,,137 წლის ქალმა ოჯახის წევრებს სუფრის გაშლა უბრძანა…” – იაპონელებმა ქართველებისგან ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო ისწავლეს

,,137 წლის ქალმა ოჯახის წევრებს სუფრის გაშლა უბრძანა..." - იაპონელებმა ქართველებისგან ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო ისწავლესისტორიკოს ომარ ხოჭოლავას თქმით, იყო დრო, როცა ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობის ფენომენით ლამის მთელი მსოფლიოს მეცნიერება ინტერესდებოდა:

– 30-40 წლის წინათ არა მხოლოდ საქართველო, მთელი კავკასია სიცოცხლის ხანგრძლივობის მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩეოდა, თუმცა საქართველოში კიდევ სხვა ფენომენი მოქმედებდა – ჩვენი საუკუნეგადაცილებულები აფხაზეთში, აჭარასა თუ კახეთში, ყველას აოცებდნენ სიცოცხლის ხალისით, – ისე იცეკვებდნენ, რომ ახალგაზრდას შეშურდებოდა.

სხვათა შორის, ამ ფენომენის შესწავლაში­ უდიდესი წვლილი შეიტანეს მაშინდელმა ქართველმა მეცნიერებმა. ყველგან დადიოდნენ, უხუცესებს ხვდებოდნენ და მათი ცხოვრების წესს იკვლევდნენ. სპეციალური პროგრამაც კი იყო შექმნილი, რომელსაც “დღეგრძელობის შესწავლის კომპლექსური პროგრამა” ერქვა. სხვათა შორის, კვლევაში ჩართული იყვნენ ამერიკელი, ინგლისელი, რუსი და განსაკუთრებით, იაპონელი მეცნიერები…

იაპონია ძალიან საინტერესო ქვეყანა იმითაც არის, რომ ტექნოლოგიების შექმნის პარალელურად, ბუნებასთან საოცარ ჰარმონიაშია, რაც პირდაპირ კავშირშია სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდასთან. წარმოიდგინეთ, ქვეყანაში, რომელმაც რობოტი-მონსტრები შექმნა, “ციცინათელების საზოგადოებაც” არსებობს. მისი წევრები მთაში ელექტრომავლით ადიან, რომ უქმე­ები ციცინათელებთან ერთად გაატარონ.

იაპონელები 80-იან წლებში სპეციალურად ჩამოვიდნენ საქართველოში სიცოცხლის ხანგრძლივობის ფენომენის შესასწავლად. აჭარა-აფხაზეთი მოიარეს და 12 საუკუნეგადაცილებული წაიყვანეს იაპონიაში, რათა თავიანთ ქვეყანაში მათი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია გაეწიათ. სხვათა შორის, ჩვენმა ხანდაზმულებმა იმის დამტკიცება მართლაც მოახერხეს, რომ ღირსეული ცხოვრება 100 წლის ასაკის გადაბიჯების შემდეგაც შეიძლება. უცხოური პრესა ამ თემაზე ხშირად წერდა.

– შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს იაპონელებს მართლაც დაეხმარა. ითვლება, რომ დღეს მსოფლიოში ყველაზე მაღალი სიცოცხლის ხანგრძლივობა იაპონიაშია, საშუალო ასაკით – 83,7 წელი.
– მათ ჩვენი ხანდაზმულების რაციონიც გულდასმით შეისწავლეს, განსაკუთრებით მაწვნით მოიხიბლნენ. გაოცებული იყვნენ, თუ როგორ გადაიქცევა რძიდან ცოცხალი მიკროელემენტების “დედა” მაწონი სულ სხვა თვისებების საკვებად ისე, რომ ადუღება არ სჭირდება… ხანდაზმულობის ფენომენის შესწავლის პარალელურად, ზოგიერთმა მეცნიერმა თავადაც დაიწყო მაწვნის რეგულარულად მირთმევა.

არის სხვა ქართული კერძებიც, რომლებიც პირდაპირ სიცოცხლის ხანგრძლივობაზე “მუშაობს”. თუმცა კვებასთან ერთად გარემო პირობები უპირველესია სიცოცხლის ხანგრძლივობისთვის.

პ.ს.ფოტოზე ხფაფ ლაზურია და მისი შვილი ძუკური

აფხაზი დღეგრძელის, ხფაფ ლაზურიას ეს ფოტო 1985 წელს გუდაუთაში გადაიღო ფოტოხელოვანმა სერგო ედიშერაშვილმა. ის იქ იმ იაპონელებს ახლდა, რომლებიც დედამიწის დღეგრძელობის საიდუმლოს გასაგებად ჩავიდნენ. ხფაფი მაშინ 137 წლის იყო, მისი შვილი ძუკური კი 95-ის. ქალმა სტუმრების დანახვისთანავე ოჯახის წევრებს სუფრის გაშლა უბრძანა და სტუმარმასპინძლობის არც ერთი ტრადიცია არ დაურღვევია. გაოცებულ იაპონელებთან ერთად ბატონი სერგოც ინტერესით შეჰყურებდა თითქმის საუკუნე-ნახევარს მიღწეულ ქალბატონს, რომელსაც დაღლა არ ეტყობოდა…

“უნდა გენახათ, როგორ ეწეოდა სიგარეტს ქალბატონი ხფაფი. თანაც მითხრა, 16 წლიდან ვეწევიო… მაშინ იაპონელებმა ერთი ექსპერიმენტიც ჩაატარეს – 95 წლის ძუკური ლაზურიას “შეყვარებული” მიუჩინეს, რომელიც ერთი თვის მანძილზე სულ “სუპერ”, “სუპერო”, გაიძახოდა…” – იხსენებს ბატონი სერგო.

კვირის პალიტრა