დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაღუპულ დებს, ნათია და ნინო ციცვიძეებს და ნათიას პატარა ბიჭუნას მთელი საქართველო გლოვობს. მეგობრები მათ დიდი სითბოთი იგონებენ.
დარეჯან კვანჭიანი, ნათია ციცვიძის კოლეგა:
– 25 წლის იყო ჩვენთან რომ მოვიდა, ლამაზი, ცისფერთვალება გოგონა, რომელიც ულამაზეს მოგონებად დარჩება. მერე სხვა სკოლაში გადავიდა სამუშაოდ, მეც წამოვედი იმ სკოლიდან, მაგრამ ურთიერთობა არასოდეს გაგვიწყვეტია. ისტორია-გეოგრაფიული ჰქონდა დამთავრებული, ჩემს სკოლაში გეოგრაფიას ასწავლიდა, მერე ქართულ-ამერიკულ სკოლაში გადავიდა და იქ ისტორიას ასწავლიდა.
ნაკლს ვერ მოუძებნიდი ნათიას, იყო მშვიდი, გაწონასწორებული, კეთილმოსურნე. ღიმილიანი, კეთილგანწყობილი ყველას მიმართ. ლამაზი ცისფერი თვალები ჰქონდა და სულ სიყვარული იფრქვეოდა მისი თვალებიდან… სამი დები იყვნენ და ერთი პატარა ძმა ჰყავდა, მასზე, მგონი, 10 წლით პატარა იყო და დედასავით ზრუნავდა თავის ძმაზე. მერე ოჯახი შექმნა, შვილები ჰყავდა, კარგი მეუღლე და ბედნიერი იყო. მისი და ნინო უცხო ენის სპეციალისტი იყო.
.
ნიკოლოზ ჩადუნელი პარიზის ჟან დეკურის სასწავლებლის სტუდენტია, რომელსაც ფრანგულ სკოლაში ნინო ასწავლიდა გერმანულს. ნიკოლოზს ძალიან უყვარდა თავისი მასწავლებელი, როგორც მან დედას უამბო, იმ დროს, როცა აქ ეს საშინელი აფეთქება მოხდა, პარიზში ფაქტობრივად ხილვა ნახა, რომლის შესახებაც დედას მისწერა:
,,ნინოს ძალიან ვუყვარდი და მეუბნებოდა, წარმატებული რომ გახდები, არ დამივიწყოო. ხმა არასოდეს აუწევია. ლექციებს შორის შუალედი იყო, ჩამთვლიმა და დამესიზმრა, რაღაც სახლში ვიყავი, კარი გამოვაღე და აფეთქება მოხდა. წამოვხტი ეგრევე, ჯგუფელებმა მკითხეს, რა მოხდაო, მერე გავიგე, რომ ზუსტად იმ დროს მოხდა იქ აფეთქება და ჩემი საყვარელი მასწავლებელი დაიღუპა. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი იყო. ძალიან მიჭირს”.
ნინოს მეუღლე ჰყავდა, მაგრამ შვილი არ ჰყოლია. ის ნათიაზე უფროსი იყო. გოგონებს მამა ადრე გარდაეცვალათ. დედა სურამში ცხოვრობს. ნათიას ბავშვობის მეგობარი მორის დანდურაშვილი იხსენებს:
-ნათია ჩემი მეგობარი იყო, ბავშვობა ერთად გვაქვს გატარებული. მამა ადრე გარდაეცვალათ. ძალიან განათლებული ოჯახი აქვთ, ნიჭიერები და წარმატებულები იყვნენ დედმამიშვილები. გოგოებს საოცრად კარგი დედა ჰყავთ, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შვილებისთვის საუკეთესო განათლება მიეცა.
.
ტრაგედიის მსხვერპლებს ექსპერტიზა ჩაუტარდათ და მათი ცხედრები 17 იანვარს სახლებში გადაასვენეს. ნათია ციცვიძე და მისი პატარა ბიჭუნა, ნიკოლოზი, ვერაზე, მაყაშვილის ქუჩაზე იმ სახლში დაასვენეს, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. ნინო ციცვიძე კი დიდ დიღომში გადაასვენეს. როგორც ამბობენ, დაღუპულებს 19 იანვარს ქაშუთის ტაძარში გადაასვენებენ და იქ გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდი, გამოსვენება კი 20 იანვარს მოხდება.
კვირის პალიტრა

