ნაილი გამეზარდაშვილი: “ერთხელ პოლიციის საპირფარეშოში ჩამკეტეს” – პოლიციელი ქალი კოლეგებს სექსიზმში ადანაშაულებს

პრესით, ტელევიზიით, სოციალური ქსელებით ხშირად ვრცელდება ინფონაილი გამეზარდაშვილი: "ერთხელ პოლიციის საპირფარეშოში ჩამკეტეს" - პოლიციელი ქალი კოლეგებს სექსიზმში ადანაშაულებსრმაციები სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციაში ხელმძღვანელობის თუ კოლეგების მხრიდან თანამშრომელთა უფლებების დარღვევის, მათი ფსიქოლოგიური თუ სექსუალური შევიწროების შესახებ. როგორც წესი, ამაზე სამართალდამცავები და შესაბამისი უწყებები რეაგირებენ, დავა ხშირად სასამართლოში გრძელდება.

ამჯერად კი უფლებების შელახვასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე თავად პოლიციელი ქალი ალაპარაკდა, რომელიც აცხადებს, რომ წლების განმავლობაში სამსახურში ის ფსიქოლოგიური ტერორის, არაადამიანური მოპყრობისა და ღირსების შემლახავი ქმედებების მსხვერპლია.

ნაილი გამეზარდაშვილი ქუთაისის პოლიციის მე-4 განყოფილებაში მუშაობს. მას სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი. თუ ვის უჩივის კონკრეტულად და რატომ, ამის შესახებ “სარკეს” უამბობს:

– 1998 წლიდან ვმუშაობ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2009 წლიდან კი ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ვარ. 2011 წელს მოულოდნელად ხელმძღვანელმა გამათავისუფლა. მიზეზები იმდენად აბსურდული და გაუგებარი იყო, რომ 2014 წელს სასამართლომ თანამდებობაზე აღმადგინა.

25 თვე უმუშევარი ვიყავი და მოყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით სასამართლოს მივმართე. მიმდინარეობს განხილვა ჩემთვის მოყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე. არ ვიცი, რატომ, მაგრამ პოლიციის განყოფილებაში მუშაობა ფსიქოლოგიური ზეწოლების და უკიდურესი შეურაცხყოფის ფონზე მიხდება.

– რა სახის ზეწოლა ხორციელდება თქვენზე კოლეგების მხრიდან?

– ისინი მამცირებენ, ღირსებას მილახავენ, მაყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, მემუქრებიან ცემით. ადრე სულელს და გიჟსაც მეძახდნენ, რასაც სისტემატური ხასიათი ჰქონდა. ასევე უფროსის მხრიდანაც დაფიქსირდა ძალადობის ფაქტი. ეს ყველაფერი ხდება მიზანმიმართულად, განზრახ. ასევე მექცევიან გამომწვევად, პროვოკაციულად, რათა თავზე კონტროლი დავკარგო და რაიმე სახის ისეთი არაადეკვატური საქციელი, ქმედება ჩავიდინო, რომ ან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამომაწყვდიონ, ან ციხეში.

ასევე ვიყავი არასწორი მზერის, სექსუალური შევიწროების, ადევნების მსხვერპლი, როგორც თვით ზოგიერთი პოლიციის ხელმძღვანელ და კოლეგა პოლიციელთა, ასევე მათგან წახალისებულ და მხარდაჭერილ მოქალაქეთა მხრიდან.

ეგ კი არა, ერთხელ თავისუფლება უკანონოდ აღმიკვეთეს და პოლიციის საპირფარეშოში აბსურდული მიზეზის გამო ჩამკეტეს. კიდევ არ მინდა იმ დეტალების მოყოლა, რაც აღნიშნულ ორგანოში ხორციელდება ჩემ მიმართ.

– როგორ ფიქრობთ, რატომ გეპყრობიან ასე კოლეგები, რა ამოძრავებთ მათ თქვენ წინააღმდეგ?

– მე ვფიქრობ, რომ ზოგიერთი ხელმძღვანელი პირი და კოლეგა პოლიციელები იმიტომ მეპყრობიან ასე, რომ ვარ სამართლიანი, პატიოსანი, კოლეგიალური, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შემსრულებელი, არამართვადი, მათთვის დაუმორჩილებელი, როგორც ქალი პოლიციელი.

თქვენ არ იცით, მე რა სტრესში მიწევს მუშაობა. პროფესიული საქმიანობის შესრულება შეურაცხყოფისა და დამცირების ფონზე მიხდება. ასევე ჩემ მიმართ აქვთ უნდობლობის ატმოსფერო შექმნილი, რადგან არასანდრო და არასაიმედო კოლეგა პოლიციელად მთვლიან. მე მიჩნდება კითხვა, თუკი ასეთი ვარ, მაშინ რატომ ვმუშაობ სამართალდამცავ ორგანოში? დამისაბუთონ, კონკრეტულად რა საფრთხის მატარებელი ვარ და შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას, ეს ინფორმაცია მიაწოდონ.

– თქვენ სასამართლოში სარჩელი გაქვთ შეტანილი. რას მოითხოვთ და ვის წინააღმდეგ არის ეს სარჩელი?

– სარჩელში ვითხოვ იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, რადგან უკანონოდ და უსაფუძვლოდ ვიყავი დათხოვილი პოლიციიდან. ასევე ვიყავი ღირსებაშელახული, რადგან ჩემმა მაშინდელმა ხელმძღვანელებმა შეთხზეს ისტორია, თითქოს გიჟი ვარ და მე არ უნდა ვმუშაობდე პოლიციაში. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის და ასევე სხვა მაღალი რეპუტაციის მქონე ექსპერტიზის ჩატარებისა და ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური უწყების შემდეგ სასამართლოსაც და ჩემს ხელმძღვანელობასაც დავუმტკიცეთ, რომ არანაირი ფსიქიკური პრობლემები არ მაქვს და ვარ პრინციპული ქალი პოლიციელი, რომელიც რატომღაც არ მოსწონთ.

ჩემი უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით ყველა კომპეტენტურ უწყებაში დაწყებულია გამოძიება და მიმდინარეობს პროცესი, მაგრამ, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, დღემდე დაზარალებულის სტატუსი არ გამაჩნია.

– ვინ უნდა მოგანიჭოთ ეს სტატუსი?

– იქიდან გამომდინარე, რომ ჩემ წინააღმდეგ ჩადენილია სამოხელეო დანაშაული, კანონის შესაბამისად, ეს საქმე მთავარმა პროკურატურამ უნდა გამოიძიოს. ისინი კი აქამდე არ დაინტერესებულან.

– გყავთ ოჯახი, ქმარ-შვილი?

– ოჯახის შექმნა ვერ მოვახერხე. მხოლოდ იმიტომ არა, რომ მამაკაცები გაურბიან ქალ პოლიციელებს ან მატერიალურ გაჭირვებას განვიცდი, ამ მიზეზების გარდა ისიცაა, რომ მუდამ საქმეზე ვიყავი გადართული და ჩემს პროფესიაში ბოლომდე ვიხარჯებოდი. მიყვარს ის საქმე, რომელსაც უკვე თითქმის 20 წელია ვემსახურები.

სამწუხაროდ, სამართალდამცავ სისტემაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ეს არ სიამოვნებთ. ამ სისტემამ ცხოვრება დამინგრია და სისტემის მსხვერპლი გამხადა.

ჩემი ოცნება არის ის, რომ თუკი თქვენს ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ დაინტერესდება ჩემი უწყების პირველი პირი, მზად ვარ მასთან შესახვედრად და ყველაფერს მოვუყვები, რაც ისევ სისტემას წაადგება.

როგორ დასრულდება სამართლებრივი დავა პოლიციელის ქალის მიმართ, მომავალი გვიჩვენებს. ნაილი გამეზარდაშვილი აპირებს, თავისი უფლებების დასაცავად სასამართლოს ყველა ინსტანციას მიმართოს.

პოლიციელი ქალის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების პრესსამსახურში ჟურნალ “სარკეს” განუცხადეს, რომ ნაილი გამეზარდაშვილმა სამართალდამცველების გადაცდომის ფაქტზე გენერალურ ინსპექციას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა ფაქტების გადამოწმების შემდეგ მსგავსი რამ – პოლიციელის გადაცდომა – ერთხელაც არ დაფიქსირებულა.

ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე