,,ეშხიანი ვიყავი, ყველას თვალი რჩებოდა ჩემზე” -91 წლის და 83 წლის მოდელი ბებიები

,,ეშხიანი ვიყავი, ყველას თვალი რჩებოდა ჩემზე" -91 წლის და 83 წლის მოდელი ბებიებიდიზაინერმა მეგი გაბუნიამ წამოიწყო კამპანია ,,გაუთბე სიბერე” და საინტერესო ფოტოსესიაც მოაწყო, სადაც მოდელებად ბებიები მიიწვია.

ფოტოსესიაში ორი ბებო მონაწილეობდა, მეგის ბებია – 91 წლის ანჟელა გიგილაშვილი და 83 წლის ლამარა ბებო.

,,გზასთან” ანჟელა ბებია ამბობს:
-რაც მანამდე არ ჩამიცვამს, ახლა ავინაზღაურე. დედაჩემს 8 შვილი ჰყავდა. მაშინ მოდა სად იყო?! ძირითადად, მთავარი იყო, ქსოვილისთვის გვერდები ამოგვეკერა და ჩაგვეცვა. სხვა ჩასაცმელი სად გვქონდა?.. ჭიათურაში (წარმოშობით იქიდან ვარ) გერმანელი ტყვეები ცხოვრობდნენ. ისინი ყიდდნენ პერანგებს, ქსოვილებს და მსგავს რაღაცებს. დედაჩემი მკერავი გახლდათ. ის ისე გვიკერავდა, რომ “ფასონიანი” კაბა გამოდიოდა. იმდენი სიხარული ჩვენ, რამდენჯერაც ფეხსაცმელში წყალი შემსვლია.

– თანატოლებში პოპულარული იყავით?
– გრძელი ნაწნავები მქონდა. ეშხიანი გოგო ვიყავი. ქუჩაში, კინოთეატრის წინ (ჭიათურაში) რომ გავივლიდი, ყველას თვალი რჩებოდა ჩემზე. გოგონები მიშლიდნენ – ჩვენთან ერთად არ წამოხვიდეო, რადგან ყველა ბიჭი ჩემით ინტერესდებოდა, სხვები კი იჩრდილებოდნენ. აი, ასეთი გოგო ვიყავი, ბებია… სკოლაში 10 კლასიც არ დამიმთავრებია – გავიპარე და შეყვარებულს ძუნძულით გავყევი – გავთხოვდი.

მე და ჩემს ქმარს ისეთი სიყვარული გვაკავშირებდა, რომ მსგავსი დღეს არავის აქვს… მეუღლესთან ცხოვრება ორწელიწად-ნახევარი მოვასწარი – 2 შვილი გავაჩინე. ნაადრევად დავქვრივდი… ღმერთის მადლობელი ვარ, რომ შვილები მაჩუქა…

უმცროსი ქალიშვილი ადრე გათხოვდა, უფროსი კი სახლში დამრჩა. ვისაც გინდა, ცოლად იმას გაჰყევი-მეთქი. მპასუხობდა, – ვინც მიყვარს, შენ ის არ გინდაო. იცოდა, რომ მეგრელი სიძე არ მინდოდა, მაგრამ საოცრად კარგი ბიჭი აღმოჩნდა. მეგის მამას, მხატვარ ზურა გაბუნიას ვგულისხმობ. უკვე 41 წელია, ჩემი ოჯახის წევრია. შვილივით მიყვარს.

,,ეშხიანი ვიყავი, ყველას თვალი რჩებოდა ჩემზე" -91 წლის და 83 წლის მოდელი ბებიები– მეგრელი სიძე რატომ არ გინდოდათ?
– ჩემი პირველი შეყვარებული მეგრელი იყო. დედამისმა სიღარიბის გამო დამიწუნა – ღარიბი ოჯახის შვილს სახლში არ შევიყვანო… ვტიროდი, ის ბიჭი ძალიან მიყვარდა და მასაც ვუყვარდი. ნერვიულობის გამო, სწრაფი ჭლექით დაავადდა და გარდაიცვალა…

– თქვენი დაოჯახების შესახებ მოგვიყევით.
– წინათ, გოგონები ე.წ. ბედის კვერს ვჭამდით, ანუ ვისაც გათხოვება გვეჩქარებოდა, მარილიან კვერებს ვაცხობდით, ძილის წინ ვჭამდით და სიზმარში, ვინც წყალს მოგვაწვდიდა, ჩვენი საბედოც ის იყო.

ეს კვერი მეც მაქვს ნაჭამი. ჩემი მეუღლე (მაშინ შეყვარებული იყო) დამესიზმრა, კარზე აკაკუნებდა. გავძახე: ოთარ, ხელი შემოყავი, ლურსმანი ჩამოსწიე და კარი გაიღება-მეთქი. შინ რომ შემოვიდა, ვუთხარი: – ოთარ, შენი ჭირიმე, დოქით წყალი მომაწოდე-მეთქი. დოქი აიღო, ჭიქა წყლით აავსო, მომაწონდა, გამოვართვი და როცა უნდა დამელია, ზუსტად იმ დროს გამეღვიძა – დალევა ვერ მოვასწარი. ოთარ გიგილაშვილი იყო ჩემი პირველი და უკანასკნელი ქმარი. დედამთილი ოთარაანთ ქვრივივით მყავდა. სიგიჟემდე ვუყვარდი…

– ოჯახის მეორედ შექმნაზე არ გიფიქრიათ?
– აჰ, არა, არა, დედა! არა, გენაცვალე! ეგღა მაკლდა! ჩემს სოფელში ჩემი სახელი რომ იკითხოთ, ყველა გეტყვით ჩემს ქალობას…

ლამარა ბებია, 83 წლის:
– მეგი 3 თვის წინ გავიცანი და დამიახლოვდა, ძალიან გულთბილი და კეთილი გოგოა. მძიმე პირობებში გვიწევს ცხოვრება მოხუცებს. სოციალური დახმარებაც მომიხსნეს. ინფარქტი მაქვს გადატანილი, ბებო და 180 ლარი პენსია წამლის ფულად როგორ ვიკმარო? ფოტოგადაღება მეგიმ შემომთავაზა. მრცხვენოდა, რადგან წინათ შარვალი არასდროს მცმია – სულ კაბა მეცვა, ბებო, მაგრამ დავთანხმდი.

– მოდელობაზე არასოდეს გიფიქრიათ? თქვენი ცხოვრების შესახებ მოგვიყევით.
– არა, ბებო, მოდელობაზე არ მიფიქრია. სკოლაში კარგად ვსწავლობდი. ყოველთვის მოწინავე მოსწავლეთა შორის ვიყავი. მერე გავთხოვდი. მეუღლე ადრე დამეღუპა. 24 წლის იყო, როცა ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. 20 წლის ქვრივი დავრჩი, 7 თვის ბავშვით. მას შემდეგ ბევრი ვიწვალე, ბეჭებზე ქალისა და მამაკაცის წილი ტვირთი მედო. შვილს სამედიცინო განათლება მივეცი, მუშაობაც დაიწყო… არ იყო ადვილი ცხოვრება. ამაზე ლაპარაკიც არ მინდა…

ეთო ყორღანაშვილი, გზა