პატარა ნინოს, რომელიც გარდაცვლილი ნახეს, მთელი საქართველო გლოვობს. მისი ხანმოკლე ცხოვრება დაბადებიდან ტრაგიკული იყო. ის დღენაკლული დაიბადა. ერთი თვიდან 4 წლამდე ბიოლოგიურ დედასთან კი არა, მიმღებ ოჯახში იზრდებოდა. მას ქალბატონი ირინა და მისი მეუღლე შვილივით ზრდიდნენ. ქალბატონი ირინა ამბობს, რომ ნინო დამჯერი, ჭკვიანი ბავშვი იყო და არც ჯანმრთელობის მნივნელოვანი პრობლემა ჰქონია – მას ნული ფორმის რაქიტი ჰქონდა.
ქალბატონი ირინა: ,,ნინო არც აგრესიული იყო, როგორც ამას ამბობენ, პირიქით – ძალიან თბილი და მოსიყვარულე იყო. სამწლინახევრამდე ბავშვს რომ გაზრდი და მასზე მზრუნველობ, უკვე საკუთარი შვილივით გყავს და ეს ჩემი ოჯახის ძალიან დიდი ტრაგედიაა, ამ ამბავს როგორ გადავიტან, არ ვიცი…
ვერ ვიტყვი, რომ გონებაშეზღუდული იყო. უბრალოდ, ნინო დღენაკლული იყო, პატარა წონის დაიბადა და ნელ-ნელა ეწეოდა მის ასაკს, ფეხიც გვიან აიდგა, თანდათან დავაყენეთ ფეხზე. თავიდან დახოხავდა, მაგრამ ახლა დარბოდა.
ნინოს თავის დაბანა არ უყვარდა, მაგრამ თვალზე ხელს ვადებდი, რომ წყალი და საპონი არ ჩასვლოდა და გავდიოდით იოლად. ტანის დაბანაზე კი გიჟდებოდა, ისე უყვარდა. აბაზანაში სათამაშოებს ჩავუყრიდი და საათობით შეეძლო იქ ჯდომა.. ამ ნოლისებური რაქტის გამო, მას დანიშნული ჰქონდა ზღვის მარილის აბაზანები და ამიტომ დიდხანს მყავდა წყალში. თამაშობდა და უხაროდა. წყალს სადაც დაინახავდა, ონკანთან გამექცეოდა, წყალს უშვერდა ხელებს და პირზე ისვამდა, იცინოდა და კისკისებდა..
ბავშვი სითბოსა და სიყვარულში იზრდებოდა, იყო ჩვეულებრივი ოჯახის შვილი. ის იგივე ჩემი შვილი იყო და მე ვარ დღეს მისი ჭირისუფალი, ძალიან მიმძიმს”, – ,,კვირის პალიტრა”.
აღმზრდელი მამა: „ერთად ვჭამდით, ვასეირნებდი, დავდიოდით ერთად, ისე იცინოდა გულიანად, იმის იოლად ყურება არ შეიძლებოდა. გაოცებული ვარ, რატომ როგორ რა მოხდა, არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით. ნამდვილად არ ველოდი ასეთ ამბავს. ძალიან გულიანი ბავშვი იყო, სიცოცხლე უყვარდა,“ – ნიუპოსტი.

