4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე კითხვები ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. გუშინ დააკავეს ბავშვის დედა, რომელსაც გამოძიება შემაკევებელი ორდერის დარღვევას ედავება. მეზობლების თქმით კი, ის შვილს ხშირად სცემდა და გარდაცვალების მიზეზიც სავარაუდოდ ეს გახდა.
ბლოგერი ნინა ილურიძის თქმით, 6 იანვარს იაშვილის კლინიკაში იმყოფებოდა და საკუთარი თვალით იხილა სასტიკად ნაცემი პატარა გოგონა, რომელიც საავადმყოფოში ექიმებმა შეიყვანეს. 22 იანვარს გარდაცვლილი ბავშვის ფოტოზე კი სწორედ ის პატარა ამოიცნო, რომელიც შობის წინა დღეს შოკურ მდგომარეობაში ნახა.
ბლოგერი ამბები.ჯი-ს უყვება:
-სოციალურ ქსელში ვნახე ამ ბავშვის ფოტო და ვიცანი, თუმცა იქამდეც მივხდი, რომ მასზე იყო საუბარი. დაახლოებით ორი კვირის წინ ჩემი ძმისშვილი მივიყვანეთ იაშვილის კლინიკაში და ზუსტად მაშინ ვნახე, რომ შემოიყვანეს დაახლოებით 4 წლის გოგონა. იყო საშინელ მგომარეობაში.
იქ ვინც იყო და ნახა, ყველა შოკში ჩავარდა. ამას ნაცემიც აღარ ერქვა, ეს იყო წამება. თან არამარტო იმ დღის დაზიანებები ეტყობოდა… მთელი სახე ჰქონდა საშინელ მდგომარეობაში, ზოგი იყო ლურჯი, ზოგან წითელი ფერის დაზიანება. გრძელმკლავიანი ეცვა, ამიტომ არ ვიცი, სხეულის დანარჩენი ნაწილი რა მდგომარეობაში ჰქონდა. გაბურძგნული თმა და სახე ნამდვილად ვნახე.
ეტყობოდა, რომ გაჭირვებული ოჯახიდან იყო და სხვისი ნაცვამი ტანსაცმელი ეცვა… რით სცემდნენ, ვერ მივხდი, ჩარტყმები ეტყობოდა. მთელი სახე ჰქონდა გაუბედურებული და გარწმუნებთ, ეს არ იყო ერთი დღის გაკეთებული!
ბავშვი სასწრაფომ მოიყვანა, ხელში აყვანილი გადმოიყვანეს ექიმებმა. კლინიკის დაცვის ბიჭს ვკითხეთ, რატომ არავინ ახლდა ბავშვს და მან გვითხრა, დედამ სცემა და დედამისი პატრულმა დააკავაო.
გოგონა მიმღებში ეჯდათ ექიმებს და პატრონობდნენ. ბავშვი გაოგნებული, მობუზული იჯდა, შოკირებული იყო. აღარაფერი რომ არ ადარდებს, ისე გამოიყურებოდა… მე მგონი გათიშულიც კი იყო ამ ყველაფრისგან. ამ ბავშვის უკან, სახლში მიბრუნება როგორ შეიძლებოდა?!

