თბილისის საკრებულოს წევრი, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, 36 წლის ირაკლი ნადირაძე, სულ ხმაურობს, სულ აქციებს მართავს, თბილისის მერიას აკრიტიკებს, თუმცა მსაობრივი პოპულარობა ერთმა კადრმა მოუტანა.
იმ დღეს რუსთაველზე, პარლამენტის წინ იმყოფებოდა აქციაზე, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოკლული ბიჭის, დავით სარალიძის, მკვლელების დაკავების მოთხოვნით იმართებოდა.
“იმის ნაცვლად, რომ დაიჭირონ დამნაშავეები, დაიჭირონ მკვლელები, ასე უსწორდებიან მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს…” – გაიძახოდა პოლიციელების მიერ ხელებით და ფეხებით ჰაერში ატაცებული პოლიტიკოსი, რომელსაც, ამ მდგომარეობაში მყოფს, ჟურნალისტები მიკროფონით მისდევდნენ და ისიც ინტერვიუს “ჰაერში” აძლევდა.
დეპუტატის დაკავების კადრებმა საზოგადოება გაამხიარულა. თავადაც ფიქრობს, რომ სასაცილო პოლიტიკოსების რიცხვს შეემატა.
– ბატონო ირაკლი, რა მოხდა იმ დღეს, როცა თქვენმა კურიოზულმა დაკავებამ საქვეყნოდ ცნობილი გაგხადათ?
– ამ აქციებს, როგორც მოქალაქე და ოთხი შვილის მამა, პერიოდულად ვესწრებოდი. იმ დღესაც, როცა გავიგე, რომ პოლიციელების დიდი მობილიზება იყო და კარვების აღებას აპირებდნენ, წავედი და დავინახე, რომ ქაშუეთთან აკავებდნენ პარლამენტის დეპუტატ ნიკა მელიას. მოვუწოდე, რას შვრებით, ხალხო, დეპუტატია, მისი დაკავება არ შეიძლება, ნუ ახრჩობთ-მეთქი, ამის თქმა იყო და, უკნიდან მომეპარნენ, დამაგდეს და როგორ გამიყვანეს იმ ტერიტორიიდან, ეს კადრები მთელმა საქართველომ ნახა. ორი დღე ვახალისე სრულიად საქართველო ჩემი ამ უცნაური ფორმით მიცემული ინტერვიუთი.
– მგონი, თავადაც კარგად იხალისეთ.
– მეორე დღეს დიდ უხერხულობას ვგრძნობდი, რადგან ვხვდებოდი, ამ კადრებს ბევრი ნახავდა და რეაქციაც არაერთგვაროვანი იქნებოდა. საბოლოო ჯამში, მას ჩემ მიმართ უარყოფითი ემოციები არ გამოუწვევია. ეს ამბავი ღირდა იმად, რაც მერე ზაზა სარალიძემ თქვა – 6 თვის შემდეგ პირველად გამეცინა გულიანად, როცა ვნახე, ამ ადამიანს როგორ აკავებდნენო.
200 თუ 300 მეტრი მატარეს ხელში ატაცებული, ფაქტობრივად ჰაერში. ბავშვობის მერე ხელით ამდენ ხანს არავის ვუტარებივარ.
დაკავებიდან 40 წუთი ვიჯექი პატრულის მანქანაში, რომელიც ალექსანდრეს ბაღის (ახლანდელი 9 აპრილის ბაღი. ავტ.) მიმდებარე ტერიტორიასთან იყო გაჩერებული და ტელეფონით არკვევდნენ, სად უნდა წავეყვანე. მეკითხებოდნენ, დაკავებული ხართ თუ მიტინგიდან გამოგარიდესო.
40 წუთის მერე მიიღეს მითითება, რომ უნდა დავეკავებინე და მერე გადამიყვანეს სამმართველოში, საიდანაც ხელწერილით გამათავისუფლეს. მითხრეს, რომ ისევ დამიბარებდნენ, თუმცა ამის მერე აღარავის არსად დავუბარებივარ. მტკიცებულება ვერ ექნებოდათ, რადგან ჩანდა პირდაპირ ეთერში, რომ კანონდარღვევა არ ჩამიდენია.
იმ წუთას ნამდვილად არ მეცინებოდა, მაგრამ, როგორც კი სამშვიდობოს გამოვედი, არაერთი სახალისო ვიდეო გამომიგზავნეს და ეს დღემდე გრძელდება. ამ მხიარულებას მეც ავყევი.
– არ გიცდიათ ფეხზე დადგომა თუ სპორტული არ ხართ, რომ გამკლავებოდით?
