თბილისში მომხდარ ავარიას 24 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. როგორც „ნიუპოსტმა“ გაარკვია ახალგაზრდა ლევან ვაშაკიძეა, რომელიც დედაქალაქში აიტი სპეციალისტად მუშაობდა.
ლევანის მეგობარი თამარ სანაძე „ნიუპოსტს“ უყვება, რომ ლევანი მეგობართან ერთად, კინო „საქართველოსთან“ ზებრაზე გადადიოდა, როცა მანქანა დაეჯახა.
გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, ავტომობილს 21 წლის ბიჭი მართავდა, რომელიც პოლიციამ გუშინვე დააკავა.
“გუშინ ღამით გავიგე საპატრულო პოლიციის და სასწრაფოს უწყვეტი ხმები, ავარია მოხდაო კინო “საქართველოსთან” ვიღაცეები ამბობდნენ… ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ეს შენ იყავი, ლევან. როგორი ზრდილობიანი, კეთილშობილი, ძალიან ჭკვიანი იყავი, ლევანიკო…. ეროვნული და საატესტატო გამოცდები ისე ჩააბარე, არც კი მომზადებულხარ! მაღალი ქულები აიღე, მახსოვს როგორ უხაროდა და როგორ ამაყობდა დედაშენი, ახლა კი საწყალ ქალს შვილს მიუსვენებენ სახლში. ალბათ ვიღაც უპასუხისმგებლომ ან მთვრალმა ადამიანმა იმსხვერპლა შენი სიცოცხლე”, – დაწერა სოციალურ ქსელში ლევან ვაშაკიძის მეგობარმა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ლევანის მეგობარი, ვაშაკიძემ კი სული სასწრაფო დახმარების მანქანაში დალია.
„როგორც გავიგე, ლევანი მომხდარიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში სუნთქავდა, თუმცა სამწუხაროდ, მიღებული ტრავმები სიციცხლისთვის შეუსამაბო იყო. მუცლის ღრუ მთლიანაც ჩაშლილი ჰქონია. მომხდარმა ძალიან იმოქმედა ჩემზე, ჩემი მეგობარი იყო, ძალიან გამორჩეული, თბილი და განათლებული ახალგაზრდა დააკლდა ოჯახს, ახლობლებსა და ნათესავებს“- გვითხრა თამარ სანაძემ.
“ნიუპოსტი” შინაგან სამეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსისი 276 მუხლის 5 ნაწილით მომდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

