ლიანა ისაკაძე ქმრის გარდაცვალების შემდეგ სცენას აღარ დაუბრუნდა – როგორ ზრდიდა თავის ძმისშვილს ცნობილი მევიოლინე

ლიანა ისაკაძე ქმრის გარდაცვალების შემდეგ სცენას აღარ დაუბრუნდა - როგორ ზრდიდა თავის ძმისშვილს ცნობილი მევიოლინეზაფხულის მიწურულს ბათუმსა და თბილისში, ტრადიციულად, საერთაშორისო ფესტივალი “ღამის სერენადები” გაიმართა. მევიოლინე ლიანა ისაკაძის მიერ 1982 წელს აფხაზეთში დაარსებული ფესტივალი დღემდე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა საქართველოს მუსიკალური ცხოვრებაში. ფესტივალს 1991-დან მოყოლებული 2009 წლამდე წყვეტა ჰქონდა და შემდეგ არსებობა უკვე თბილისსა და ბათუმში გააგრძელა. წელს ის მეათედ ჩატარდა.

ქალბატონი ლიანა ისაკაძის საყვარელი ფესტივალი წელსაც საინტერესო მონაწილეებით დაკომპლექტა.

წლევანდელ საიუბილეო ფესტივალის საკონცერტო საღამოებზე მსოფლიო კლასიკის შედევრები შეასრულეს ისეთმა ცნობილმა მუსიკოსებმა, როგორებიც არიან – პიანისტი ალექსანდრე კორსანტია, დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი, მევიოლინე გია იაშვილი, მევიოლინე გეზა ჰოსზუ ლეგოცკი (უნგრეთი/აშშ), გიტარისტი სოფია ბაროსი (იტალია), ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტ-როდაჩი (იტალია), კომპოზიტორი იოსებ ბარდანაშვილი (ისარელი/საქართველო) და სხვა.

ყველაფერი იდეალურად გამოიყურებოდა, გარდა ერთისა – წელს სცენაზე ლიანა ისაკაძე ვერავინ იხილა. გასულ წელს სწორედ ამ ფესტივალის მიმდინარეობისას ლეგენდარულ მევიოლინის მეუღლე, თამაზ ჩაჩავა, საყვარელი ცოლის კონცერტის მიმდინარეობისას ცუდად გახდა და გულის შეტევით გარდაიცვალა. ამ ტრაგედიის შემდეგ ქალბატონი ლიანა სცენაზე აღარ დაბრუნებულა, თუმცა ფესტივალის ორგანიზებასა და მისი მუსიკალური პროგრამის შედგენაში ძმისშვილთან, მუსიკოს გიორგი ისაკაძესთან ერთად აქტიურად იყო ჩართული.

ქალბატონი ლიანას დღევანდელ ცხოვრებაზე, მის შინაგან მდგომარეობასა და ბევრ სხვა საკითხზე, “სარკე” გიორგი ისაკაძეს ესაუბრა.

გიორგი ისაკაძე:

– ჩვენს ოჯახში მუსიკას ყოველთვის თითქმის რელიგიის სტატუსი ჰქონდა. მამაჩემი პროფესორი და სახალხო არტისტი ელდარ ისაკაძე იყო. სწორედ მისმა და მამიდაჩემის, ლიანა ისაკაძის, წრემ, იმ ნიჭიერმა პიროვნებებმა, რომლებიც ჩვენს ოჯახში ტრიალებდნენ, ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე.

1989 წელს, როდესაც შეიცვალა პოლიტიკური სიტუაცია, ჩვენი ოჯახი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. მაშინ ლიანამ საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრი გერმანიაში, ქალაქ ინგოლშტადტში გადაიყვანა. უცხო ქვეყანამ ქართველი მუსიკოსები ხელგაშლილად მიგვიღო და ყველას მისცა განვითარების საშუალება. მაშინ 21 წლის ვიყავი.

გერმანიაში 2000 წელს დავაარსე ისაკაძის მუსიკალური სკოლა, რომელიც დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს ინგოლშტადტში. 2006 წელს ამავე ქალაქში გავხსენი მუსიკისა და ცეკვის აკადემია – ამჟამად “მუსიკის და ცეკვის აკადემია ისაკაძე და ლუკაშევიჩი”. ხოლო 2017 წელს შესანიშნავ ქართველ ცეკვის პედაგოგთან და ქორეოგრაფთან, ლელა ბეჟუაშვილთან ერთად მიუნხენში დავაარსე “მუსიკისა და ცეკვის აკადემია ისაკაძე-ბეჟუაშვილი”. ჩვენი სკოლის მოსწავლეებს როგორც მუსიკალური, ასევე ცეკვის განხრით სერიოზული მიღწევები აქვთ საერთაშორისო ასპარეზზე.

– თქვენც მამიდის გავლენით თავიდან ვიოლინო აირჩიეთ, მოგვიანებით კი სცენის ნაცვლად მუსიკალური სფეროს კულისებში გადაინაცვლეთ. ასე რატომ არჩიეთ?

– დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ პედაგოგობა უფრო საინტერესო იყო ჩემთვის, ვიდრე სცენაზე გამოსვლა.

– როგორია ქალბატონ ლიანას დღევანდელი მდგომარეობა. რაც მეუღლე გარდაეცვალა, საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა.

– ეს არის მისი პირადი და არ მინდა, შევეხო. გეტყვით ერთს, რომ ის განუწყვეტლივ მუსიკაშია. მისი გადაწყვეტილებაა, რომ აქტიურ საკონცერტო ცხოვრებაზე ჯერჯერობით უარი თქვას, მაგრამ მაინც სულ მუსიკაშია. ის მუსიკას ისმენს, დირიჟორობს, მღერის, უკრავს ვიოლინოზე და ფორტეპიანოზეც, მაგრამ არა – საჯაროდ და არა – სცენაზე. ეს მისი სამყაროა. ის თავის საყვარელ პროექტში “ღამის სერენადებში” აქტიურად არის ჩართული.

– როგორია ქალბატონი ლიანა სცენის მიღმა, ოჯახურ გარემოში?

– ლიანასთან მუშაობა განსაკუთრებული განცდაა, ეს არის საოცარი შემოქმედებითი პროცესი. ის ყოველთვის ეძებს ახალ გზებს. არასდროს უდგება მუსიკალურ ნაწარმოებებსა და პროექტებს შაბლონურად, სულ ცდილობს, ახლებურად ააჟღეროს, ახალი ფორმების ძიებაშია. მუდმივად შემოქმედებით ცეცხლში იმყოფება.

ლიანა აბსოლუტურად უკომპრომისოა, როცა საქმე მუსიკას ეხება. ხშირად მეუბნებოდა, რომ მუსიკაში მთავარია მისი სიღრმე და სული. მას არასდროს აინტერესებს მუსიკის კომერციული მხარე.

– როგორი მამიდაა, განებივრებდათ?

– მიუხედავად იმისა, რომ მუდამ გადატვირთული სამუშაო გრაფიკი ჰქონდა, ყოველთვის მოძებნიდა დროს ჩემთვის. დავყავდი გასტროლებზე, რაც ძალიან მიხაროდა. თუ ვერ მოახერხებდა ჩემს წაყვანას, საჩუქრებით ჩამოდიოდა. ხშირად მჩუქნიდა წიგნებს. როგორც ვიოლინოს პედაგოგი, ამ შემთხვევაში მე მისი ოჯახის წევრი არ ვიყავი, ის უკომპრომისოდ მკაცრი იყო.

– საქართველოსთან დაკავშირებით თუ გაქვთ რაიმე პროექტი?

– ძალიან გვინდა, საქართველოსთან გაცვლითი პროგრამები ავამუშავოთ. მაქვს ჩანაფიქრები, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი ეროვნული დღესასწაულები ჩვენი აკადემიის ჩართულობით აღვნიშნოთ გერმანიაში და საინტერესო მუსიკალური და საცეკვაო პროგრამები შევთავაზოთ მაყურებელს.

ლიანა ძალიან არის დაინტერესებული, რომ საქართველოში გაკეთდეს მისი სახელობის ინტერნაციონალური სიმებიანი ინსტრუმენტების მუსიკალური კონკურსი. სამწუხაროდ, საქართველოში ძალიან ცუდ მდგომარეობაშია სიმებიანი ინსტრუმენტების სფერო. თუ არ ვცდები, გასულ წელს მხოლოდ ერთმა ადამიანმა ჩააბარა კონსერვატორიაში ვიოლინოს განხრით. ეს კონკურსი ქვეყანაში ამ კუთხით ძალზე პოზიტიურ ცვლილებებს შეიტანდა.

ავთო ჩიტიძე, სარკე