– სულ რომ შვარცენეგერი ან სუმოისტი ვყოფილიყავი, პოლიციელებს ჯაჯგურს არ დავუწყებდი. ქაშუეთის ეკლესიიდან ეროვნულ მუზეუმამდე მატარეს ხელში ატაცებული და ეროვნულ მუზეუმთან ჩამომსვეს, ალბათ თავადაც დაიღალნენ.
ბავშვობაში სპორტით ვიყავი დაკავებული და ვცეკვავდი კიდეც. ცურვაზე, ფეხბურთზე დავდიოდი. სკოლაში ერთ-ერთი კარგი მოსწავლე ვიყავი. სკოლაც და უმაღლესი სასწავლებელიც წარჩინებით დავამთავრე.
ერთადერთი, რაზეც დაკავებისას ვფიქრობდი, ის იყო, თუ როგორ ამეხსნა ჩემი შვილებისთვის, რომ პოლიციამ დამაკავა. როგორც ყველა ბავშვს, ჩემს შვილებსაც ძალიან უყვართ პატრული და პოლიციელები. ოთხი შვილი მყავს – 9 წლის ნიკოლოზი, 4 წლის ანა და 2 წლის ტყუპები, გიორგი და მარიამი.
– ცოლზეც გვიამბეთ.
– ჩემი მეუღლეა ულამაზესი რუსუდან ამაღლობელი. გია გვარამიას პლასტიკური ქირურგიის კლინიკაში ადმინისტრატორად მუშაობს. ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენს შვილებს ბედნიერი და ლაღი ბავშვობა ჰქონდეთ.
– მხიარული მამა ჰყავთ თქვენს შვილებს?
– დიახ, მხიარული ვარ. ერთად ვუყურეთ ბევრ სახალისო ვიდეოს მამაზე. თავიდან ფიქრობდნენ, რომ სკოლაში დასცინებდნენ, ბევრი კითხვა ექნებოდათ ეზოში, მაგრამ, როცა ნახეს ჩემი გულწრფელი განწყობა, რომ ამაზე არ ვბრაზდებოდი, მიხვდნენ, შეიძლებოდა ამ ამბის იუმორში გადატანა და მერე ერთად ვიგონებდით ისტორიებს. დავიჭერდით ერთ ბავშვს და ოთხნი ვატარებდით ისე, როგორც მე მატარეს პოლიციელებმა.
შვილებს ხშირად ვუმღერი – ხან პიანინოზე ვუკრავ, ხან – გიტარაზე. ბავშვობაში სიმღერებსაც ვწერდი და ლექსებსაც. სამეჯლისო ცეკვებსაც ვცეკვავდი და საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორიც ვარ. სად იყო მაშინ “ცეკვავენ ვარსკვლავები”, მე რომ ვცეკვავდი!
– ახლა შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა.
– ახლა ფიზიონომია აღარ მიწყობს ხელს, თორემ…
– უამრავ თანამდებობაზე გიმუშავიათ. ნაციონალურ მოძრაობაში როგორ მოხვდით თავის დროზე?
– სკოლას რომ ვამთავრებდი, იქმნებოდა სკოლის თვითთმმართველობები და სკოლები ირჩევდნენ სკოლის პრეზიდენტს. მაშინ გავხდი ჩემი სკოლის პრეზიდენტი, მერე – სამგორის რაიონის მოსწავლეთა კლუბის პრეზიდენტი, მოგვიანებით – თბილისის მოსწავლეთა გუნდის პრეზიდენტი.
როცა დაიშალა “მოქალაქეთა კავშირი”, შემომთავაზეს, ზურაბ ჟვანიას გუნდში წავსულიყავი. უკვე სტუდენტი ვიყავი, “გაერთიანებულ დემოკრატებში” რომ მივედი. მერე გავხდი სამგორის რაიონის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე და მერე ამ ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი.
სხვადასხვა თანამდებობაზე ვიმუშავე. ერთი სიტყვით, სტაჟიანი საჯარო მოხელე ვარ. თავს პოლიტიკოსად არ ვთვლი. საქართველოში სულ თითზე ჩამოსათვლელი გვყავს ისეთები, რომლებსაც შეუძლიათ თქვან, რომ პოლიტიკოსები არიან.
– მიხეილ სააკაშვილთან რა სახის ურთიერთობა გაქვთ?
– მიხეილ სააკაშვილი გავიცანი 2012 წელს, მას შემდეგ, რაც მის ადმინისტრაციაში დავიწყე მუშაობა. განსაკუთრებული და ყოველდღიური ურთიერთობა არ გვაქვს, მაგრამ ამ დაკავების მერე შემეხმიანა და მომიკითხა, როგორ ვიყავი.
რუსუდან ადვაძე, სარკე

