“იძულებული გავხდი, შვილის საფლავი მიმეტოვებინა” – ტელეოპერატორ სოფო ბობოხიძის ოცნებებს მისი ემიგრანტი დედა აასრულებს

"იძულებული გავხდი, შვილის საფლავი მიმეტოვებინა" - ტელეოპერატორ სოფო ბობოხიძის ოცნებებს მისი ემიგრანტი დედა აასრულებსწელიწადნახევრის წინ მთელი საქართველო შეძრა ტელეოპერატორ სოფო ბობოხიძის მოულოდნელმა გარდაცვალებამ. ახალგაზრდა ქალი სამსახურიდან სახლში მივიდა, დილით ტელეფონის ზარებს აღარ პასუხობდა, ადგილზე მისულ მეგობრებს კი გარდაცვლილი დახვდათ. ექსპერტიზის დასკვნით, სიკვდილის მიზეზი ბუნებრივი აირის ნამწვი გახდა.

28 წლის სოფო “საზოგადოებრივი მაუწყებლის” იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ბიუროს ოპერატორი გახლდათ. სხვა, უფრო მნიშვნელოვანი “პროფესიაც” ჰქონდა – კარგი მეგობარი იყო. ის უამრავმა ადამიანმა გააცილა უკანასკნელ გზაზე.

სოფოს დედა, თამილა ნიქაბაძე, 12 წელი ემიგრანტად საბერძნეთში იყო. ამ პერიოდის განმავლობაში შვილი ნანახი არ ჰყავდა, სოციალური ქსელის მეშვეობით ეკონტაქტებოდა მუდმივად.

ამდენი ხნის შემდეგ კი მათი შეხვედრა სამუდამო განშორებად იქცა – დედა გარდაცვლილ შვილთან გამოსამშვიდობებლად ჩამოვიდა. ქალიშვილის დაკრძალვიდან რამდენიმე კვირის შემდეგ კი, მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო, იძულებული გახდა, ისევ საბერძნეთში წასულიყო და ისევ დაეტოვებინა ის, რაც მისთვის ყველაზე ძვირფასია – მეორე შვილი, ვაჟი, ოჯახი და სოფოს საფლავი.

თამილა ნიქაბაძეს ერთადერთი ოცნება აქვს – საქართველოში იპოვოს ისეთი სამსახური, რომ დაბრუნდეს და შვილის საფლავზე ხშირად იაროს. აქვს მიზანიც – სოფოს ფოტოების გამოფენის გამართვა.

– ქალბატონო თამილა, მეორე წელი დაიწყო, რაც სოფო გარდაიცვალა. როგორ უძლებთ ამ ტკივილს?

– როგორც ყველა შვილმკვდარ დედას, ტკივილით და ცრემლით სავსე დღეები მიდგას. თვალებით დავეძებ, მაგრამ ვერსად ვპოულობ. უსაშველოდ მენატრება, მონატრებისგან სული და ხორცი მეწვის, ყვირილი მინდა, მაგრამ საშველი არსად ჩანს.

თვითმკვლელობაზეც მიფიქრია, მაგრამ ვიცი, რომ მიუტევებელი ცოდვაა და მაკავებს ის, რომ სოფოს იმიერშიც ვერ ვნახავ… მტერსაც არ ვუსურვებ იმ მდგომარეობას, რომელშიც მე ვარ დღეს.

– რა დადგინდა საბოლოოდ, რითი გარდაიცვალა სოფო?

– ოფიციალური ექსპერტიზის დასკვნაა CO გაზით ინტოქსიკაცია. სახლში დამონტაჟებულმა წყლის გამათბობელმა გამოიწვია გარდაცვალება.

– რა გეგმები ჰქონდა, რაზე ოცნებობდა?

– ყოველთვის გრანდიოზული გეგმები ჰქონდა. ბავშვობიდან შრომისმოყვარე იყო, უნივერსიტეტში ჩაბარებისთანავე მუშაობა დაიწყო და ბოლო დღემდე არ დაუსვენია. საფრანგეთში აპირებდა გამგზავრებას და თავისი სპეციალობით სურდა მუშაობის გაგრძელება. ფოტოგრაფია ბავშვობიდან იტაცებდა და მისი გეგმებიც ფოტოგრაფიასთან იყო დაკავშირებული.

