თამარ ბუკიამ ფეისბუქში დაწერა:
“ალბათ ყველას გახსოვთ საბავშვო ლექსი :
“აჩუ, აჩუ, ცხენო, საით გაგაჭენო?…”
ამ ლექსის მცოდნეთა 80% ამბობს;
“ალაზანი დიდია, შიგ ბებერი ჰკიდია,
პური ვთხოვე, არ მაჭამა, ჩემი ცოდვა ჰკიდია”-ო.
ნუთუ არავინ დაფიქრებულხართ, ან ალაზანში რატომ უნდა ეკიდოს ის ბებერი და ან ალაზანში ჩაკიდებულმა – პური როგორ უნდა მისცეს მგზავრს? ის პური ხომ ალაზნის წყლით იქნება დამბალ-დაშლილი?
სინამდვილეში, ლექსში ის ბებერი ა რ ა ზ ა ნ შ ი ა ჩაკიდული.
არაზანი – დიდი თონეა, რომელშიც ბევრი პური ცხვება ერთდროულად.
აი, როგორ თავის ადგილას დადგა ყველაფერი: ბებერი დიდ თონეში ბეეევრ პურს აცხობს (ცოტა პურის გამოსაცხობად არ ჩაანთებდნენ არაზანს!), მაგრამ ისეთი ძუნწია, რომ ჩამოვლილ მშიერ მგზავრს პური არ მოუტეხა. ამიტომაც ამბობს ის მგზავრი, – “პური ვთხოვე, არ მაჭამა, ჩემი ცოდვა ჰკიდია”-ო.
გუგლში რომ მონახოთ, წერია, “არაზანი – დიდ, თავსხმა წვიმას ნიშნავსო”
მე კი გავიხსენე, სად გავიგე, არაზანი რომ დიდი თონე ყოფილა. ეს კახეთში მოხდა, იმ ოჯახში, რომელიც პურის ცხობას მისდევს.
“გადავწყვიტე, არაზანი ჩავდგა თონის ნაცვლად, თორემ თონე ვერ აუდის ამდენი პურის ცხობასო.”- ბრძანა დიასახლისმა.
“არაზანი – რა არის-მეთქი?” – რომ ვიკითხე, გაეცინათ.
“პროფესორი ქალი ხარ და მა ეს არ უნდა იცოდეო? არაზანი – დიდი თონეა. ჩვეულებრივ (კახურ) თონეზე ორჯერ დიდი მაინც იქნებაო”…
აი, მაშინ შევხტი მოულოდნელობისგან… იმ წუთას ეს ლექსი გამახსენდა… ხმამაღლა ვთქვი და… “ვნახე”, როგორ განლაგდა ყველაფერი თავ-თავის თაროზე. დანარჩენი – ავხსენი უკვე.
იმედია, ამის მერე მაინც იტყვით ამ ლექსს სწორად და ბავშვებსაც ასევე ასწავლით. 🙂
წარმატებას გისურვებთ!”

