო, ვინც მინდა, რომ გვერდით მყავდეს. ჩემი, სიყვარულის და მეგობრობის ერთგულები.
– მათ, ვისაც სპექტაკლი ჯერ არ უნახავთ და აფიშას მოჰკრეს თვალი მიაჩნიათ, რომ აფიშა პროვოკაციულია…
– ვინც სპექტაკლს ნახავს, ასე აღარ მოეჩვენება და დარწმუნდება, რომ არის არშემდგარი ქალების ისტორია, თუ როგორ გაანადგურა ისინი სიყვარულის სამკუთხედმა, პოლიტიკურმა და სოციალურმა მდგომარეობამ. ამბავი რუმინულია და მისი ავტორი ანკა ვისდეია, მაგრამ გეგონება, ყველაფერი საქართველოში ხდება. ძალიან ჰგავს ქართულ პრობლემას. ქვეყნიდან წასვლა რატომღაც დიდი გმირობა ჰგონიათ, არადა, სამშობლოში დარჩენა უფრო დიდი გმირობაა, ამაზეცაა სპექტაკლი… არის კიდევ ერთი-ორი უხერხული სცენა და ცოტათი არ მომეწონება, თუკი მას ჩემი მოსწავლეები ნახავენ. ამიტომაც არის წარმოდგენა +18.
ლალი ფაცია, ამბები.ჯი