– სოფო ყველას დაამახსოვრდა, როგორც თავდაჯერებული და დამოუკიდებელი გოგო. როგორი იყო პატარაობისას, როგორ პირობებში მოგიწიათ მარტოხელა დედას მისი გაზრდა?

– ჩემი შვილები უკიდურეს გაჭირვებაში გავზარდე. ყოფილა ღამეები, როცა მათ გამო მშიერიც დავწოლილვარ. იყო შემთხვევები, როცა პური არ გვქონია სახლში. სოფო პატარაობიდან შრომისმოყვარე, თავდაჯერებული და დამოუკიდებელი იყო.

მახსოვს, სპილენძის ნივთებს ეძებდა და აბარებდა, რომ ჩემთვის საქმე შეემსუბუქებინა. პატარა ხელები სულ დაჩხვლეტილი ჰქონდა მავთულებისგან. ჩემთან ერთად ტიროდა გაჭირვებაზე. ძალიან მტკივნეულად მახსოვს ის პერიოდი.

უზომოდ კეთილი იყო და უაღრესად დიდი სიყვარული შეეძლო. ყველაფერს უანგაროდ გასცემდა და ამდენი მეგობარი ამიტომაც ჰყავდა. ყველა და ყველაფერი უყვარდა და ეცოდებოდა.

მე საამაყო შვილი დავკარგე, მისმა სამსახურმა – საქმის საუკეთესოდ გამკეთებელი, მეგობრებმა – საუკეთესო მეგობარი.

– ასეთი ტრაგედიის მიუხედავად, შვილის დაკრძალვიდან რამდენიმე კვირაში მაინც მოგიწიათ საქართველოდან წასვლა. სხვა საშველი არ იყო?

– მატერიალური მდგომარეობის და უკიდურესი სიდუხჭირის გამო წავედი. ვერც კი წარმოვიდგენდი, შვილის საფლავის მიტოვება თუ მომიწევდა, მაგრამ იძულებული გავხდი, რადგან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი.

ჩვენს ქვეყანაში სამსახური უბრალოდ არ არსებობს, ან უნდა წახვიდე ქვეყნიდან, ან უნდა მოკვდე უსახსრობით. სოფოს მეგობრები ძალიან დამიდგნენ გვერდით, ბევრს ეცადნენ, რომ დავსაქმებულიყავი, მაგრამ არ იყო საკმარისი და ისევ ემიგრაციაში დაბრუნება გადავწყვიტე.

წარმოიდგინეთ, ცოცხალი ხომ გენატრება და მკვდარიც რომ მოგენატრება. მისი საფლავი მენატრება, ტირილი მენატრება მის საფლავზე, საუბარი მის სურათთან. მხოლოდ იმედი მაქვს და მოლოდინი, როდესაც დავბრუნდები, მის საფლავზე გულამომჯდარი ავტირდები და ავყვირდები.

– უცხოეთიდან შვილებთან ხშირ კონტაქტს ახერხებდით?

– ერთი დღეც არ ყოფილა ისეთი, რომ შვილებთან კომუნიკაცია არ მქონოდა. შვილებზე დაფეთებული დედა ვიყავი ყოველთვის, რადგან უმამოდ დაიზარდნენ და შიში მქონდა, გზას არ ასცდენოდნენ.

სოფო რომ დაიღუპა, წინა ღამით მთელი საღამო ვისაუბრეთ, ისე მომეფერა, დამარიგა…

– როდის აპირებთ საქართველოში ჩამოსვლას?

– საქართველოში ყოველდღე მინდა დაბრუნება, თუმცა არის მიზეზი, რის გამოც ჯერჯერობით ვერ ვახერხებ. მინდა, სოფოს სურათების გამოფენა მოვაწყო აქ, ათენში. სურათები უკვე მზად მაქვს, მხოლოდ საორგანიზაციო საკითხებია მოსაგვარებელი. ეს არ იქნება ერთჯერადად, ვაპირებ, სხვა ქვეყნებშიც მოვაწყო და ასევე საქართველოში.

ვნატრობ ჩამოსვლას და მისი საფლავის მოფერებას. მინდა, უკანასკნელი დედა ვიყო მთელ სამყაროში, ვისაც შვილი მოუკვდა და უკანასკნელი ქალი, რომელმაც შვილის საფლავზე ცრემლი დაღვარა.

 ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე