ოფიციალური მონაცემებით, აგვისტოში უცხოეთიდან საქართველოში 135 მილიონ 600 ათასი დოლარის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა, რაც გასული წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე 11,4 პროცენტით მეტია.
ეს ფული ემიგრანტებმა თავ-თავის ოჯახებს საქართველოში რუსეთიდან, იტალიიდან, ამერიკიდან, ისრაელიდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, ყირგიზეთიდან, ყაზახეთიდან, კანადიდან, გაერთიანებული სამეფოდან და სომხეთიდან გამოუგზავნეს. თითოეული დოლარი თუ ევრო უცხოეთში სიმწრით გატარებული წლებით, მძიმე შრომაში დახარჯული ახალგაზრდობით, მონატრებისა და დამცირების ცრემლებით არის გამომუშავებული. ამის შესახებ ემიგრანტთა ისტორიები თავად გვიამბობენ. სამწუხაროდ და სამარცხვინოდ, მათი უმრავლესობა ქალია.
ქეთევან ცომაია, 47 წლის, ისრაელიდან:
– 12 წელია ისრაელში ვარ. 85 წლის მოხუც ბაბუას ვუვლი. აქ რომ ჩამოვედი, 73 წლის იყო. უკვე იმდენად შეჩვეული ვარ, რომ მამას ვეძახი, მაგრამ საკუთარი მამის დაკრძალვაზე საქართველოში ვერ ჩამოვედი. 800 ევროს მიხდის და აქედან მხოლოდ 100 ევროს ვიტოვებ ჩემთვის, დანარჩენს ოჯახში ვაგზავნი, რადგან ჩემი ოთხსულიანი ოჯახიდან არავინ მუშაობს. ქმარმა სამსახური ვერ იშოვა, შვილები სტუდენტები მყავს, დედამთილი ასაკოვანია და მუშაობას ვერ შეძლებს.
ემიგრანტებს უმძიმეს პირობებში გვიხდება ცხოვრება იმისთვის, რომ ოჯახები ვარჩინოთ. ჩვენ კი ქვეყნის ფარგლებგარეთ დავკარგეთ ახალგაზრდული წლები, ჩვენი წილი სიყვარული და ბედნიერება. ზოგჯერ მითქვამს, რომ 21-ე საუკუნის მამლუქები ვართ.
ნინო ცირამუა, 50 წლის, თურქეთიდან:
– უკვე რამდენიმე წელია თურქეთში დავდივარ და ოჯახს ასე ვარჩენ. საქართველოს ყველაზე ახლო მეზობელი ქვეყანა ავარჩიე, რადგან, ღმერთმა ნუ ქნას და, რამე რომ მოხდეს, რამდენიმე საათში ჩემს სამშობლოში ვიქნები. საქართველოში მეუღლე, დედამთილი, რძალი, ბიჭი და ორი შვილიშვილი მყავს.
7 სულიანი ოჯახიდან მარტო მე ვმუშაობ. ეს ინტერნეტი ძალიან კარგ საქმეს გვიკეთებს, ყოველ წამს ვრეკავთ ოჯახებში და მონატრებას ამ ფორმით ვიკმაყოფილებთ. ისე მენატრება ჩემი შვილიშვილები, რომ ზოგჯერ ჭკუიდან გადავდივარ. ნეტა, ოდესმე თუ დადგება ის დრო, როცა საქართველოში შევძლებთ დასაქმებას და ჩვენს მონატრებას სოციალური ქსელით არ გავიქარწყლებთ.
ზოგჯერ მიფიქრია, ავდგები, წავალ და ჩემს ოჯახთან ერთად გავატარებ ამ ცხოვრებას-მეთქი, მაგრამ მერე მახსენდება, საქართველოში, ქუთაისში რომ ჩავალ და შვილიშვილები მეტყვიან, მშია, ბებოო, რა მივაწოდო?!
თამაზ ვაჩიბერაძე, 58 წლის, რუსეთიდან:
– რამდენიმე ათეული წელია, რაც რუსეთში, მოსკოვში ვმუშაობ და ოჯახს ასე ვარჩენ. იყო დრო, რუსეთში მუშაობით მართლაც კარგად ვინახავდი ოჯახს, მაგრამ, სამწუხაროდ, ახლა აქაც არაფერია. 400 დოლარს თუ გავაგზავნი საქართველოში ყოველ თვეში, კარგია.
ჩემი მეუღლე ვერსად მუშაობს. რამდენჯერმე გასაუბრებაზე იყო მისული, მაგრამ ვერ დასაქმდა. უფროსი ვაჟი რემონტზე მუშაობს დრო და დრო, მაგრამ საქართველოში ყველას იმდენად უჭირს, რომ რემონტს ვეღარ აკეთებენ. უმცროსი შვილი თბილისში მუშაობდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ სამსახურიდან გამოუშვეს. გამოდის, რომ ოჯახის მთავარი მარჩენალი მე ვარ. მეც უკვე ასაკში ვარ, ჩემს ოჯახთან და ჩემს ცოლ-შვილთან ერთად მინდა, მაგრამ, მანდ რომ ჩამოვიდე, მერე რა გავაკეთო?! ბევრჯერ შევეცადე, მცირე ბიზნესი წამომეწყო, თუმცა უშედეგოდ.
ნანა შ., 46 წლის, ამერიკიდან:
– 7 წელია არალეგალად ვარ ამერიკაში, უსაბუთობის გამო სამსახურში მაღალანაზღაურებას არ მიხდიან. 1500 დოლარი მაქვს ხელფასი, ბარში ვმუშაობ დამლაგებლად და, რასაც ვიღებ, მთლიანად სახლში ვაგზავნი. შვილმა ცოლი მოიყვანა და ბინის ყიდვა გვინდა, რადგან ოროთახიან ბინაში 6 სული ცხოვრობს.
ჩემს ოჯახს ვუთხარი, ცოტა საჭმელ-სასმელზე თავი შეიკავეთ და ბინის ფული დავაგროვოთ-მეთქი, მაგრამ ცოცხალ ადამიანს მაინც გეხარჯება ფული. შვილის ქორწილს სოციალური ქსელით ვადევნებდი თვალს. ერთადერთი ბიჭი მყავს, ის არის ჩემი საფიცარი და მომავალი და მისი ბედნიერების დღეს ვერ ჩამოვედი. რა მექნა? რომ ჩამოვსულიყავი, მერე ქორწილს ვეღარ გადავიხდიდი.
ისე თუ წავიდა ყველაფერი, როგორც მე მინდა, 3 წელიწადში საქართველოში უნდა დავბრუნდე. ანუ ბინის ყიდვა მინდა ბიჭისთვის, ჩემი სახლის გარემონტება მსურს და მინდა, ქმარმა პატარა მარკეტი გახსნას.
შორენა ბალანჩივაძე, 47 წლის, ესპანეთიდან:
– ჩვენ არ ვცხოვრობთ, ჩვენ ვარსებობთ და უბრალოდ ვსუნთქავთ. ერთხელ რომ მოდიხარ ამ დალოცვილ ქვეყანაზე და იმ ცხოვრებასაც რომ სხვა ქვეყანაში, უცხოელის სამზარეულოში გაატარებ, ეს არის ცხოვრება?! მთელი დღე საჭმელებს ვაკეთებ და ჩემთვის კერძის მოწოდება ენანებათ. გავგიჟდი, ასეთი ძუნწი ერი არ მინახავს! ურჩევნიათ, საჭმელი გადაყარონ, ვიდრე მე ვჭამო.
ეჰ, ჩემო შვილებო, ძმებო და დებო, საქართველოში მცხოვრებო ადამიანებო, თქვენ არ იცით, ჩვენ რა გაჭირვების ფასად გვიწევს აქ მუშაობა იმისათვის, რომ თქვენ მანდ 2 გროში გამოგიგზავნოთ და თავი ირჩინოთ.
მაინტერესებს, რას აკეთებს ეს ხელისუფლება. ოდესმე ვინმე თუ დაინტერესდება ემიგრანტების ბედით, ოდესმე ქვეყნის რომელიმე პირველი პირი თუ იტყვის, რას აკეთებენ სამშობლოში ჩვენ დასაბრუნებლად? მაგრამ არც აწყობთ ჩვენი დაბრუნება. ემიგრანტები ასეთ საქართველოში რომ დავბრუნდეთ, მერე უნდა ნახოთ თქვენ შიმშილი და ქურდობა. ადამიანები ერთმანეთს პურის ნატეხს მოპარავენ, რომ მშივრები არ დაიხოცონ.
ბელა მანაგაძე, 25 წლის, იტალიიდან:
– 7 წელია იტალიაში ვარ. დედაც აქ ცხოვრობს, უკვე 10 წელზე მეტია. სკოლა რომ დავამთავრე, იტალიაში წამოვედი, რადგან უნივერსიტეტში ჩაბარებას აზრი არ ჰქონდა. სწავლობ 4 წელი, იხდი ფულს, ამთავრებ უნივერსიტეტს და მუშაობას ვერსად იწყებ. აქ აღებულ ფულს ვაგროვებ, რომ თბილისში ბინა ვიყიდო და ცხოვრება ავიწყო. საქართველოში კი საკუთარ ბინას ვერასოდეს იყიდი გურჯაანში მუშაობით.
ჩემი მეგობრების უმრავლესობა მეუბნება, რომ მათაც სურთ საქართველოს დატოვება და წასვლა იმ ქვეყანაში, სადაც ვინმე ნაცნობი ჰყავთ. გაუსაძლისი პირობებია საქართველოში. არავის უნდა თავისი ოჯახის, კუთხის და ქვეყნის დატოვება, მაგრამ მშიერი ყოფნა საშინელებაა.
ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე

