რას აკეთებდნენ ბარაქისთვის და ბედნიერებისთვის ახალ წელს საქართველოში

რას აკეთებდნენ ბარაქისთვის და ბედნიერებისთვის ახალ წელს საქართველოშისაქართველოში ყველა ეპოქაში საახალწლო წეს-ჩვეულებები განახლებას, ბარაქას, სიკეთის დაბედებას უკავშირდებოდა და ყველა კუთხეს, რა თქმა უნდა, თავისი ტრადიციებიც ჰქონდა. მათგან ზოგი უცვლელად შემოგვრჩა, ზოგმა სახე იცვალა, ზოგიც კი საერთოდ გაქრა.

მათ შესახებ ეთნოგრაფი გიორგი ჩინჩალაძე ,,სარკეს” უამბობს:

– საქართველოში ახალი წელი სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა. IV საუკუნეში აგვისტოში ზეიმობდნენ, VII საუკუნეში – სექტემბერში, IX საუკუნეში – მარტში, ხოლო XVII საუკუნიდან საბოლოოდ დამკვიდრდა ახალი წლის აღნიშვნა იანვარში.

– ახალი წლის იანვარში გადმოტანის მიზეზი ცნობილია?

– ერთ-ერთი მიზეზი ალბათ იყო ის, რომ ახალი წლის დადგომა შობის დღესასწაულს დაუკავშირეს. ახალი წელი შობისა და ნათლისღების შუა პერიოდში უნდა ყოფილიყო.

– როგორ ხვდებოდა ამ დღეს სამეფო ოჯახი და ვინ ულოცავდა პირველად მეფეს?

– პირველად მაღალი სამღვდელოება ულოცავდა. კათალიკოს-პატრიარქი სასულიერო პირების თანხლებით ახალი წლის დილას სასახლეში ეახლებოდა. ამ დღეს მეფეს და მის ოჯახს ახალი ტანსაცმელი უნდა სცმოდა. საერთოდ ასეთი წესი იყო, ახალ წელს ყველას ახალი სამოსი უნდა ჩაეცა, რაც განახლებასთან იყო დაკავშირებული.

კათალიკოს-პატრიარქი მეფეს ნაკურთხ წყალს, სეფისკვერსა და შაქრის ნატეხს მიართმევდა, რაც ტკბილად დაბერების სიმბოლო იყო. სასულიერო პირების შემდეგ ერისკაცები მიდიოდნენ სასახლეში მეფისთვის მისალოცად.

რას აკეთებდნენ ბარაქისთვის და ბედნიერებისთვის ახალ წელს საქართველოში– საჩუქრებსაც მიართმევდნენ?

– კი, ყველა ასაჩუქრებდა თავისი წოდებისა და ხელობის მიხედვით. მაგალითად, მეჯინიბეთუხუცესი საგანგებოდ შერჩეულ ცხენს მიართმევდა, ბაზიერთუხუცესი – მიმინოს, მონადირეთუხუცესი – გარეული ტახის მოხარშულ თავს, მწვადს და ღვინოს.

თავადები მეფეს ისარს მიართმევდნენ, იმის სიმბოლოდ, რომ იმ ისრით მტრის გული განეგმირა. გვიან ფეოდალურ საუკუნეებში ისრის მაგივრად ტყვია მიჰქონდათ.

მილოცვის შემდეგ იშლებოდა სუფრა, სადაც აუცილებლად უნდა ყოფილიყო გარეული ტახის თავი და ტკბილეული. შემდეგ ეწყობოდა დიდი ნადიმი, სადაც ჯამბაზები და მუსიკოსები გამოდიოდნენ. იმართებოდა სხვადასხვა თამაშობა. მეორე დღეს კი მეფე და მისი ამალა სანადიროდ მიდიოდა.

– ახალი წლის დღეებში მეფე ტყვეებს ან პატიმრებს არ შეიწყალებდა?

– ასეთი რამ ცნობილი არ არის, მაგრამ პატიმრებზე რადგან მკითხეთ, გეტყვით, რომ ძველ თბილისში აღდგომის დღეს ამქრებს ასეთი ტრადიცია ჰქონდათ: შილაფლავს და ლავაშებში გახვეულ მწვადს პატიმრებს და ქვრივ-ობლებს უგზავნიდნენ.

 

– საქართველოს დედაქალაქი, თბილისი, როგორ აღნიშნავდა ამ დღესასწაულს?

– ძველი თბილისის მოსახლეობა ერთმანეთს ასე ულოცავდა: შაქრის ნატეხთან ერთად თაფლში ჩაწობილ პურის ნაჭრებსაც აძლევდნენ ერთიმეორეს, რაც ტკბილად დაბერების სიმბოლო იყო. თბილისელებს ახალი წლის სუფრაზე აუცილებლად უნდა ჰქონოდათ ტახის თავი, ბასილას და ბედის კვერები.

ბედის კვერებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეშიც აცხობდნენ. ვინც რა ხელობის მიმდევარი იყო, იმ ფორმის ბედის კვერს აცხობდა, მაგალითად, გლეხი – გუთნისას და ა.შ.

გლეხი ვენახსაც უცხობდა ბედის კვერს. მეკვლე ვენახში შედიოდა, ვენახის ბედის კვერს ვაზზე გადატეხდა და ისე შეჭამდა. როდესაც ბედის კვერს აცხობდნენ, თუ დიასახლისს ცომი კარგად აუფუვდებოდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ის წელი კარგი იქნებოდა მისი ოჯახისთვის, თუ ცომი ჩავარდებოდა, ცუდის მომასწავებელი იყო.

რას აკეთებდნენ ბარაქისთვის და ბედნიერებისთვის ახალ წელს საქართველოში ამქრები რა რიტუალებს ატარებდნენ?

– ახალ წელს ამქრებს თავიანთი ტრადიცია ჰქონდათ. ყველა ხელობის ამქარი ქალაქის თავს ულოცავდა, მიჰქონდათ ძღვენი, ტკბილეული და შაქრის ნატეხები.

თბილისური ტრადიცია იყო ახალ წელს წითელი ვაშლის მირთმევა. ვაშლი აუცილებლად წითელი უნდა ყოფილიყო. სამეფო ხილად მიიჩნეოდა და ხშირად სამოთხის ვაშლსაც უწოდებდნენ.

ყველა ხელობის ოსტატს თავისი უსტაბაშისთვის (უფროსი ოსტატისთვის), ტკბილეულის გარდა, წითელი ვაშლი უნდა მიერთმია, რომელსაც ვერცხლის ფულები ჰქონდა ჩარჭობილი. მილოცვის შემდეგ უსტაბაში სტუმბრებს ტრაპეზით უმასპინძლდებოდა, სასმელად კი თაფლით ან მურაბით დამტკბარ არაყს მიართმევდა.

რაც შეეხება თბილისის მეთულუხჩეებს (წყლის მზიდავები), მათთან პირიქით ხდებოდა, სხვადასხვა ოჯახში წყალს რომ მიიტანდნენ, სახლის პატრონს წითელ ვაშლს გაუწვდიდნენ და მათ ვერცხლის ფული უნდა ჩაერჭოთ.

თბილისის ამქრებს შობის ღამესაც საინტერესო წეს-ჩვეულება ჰქონდათ. ყოველი შობის დამდეგს ყველა მიდიოდა თავის სახელოსნოში, დუქანში და თავის სამუშაო იარაღს სამჯერ დაჰკრავდა. ასევე იქცეოდნენ ვნების კვირეულში, დიდ ხუთშაბათს.

– ეს რიტუალი რას უკავშირდებოდა?

– ასეთი ქმედებით ამქრები ამირანის გათხელებულ ჯაჭვს ამაგრებდნენ. თქმულების მიხედვით, კლდეზე მიჯაჭვული ამირანის ჯაჭვს მისი ერთგული ძაღლი ლოკავს და ცდილობს, გალიოს ჯაჭვი, მაგრამ ყოველ წელიწადს, ვნების ხუთშაბათს (თუშურ ვარიანტში შობის წინა ღამეს), მჭედლები აახლებენ ჯაჭვს. ამირანს რომ ჯაჭვი არ “აეშვა”, თბილისის ამქრები სამუშაო იარაღს სამჯერ დაჰკრავდნენ მაგიდას, ძელს და ასე შემდეგ.

ამქრებს ნათლისღების დღესასწულზეც თავიანთი წესი ჰქონდათ. თბილისელებისთვის მდინარე მტკვარი იყო მდინარე იორდანია, ამიტომ, როგორც კი სასულიერო პირი მტკვარში ჯვარს ჩაუშვებდა და წყალს აკურთხებდა, მაშინვე ყველა ამქარი წყალში შევარდებოდა. ზოგიერთი ხიდიდანაც ხტებოდა. წყალში განბანნის შემდეგ ამქრები სამუშაო იარაღს ნაკურთხ წყალში ჩაუშვებდნენ, რომ მთელი წელი ბარაქა ჰქონოდათ.

– თბილისის მოსახლეობა როგორ აღნიშნავდა ახალ წელს?

– ოჯახებში აღნიშნავდნენ, რომ მთელი წელი გარეთ ყოფნა არ დაბედებოდათ. თბილისელების საახალწლო ხონჩაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო ღორის თავი, ბედის და ბასილას კვერები, შაქრის ნატეხი, გადადუღებული თაფლი, გოზინაყი და შოთის პურები.

ძველად ქართლში საახალწლო ხონჩას აბრამიანი ერქვა. ახალ წელს, განთიადისას, ოჯახის უფროსი, რომელიც მეკვლე იყო, აბრამიანს გარეთ გაიტანდა, სამჯერ ლოცვით შემოუვლიდა თავის კარ-მიდამოს და სახლში შევიდოდა. შოთის პურს ამოაწობდა გადადუღებულ თაფლში და ოჯახის წევრებს შეაჭმევდა.

შობის დღესასწაულზე თბილისშიც და სოფლებშიც ალილოზე დადიოდნენ, მათ ქრისტეს დაბადების მახარობლებს ეძახდნენ. გურიაში ალილოზე ჩამოვლას აგუნას ეძახდნენ. აგუნა ღვინის ღმერთი იყო წარმართულ საქართველოში და მის პატივსაცემად შემოდგომაზე და ახალი წლის დღეებში დღესასწაულებს მართავდნენ. გურიაში აგუნას პურებსაც აცხობდნენ და ახალი წლის ღამეს ერთმანეთს ურიგებდნენ.

რას აკეთებდნენ ბარაქისთვის და ბედნიერებისთვის ახალ წელს საქართველოში– ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია ძალიან გვიან დამკვიდრდა საქართველოში, თუმცა გვქონდა ჩიჩილაკი.

– ჩიჩილაკი დასავლეთ საქართველოში გვქონდა. გურიასა და სამეგრელოში მას ბასილის წვერებსაც ეძახდნენ.

ქართლსა და კახეთში საახალწლოდ მუხისა და ფიჭვის ხის ტოტებს იმარაგებდნენ. ვინც მეკვლედ შევიდოდა, ყველას ტოტები შეჰქონდა და ბუხარში შეუკეთებდა. ნაპერწკლები რომ გადმოყრილიყო, ცეცხლს ტოტებით უჩიჩხინებდნენ, მერე კი ამბობდნენ, რამდენი ნაპერწკალიც გადმოვარდება, იმდენი სიკეთე და სიუხვე შემოვიდეს ამ ოჯახშიო.

ლია ოსაძე, ჟურნალი სარკე