ნინი შერმადინი: “მიმტანადაც ვიმუშავე, მოხუცის მომვლელადაც და ძიძადაც – ისეთი ძლიერი გოგო ვარ, ჩემზე ძლიერი ბიჭი ჯერ არ მინახავს”

ნინი შერმადინი: "მიმტანადაც ვიმუშავე, მოხუცის მომვლელადაც და ძიძადაც - ისეთი ძლიერი გოგო ვარ, ჩემზე ძლიერი ბიჭი ჯერ არ მინახავს”მომღერალი ნინი შერმადინი 6 წელია ამერიკაში ცხოვრობს და საქმიანობს. ამ ხნის განმავლობაში წელს პირველი შემთხვევაა, როცა თავს უფლება მისცა და 6 თვე დარჩა სამშობლოში. ამით ერთადერთი შვილის, ახლობლების მონატრება, დანაკლისი შეივსო, რეპერტუარიც ახალი სიმღერებით გაამდიდრა.

– ნინი, როგორ განწყობაზე ხართ?

– გადასარევზე. საქართველოში ეს 6 თვე ჩემთვის ძალიან პროდუქტიული იყო, რამდენიმე ახალი სიმღერა ჩავწერე და უამრავი დადებითი ემოცია მივიღე. ოთხი საკუთარი სიმღერა ჩავწერე, ორი კლიპი გადავიღე. ყველა ჩემი კლიპი ზურა ქირიას ეკუთვნის, ჩემი უახლოესი მეგობარი, ძალიან ნიჭიერი რეჟისორია. ერთ-ერთი სიმღერა გერმანიაში მცხოვრებ ბექა მაჩიტაძესთან ერთად ჩავწერე. ჩვენი დუეტის დებიუტი საქართველოში შედგება.

– ნახევარწლიანი წყვეტის შემდეგ ამერიკაში ყველაფრის თავიდან დაწყება ხომ არ მოგიწევთ?

– არა, იქ იმ დონეზე დავიმკვიდრე თავი, რომ სამსახურის შოვნა არ გამიჭირდება. მელოდებიან, რა წუთსაც ჩავალ, მაშინვე მუშაობას დავიწყებ.

– ამერიკაში ემიგრანტის ცხოვრება აქედან გაცილებით ნათელ ფერებში ჩანს, ვიდრე რეალურად არის. “სარკესთან” ხშირად ყვებიან იქ ჩასული ქართველები, რა მძიმე გზა გაიარეს, ბევრმა ვერც გაუძლო. თქვენი ამერიკული ისტორია როგორია?

– 6 წელია, რაც ამერიკაში ვცხოვრობ და ამ ქვეყანამ ბევრი რამ შემძინა.

თავიდან ყველა სამსახურში ვცადე ბედი. ამერიკაში 200 დოლარით ჩავედი. აბსოლუტურად უცხო ქართველი ემიგრანტები დამიდგნენ გვერდით, სრულიად უსასყიდლოდ მიწყობდნენ ხელს ახალი ცხოვრების დაწყებაში. მთელი სიცოცხლე ამ ხალხის მადლიერი ვიქნები. მიმტანადაც ვიმუშავე, მოხუცის მომვლელადაც, ძიძადაც. ამ ბოლო ორი სამსახურიდან გამომიშვეს, ეს საქმე არ იციო.

მიმტანად რომ დავიწყე მუშაობა, მეორე დღესვე დამემსხვრა ჭიქები და თეფშები, სიმძიმეების აწევას არ ვიყავი მიჩვეული… მერე გაჩნდა კითხვა, რა აზრი ჰქონდა ამერიკაში დარჩენას, მაგრამ საკუთარ თავს ვუთხარი, შენ საქართველოში არ წახვალ-მეთქი.

ყველაფერი გავაკეთე საკუთარი თავის დასამკვიდრებლად. დავიწყე ენის შესწავლა, კასტინგებზე სიარული, მაგრამ ყველა კასტინგზე ითხოვდნენ, რომ მწვანე ბარათი და მუშაობის უფლება მქონოდა.

ადვოკატმა ლევან ნაცარიშვილმა გამიკეთა საბუთები, საელჩოში ყველა დაარწმუნა, რომ ჩემთვის მწვანე ბარათი უნდა მოეცათ.

