28 წლის კონსტანტინე ჯანაშია მსოფლიოში სიძლიერით მესამე ადამიანია. ქუთაისელი ახალგაზრდა ამერიკული სპორტით, სთრონგ მენით, 10 წლის წინ დაინტერესდა და უკვე ბევრ წარმატებასაც მიაღწია. სპორტის ეს სახეობა, რომლის სახელიც ქართულად ითარგმნება, როგორც ძლიერი კაცი, ევროპასა და ამერიკაში ძალიან პოპულარულია და ქართველ კონსატანტინესაც უცხოეთში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს.
საქართველოში კი ის საზოგადოებამ პირველად პროექტ “ნიჭიერიდან” გაიცნო, როცა თვითმფრინავი გაათრია და ჯიპი ამოატრიალა.
უძლიერესი მამაკაცი გვიყვება, რომ სპორტის ამ სახეობაში საკუთარი თავის წარმოჩენას იმ შემთხვევაში შეძლებ, თუ არაადამიანური ძალა გაქვს და გიგანტური ზომისა და ფორმის სხვადასხვა საგნების ხელში აწევა ან გადაადგილება შეგიძლია.
– კონსტანტინე, მოგვიყევით სპორტის ამ სახეობის შესახებ. საქართველოში სტრონგმენზე ბევრი არაფერი იციან.
– სპორტს, რომელსაც უკვე თითქმის 10 წელია თავი მივუძღვენი, უძლიერესი მამაკაცი, ანუ სთრონგ მენ ჰქვია. ეს არის სპორტის სახეობა, რომელიც 70-იანი წლებიდან გაჩნდა ამერიკაში და შემდგომ ევროპის ქვეყნებში განვითარდა. საქართველოში 2009 წლიდან შემოვიდა და ამ წლიდანვე ვარ ფედერაციაში.
ბავშვობიდან სხვადასხვა სპორტის სახეობით ვიყავი დაინტერესებული. ბოლოს დავდიოდი რაგბიზე. როგორც კი უძლიერესი მამაკაცის შესახებ გავიგე, თავიდანვე დავინტერესდი და ჩავერთე ამ სპორტში.
– რა მიღწევები გაქვთ?
– მოყვარულებში ვარ ორგზის ევროპის – “არნოლდ კლასიკის” – ჩემპიონი. მეოთხე წელია, პროფესიონალებში ვარ ევროპის მსოფლიოს პრიზიორი, აგრეთვე მსოფლიო რეკორდსმენი.
– რა ხიბლი აქვს სპორტის ამ სახეობას?
– ამ სფეროში მეტ ენერგიას ვხარჯავ. ვფიქრობ, ბოლომდე ვერც ერთ სახეობაში დავიხარჯებოდი ისე, როგორც აქ.
– სახელმწიფო ინტერესდება თქვენით, არის ხელშეწყობა?
– სახელმწიფოსგან დაფინანსება არ გვაქვს, ქუთაისის მერია და ქუთაისის სპორტის სამსახური (ააიპი) გვეხმარება, ფართის ქირას და კომუნალურებს გვიხდიან. რაც შეეხება ხელფასებს და მგზავრობის ხარჯებს, სახელმწიფოსგან დაფინანსება არ გვაქვს.
– ანუ თქვენი ხარჯებით არსებობთ?
– არა. მე მსოფლიოს ფედერაცია მაფინანსებს, რადგან პროფესიონალი სტრონგმენი ვარ. მსოფლიოს რეიტინგით სამეულში შევდივარ.
– ამ სამეულში ვინ არიან თქვენთან ერთად?
– პირველზე ადგილზე არის ისლანდიელი სპორტსმენი, რომელიც სერიალ “სამეფო კარის თამაშებში” მონაწილეობს, დედოფლის დაცვის როლშია. მეორე ადგილზე ამერიკელი სპორტსმენია, მესამეზე მე ვარ.
– ქართველი ხარი – ასე გიწოდებენ მსოფლიოში. ვინ შეგარქვათ ეს სახელი?
– ამერიკაში, ერთ-ერთ დარბაზში შემარქვეს, როდესაც ნიუ ჯერსის ჩემპიონი გავხდი. ნიუ ჯერსის რეკორდი დავამყარე, 406 კილოგრამი ამოვწიე შტანგით. ეს სახელი ჩემი ფიზიკური მონაცემების გამო მიწოდეს, ჩემი დიდი ტრაპეციების, ანუ მხრის კუთხეების, გამო. ევროპაში ქართველი ხარის სახელით მიცნობენ.
– რა კრიტერიუმებით ხდება თქვენთან სპორტსმენის შეფასება?
– სპორტის ეს სახეობა მრავალფეროვანია. ჩვენთან არის თვითმფრინავების გათრევა, მანქანების, დიდი და მოუხერხებელი მრგვალი ქვების, შტანგების აწევა… ეს სპორტი არაადამიანური შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს მოიცავს.
– თქვენ რომელ სიმძიმეებს შეჭიდებიხართ და რა შედეგით?
– მსოფლიო რეკორდი მაქვს დამყარებული – 400 კგ ამოვწიე ხუთჯერ. ფილიპინებში 50 ტონიანი თვითმფრინავი გავათრიე 51 წამში. ეს მსოფლიო რეკორდად არ ითვლება, მაგრამ კარგი შედეგია.
– საქართველოში მოგიხდენიათ თქვენი ფიზიკური ძალის დემონსტირება?
– საქართველოში იშვიათად ვარ, სულ შეჯიბრებებით ვარ დაკავებული.
– მონაწილეობდით პროექტ “ნიჭიერში”. შეგვახსენეთ, რომელი იყო თქვენი ნომერი.
– ჯიპი ამოვატრიალე და 15 მეტრზე გავათრიე ბოინგი, რომელიც 50 ტონა იყო.
– როგორია ქართველი ხარის პირადი ცხოვრება? არის მასში ადგილი სიყვარულისთვის?
– შეყვარებული მყავს, მაგრამ ჯერჯერობით დაქორწინებას არ ვაპირებ.
– საყვარელ ადამიანს რა დამოკიდებულება აქვს თქვენი პროფესიისადმი?
– მას ისეთი მოვწონვარ, როგორიც ვარ, ესმის ჩემი. ისეთი რეჟიმი მაქვს, რომ ჩემთან ურთიერთობა რთულია, არსად დავდივარ და სხვისი გადმოსახედიდან მოსაწყენი ვარ, თუმცა ის ყველანაირად მიწყობს ხელს.
– თვითონაც ხომ არ არის სპორტით დაკავებული?
– კი, მოყვარულის დონეზე ვარჯიშობს.
– ისეთი ფიზიკური მონაცემები გაქვთ, ქუჩაში ყველა გიყურებთ. ხომ არ ეჭვიანობს?
– არა, პირიქით, მოსწონს, რომ ცნობილი სახე ვარ. საქართველოში უფრო ნაკლებად მიცნობენ, ჩემი გულშემატკივრები ძირითადად ევროპასა და ამერიკაში არიან.
ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე
