“ამერიკაში ცნობილი ქართველი მწერლის – გიორგი ჯორჯ პაპაშვილის სამეზობლომ საჩუქრად ჯორჯ კობის ორიგინალი სათამაშოები გამომიგზავნა, რომელიც დღეს მივიღეთ. ამ სათამაშოებით გიორგი და მისი მეუღლე – ჰელენი საახალწლოდ ნაძვის ხეს რთავდნენ. ჩვენი ოჯახის გადაწყვეტილებით ეს სათამაშოებიც – გურამ შარაძის სახელობის ქართული ემიგრაციის მუზეუმს გადაეცემა საჩუქრად”.
ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში რუსუდან წერეთელი აქვეყნებს.
ვინაიდან მსოფლიოში საახალწო ნაძვის ხის სათამაშოების გამომგონებელი ქართველი – ჯორჯ კობია (გრიგოლ კობახიძე), ეს ფაქტი განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს.
გვესაუბრება ემიგრაციის მუზეუმის დირექტორი რუსუდან კობახიძე.
– ჯორჯ კობის მიერ შექმნილ საახალწლო ნაძვის ხის სათამაშოებს ამ დღეებში გადმოგვცემენ და ძალიან ამაღელვებელია ჩვენთვის! რუსუდან წერეთელმა ადრეც გადასცა მუზეუმს უნიკალური საჩუქარი. იგი მუდმივად ზრუნავს ჩვენზე და ამჯერადაც საოცრად აღგვაფრთოვანა. დაახლოებით ხუთი წლის წინ რუსუდან წერეთელმა გვაჩუქა როგორც ჯორჯ კობის საახალწლო სათამაშოები, ასევე ჯორჯ პაპაშვილის წიგნები, ქვა, რომლითაც ჯორჯ პაპაშვილი ქანდაკებებს აკეთებდა, ჯორჯ კობაშვილის პორტრეტი ჩვენს მუზეუმშია დაცული.
– ჯორჯ კობის საახალწლო ნაძვის ხის სათამაშოებზე რომ გვიამბოთ…
– ჯორჯ კობი ამერიკაში მინის მრეწველი იყო, მილიონერი, რომელსაც ძალიან დიდი მრეწველობა ჰქონდა! ნაძვის ხის სათამაშოების გამოშვება მან 1940-იან წლებში დაიწყო! მანამდე ის ამზადებდა სამედიცინო დანიშნულების ამპულებს, კოლბებს ლაბორატორიებისთვის. მანვე დაამზადა ალექსანდრე ქართველის მიერ შექმნილი თვითმფრინავის ზემტკიცე მინის კაბინა, გიორგი მაჩაბელის მიერ შექმნილი პირველი ამერიკული სუნამოს ფლაკონები. ოთხი ქართველი ამერიკაში ყველაზე ცნობილები არიან, რომლებიც ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობდნენ და ძალიან დიდი კვალი დატოვეს. ესენ იყვნენ – ალექსანდრე ქართველი, გიორგი მაჩაბელი, ჯორჯ კობი და ჯორჯ ბალანჩინი. ბალანჩინმა, მოგეხსენებათ, ამერიკაში ბალეტი შექმნა. ალექსანდრე ქართველი კი ამერიკის სამხედრო ავიაციის მამამთავრად არის წოდებული, რომლის მფრინავი აპარატიც 2025 წლამდე ნატოს შეიარაღებაშია დატოვებული.
ჯორჯ კობიმ (გრიგოლ კობახიძემ) ნაძვის ხის მინის სათამაშოებამდე ელექტრო სანთლები გამოუშვა, რომელშიც სპეციალურ ქიმიურ სითხეს ასხამდა. როდესაც სანთლები ელექტროსადენში ირთვებოდა, სანთლებში შიგნით ფერადი ბუშტები წარმოიშვებოდა და ულამაზესი სანახავი იყო. დღეს ზუსტად არ ვიცი, ეს ელექტრო სანთლები კიდევ არსებობს თუ არა. ელექტრო სანთლები ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონება იყო, რადგან მანამდე ნაძვის ხეზე ჩვეულებრივ, ალმოკიდებულ სანთლებს ამაგრებდნენ და ხანძრის გამოწვევის საფრთხეს ქმნიდა, ან იწვევდა.
ხუთი წლის წინ რუსუდან წერეთელმა ჯორჯ კობის მიერ შექმნილი საახალწლო, სამი ყუთი მინის სათამაშოები გვაჩუქა. ულამაზესი ყუთებია, რომელთაც ფრანგულად აწერია – კობის პროდუქცია… თარიღი არ არის ყუთზე მითითებული, მაგრამ სავარაუდოდ 1945 წელსაა გამოშვებული. ერთ ყუთში არის ლურჯი, ელექტრიკი ფერის ბურთუკები და ულამაზესია, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ფერისაა ორნამენტებით გაფორმებული. ერთერთს ფრანგულად აწერია – “შობა”.
ჯორჯ კობის პირველი გამოშვება ნაძვის ხის მინის სათამაშოების თეთრი ფერის იყო და შემდეგ წლებში დაიწყო ფერადების გამოშვება. ყუთზე წარწერები კეთდებოდა ფრანგულ და ინგლისურ ენებზე, რადგან პროდუქციის გარკვეული ნაწილი კანადაში გადიოდა. ჩვენ სწორედ ის ვერსია გვაქვს, რომელიც კანადაში გადიოდა, რადგან ფრანგულად აწერია. ახლა რომელი სათამაშოების ფოტოებიც რუსუდან წერეთელმა გამოაქვეყნა, ჩვენი მუზეუმისთვის გადმოსაცემად, პირველად ვნახე ჯორჯ კობის სათამაშოების ეს ოქროსფერი ვერსია და ულამაზესია.
ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ჯორჯ კობის მიერ შექმნილი სათამაშოები შევკრიბოთ და ერთი დიდი ნაძვის ხე, თუ მთავარი არა, თბილისში დავდგათ და ასე მივულოცოთ საქართველოს 2020 წელი! იქნებ ჩვენც დაგვებედოს გაძლიერება ჯორჯ კობის მსგავსად!
მასაც ჰქონდა პრობლემები, ერთი პერიოდი გაკოტრდა, მაგრამ იმდენად ჭკვიანი, ნიჭიერი და ძლიერი პიროვნება იყო, რომ მალევე ფეხზე წამოდგა! იგი საქართველოშიც იყო ჩამოსული, ბევრი სასიკეთო რამ გააკეთა, ბევრსაც გეგმავდა, მაგრამ აქ დაჭერის საფრთხე შეექმნა და იძულებული გახდა, თავისი სამშობლო დაეტოვებინა.
ამბები