არ შემიძლია, უღრმესი მადლობა არ გადავუხადო მიხეილ სააკაშვილს. მან დამიწერა სარეკომენდაციო წერილი, რამაც ფაქტობრივად გადამწყვეტი როლი ითამაშა. ერთადერთი მომღერალი ვიყავი, რომელსაც რეკომენდაციას საქართველოს პრეზიდენტი უწერდა. სამუშაო ვიზა რეკორდულ დროში მომივიდა.

– როგორც ვიცი, პროექტში “ცეკვავენ ვარსკვლავები” გიწვევდნენ. რატომ თქვით უარი?

– ეს პროექტი დიდ შრომას მოითხოვს, თუ დაიწყებ, თავი უნდა მიუძღვნა. შემოთავაზება იყო, მაგრამ დროის ფაქტორის გამო ვერ შევთანხმდით. პასუხისმგებლობის დიდი შეგრძნება მაქვს და თავს ვერ გავიმაიმუნებდი.

– ამბობენ, რომ ჰონორარზე ვერ შეთანხმდით.

– ჰონორარზე ნამდვილად იყო ლაპარაკი. მათგან არ ყოფილა უხეში უარი, ჩემი პირადი მიზეზი იყო, მე ვერ ვიქნებოდი სტაბილური. ეს ტელეკომპანია ძალიან მიყვარს და გული მწყდება, რომ ჩვენი თანამშრომლობა არ შედგა.

– 6 წელი შვილის გარეშე გაატარეთ. ხომ არ ნანობთ შვილთან ხანგრძლივ განშორებას?

– ამას ძალიან ვნანობ. მთელი ცხოვრება ეს იქნება ყველაზე დიდი ტკივილი. მარიამი უჩემოდ იზრდებოდა. სკოლა რომ იწყებოდა, უჩემოდ მოწყენილი იყო. ზეიმებზე, კონცერტებზე უჩემოდ მიდიოდა. ინტერნეტით მიმღეროდა, მაჩვენებდა, ამა თუ იმ გამოსვლისას რა უნდა ჩაეცვა.

თითოეული მისი წერილი, რომელსაც ამერიკაში მიგზავნიდა, იყო ძალიან ემოციური. თოვლის ბაბუას ეხვეწებოდა, რომ შემდეგი ახალი წელი დედასთან ერთად გაეტარებინა. ეს იმდენად მწარეა, რომ ვერ გადმოგცემთ!

არავინ მყოლია გვერდით, ვინც ოდნავ მაინც ხელს წამიკრავდა და დამეხმარებოდა. ყველაფერს ჩემით მივაღწიე. უკვე 15 წელია ხალხი მიცნობს და რამეს თუ წარმოვადგენ, მხოლოდ ჩემი დაუღალავი შრომის შედეგია. ყველაზე მეტად იმით ვამაყობ, რომ წარმატებას ჩემი ნიჭიერების, პატიოსნებისა და შრომისმოყვარეობის ხარჯზე მივაღწიე. უკან მოხედვის არ მრცხვენია.

მარიამის გამო ბევრი რამ გავაკეთე, ის უკვე 10 წლისაა და შეუძლია ჩემთან ერთად წამოვიდეს ამერიკაში, იქ იცხოვროს და ისწავლოს და ასეც ვგეგმავთ.

– არ დადგა ოჯახის ხელმეორედ შექმნის დრო?

– იცით, რა? ყველა გოგოსთვის და მით უფრო ჩემნაირი ტიპაჟისთვის, ოჯახი არის უმთავრესი, საოცნებოც კი, რომ ჰყავდეს გვერდით მამაკაცი, რომელსაც დაეყრდნობი, იქნება ჩემზე ძლიერი, მაგრამ ისეთი ძლიერი გოგო ვარ, ჩემზე ძლიერი ბიჭი ჯერ არ მინახავს.

იმხელა ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს, იმდენჯერ მეტკინა, იმდენჯერ გავუმკლავდი პრობლემებს მარტო, რომ პიროვნულად შემდგარი ვარ. ასე რომ, ადამიანი, რომელიც გვერდით მეყოლება, აუცილებლად უნდა იყოს ჩემზე უფრო შემდგარი და წარმატებული.

– და არ გყავთ ასეთი მამაკაცი გვერდით?

– არ მყავს, თორემ არ დაგიმალავდით, არადა ნამდვილად მინდა, რომ მყავდეს. მარტო კარგად ვარ, მაგრამ ვისურვებდი, გვერდით მყავდეს საყვარელი ადამიანი, რომელსაც ვეყვარებოდი, მეყვარებოდა, გვექნებოდა ოჯახი, გვეყოლებოდა შვილები.

 ლანა კიკნაძე, სარკე