საქართველოში მამაკაცები, როგორც ჩანს, ადვილად არ შეეგუებიან სექსუალურად შემვიწროებლის იარლიყს და ბრძოლაში, რომელსაც ქალები უმართავენ, დათმობას არ აპირებენ. ორგანიზაცია “სიდას” ყოფილი ხელმძღვანელის, ზვიად დევდარიანის, შემდეგ (იხ. “სარკის” წინა ნომერი) სასამართლოში საჩივარი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, პაპუნა უგრეხელიძემ შეიტანა ყოფილი თანამშრომლის, ეკა მესხიძის წინააღმდეგ, რომელმაც იგი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.
პაპუნა უგრეხელიძემ თანამდებობა სწორედ ეკა მესხიძის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ დატოვა, რომელიც მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა. უგრეხელიძემ წერილი გაავრცელა, სადაც ბრალდებებს უსაფუძვლო და პოლიტიკური უწოდა. მისი თქმით, ეკა მესხიძის ბრალდებებმა მკვეთრი პოლიტიკური ელფერი მას შემდეგ მიიღო, რაც მისი მეუღლე ზურაბ ყიფიანი, რომელიც ნაცმოძრაობის წევრ ლევან ბეჟაშვილის ცოლისძმაა და საჯარო რეესტრში მუშაობდა, სამსახურიდან გაათავისუფლა.
“ვაცხადებ, რომ ეს ბრალდებები არის შურისძიება იმის გამო, რომ ეკა მესხიძის მეუღლე ზურაბ ყიფიანი (ნაცმოძრაობის წევრ ლევან ბეჟაშვილის ცოლისძმა), რომელიც რეესტრში 2010 წელს დაინიშნა, 2016 წლის 22 აგვისტოს ბრძანებით შეფარდებული დისციპლინური სახდელის საფუძველზე გათავისუფლდა, საჯარო რეესტრის გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის სივრცითი ინფორმაციის სამსახურის გეოინფორმაციული სისტემების ადმინისტრატორის პოზიციიდან.
ზურაბ ყიფიანი, როცა სამსახურში იშვიათად შემოივლიდა, ტეხდა მეუღლის გამო კონფლიქტებს, ძაღლით ატერორებდა იუსტიციის სახლში მოსულ ათასობით მომხმარებელს და სხვა.
ერთადერთი, რისთვისაც ვიხდი ბოდიშს, არის ის, რომ ვმეგობრობდი ეკა მესხიძესთან, რომელიც რეესტრში 2004 წელს დაინიშნა, რომ ვენდობოდი მას და რომ ფამილარული გამონათქვამები ერთმანეთის მიმართ გვქონია, რადგან ვერ წარმოვიდგენდი, რომ სამსახურში ჩემს დაბადების დღეზე მის მიერვე მოტანილ ციყვებიან ტორტს ის მოგვიანებით სექსუალურ ჭრილში წარმოაჩენდა. ნამდვილად ძალიან სამარცხვინო და უხერხულია”, – წერდა პაპუნა უგრეხელიძე.
“ქმრის საკითხი საერთოდ არაფერ შუაშია იმ ბრალდებებთან, რომლებზეც მე ვსაუბრობ. იყო არაპირდაპირი კომუნიკაცია თანამშრომლის საშუალებით, რომელთანაც ვმეგობრობ, მემუქრებოდა, წაათრიოს თავისი ქმარი, აქ რას დამიტოვაო. იყო მუქარა, რომ ჩემი ქმარი თუ არ წამოვიდოდა, ახალ სამსახურშიც შემიქმნიდა პრობლემებს. ეს მთელი 6 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. თანამშრომელს ეუბნებოდა, რომ არ გამახარებს და არ მოისვენებს, სანამ არ დამმარხავს.
ამის შემდეგ შევუთვალე, რომ ამდენი ხანი ვიყავი ჩუმად, სამსახურიდან მშვიდად წამოვედი, მაგრამ ეს იყო მუქარა და ამისთვის ვუჩივლებდი. მისი პასუხი ამაზე იყო ის, რომ ამ შემთხვევაში გაავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს ერთმანეთთან მხოლოდ სამსახურებრივი ურთიერთობა არ გვაკავშირებდა. სწორედ ამან გადამაწყვეტინა საბოლოოდ, მიმემართა სახალხო დამცველისთვის, რაც დროში ნამდვილად დაემთხვა ჩემი ქმრის სამსახურიდან გამოშვებას, თუმცა ეს მიზეზი არ ყოფილა”, – უპასუხა უგრეხელიძეს ეკა მესხიძემ ასევე საჯაროდ გავრცელებულ წერილში.
…
2017 წლის 3 მაისს მიღებული დასკვნის მიხედვით სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ პაპუნა უგრეხელიძემ, სექსუალური შევიწროებით გამოხატული, სქესის ნიშნით შევიწროება განახორციელა.
სახალხო დამცველის დასკვნაში დეტალურადაა აღწერილი საქმის გარემოებები და მოყვანილია უგრეხელიძესა და მის ყოფილ თანამშრომელ ქალს შორის მიმოწერა.
“პაპუნა უგრეხელიძე: ციყვო, შევსებული ცხრილი იყო, რაც მომეცი?
მსხვერპლი: კი, ეგ არის.
პაპუნა უგრეხელიძე: გული გამომიგზავნე”.
ამის შემდეგ პაპუნა უგრეხელიძე გულებს თავად უგზავნის…
“პაპუნა უგრეხელიძე: გავიგე და მოგხედავ მე შენ, ნუ ხტიხარ და აკეთე ის, რასაც გეუბნები. არ დაგნძრევია ამდენი ხანი და არც აწი დაგენძრევა, უნდა მიხვდე ჩემს დამოკიდებულებას. ამხელა გოგო ხარ და ზედმეტი არ უნდა მოგივიდეს! ხელითაც შეგეხები და მართლა ნაცემი რო იქნები, მერე მიხვდები! მაიმუნო შენა!”.
…
დასკვნაში წერია, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ესაუბრნენ კიდევ ერთ თანამშრომელს, რომელმაც თქვა, რომ პაპუნა უგრეხელიძე შეურაცხყოფას აყენებდა, მას მუდმივად მიმართავდა დამამცირებლად, მაგალითად, ისეთი ტერმინებით, როგორიცაა “დებილო”, “კუთხეში დადექი” და ა.შ.
“სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა, ერთი მხრივ, სქესის ნიშნით შევიწროებას, რაც გამოიხატა განმცხადებლის მიმართ შეურაცხყოფასა და დამამცირებელი სამუშაო გარემოს შექმნაში და, მეორე მხრივ, ვერბალური ფორმით სექსუალურ შევიწროებაში, რაც გამოიხატა კონკრეტული ფამილარული თუ უხამსი სიტყვების გამოყენებაში.
ზემოაღნიშნულ ქმედებებს ჰქონდა განგრძობადი ხასიათი და დამამცირებელ და მტრულ სამუშაო გარემოს უქმნიდა განმცხადებელს”, – ვკითხულობთ სახალხო დამცველის დასკვნაში.
სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბრისას პაპუნა უგრეხელიძემ თქვა, მისი (ეკა მესხიძის) ასაკის ქალები არ მიზიდავსო და აღნიშნა, რომ ირგვლივ უამრავი ახალგაზრდა ლამაზი ქალია და განმცხადებელს არ შეხედავდა.
…
მიუხედავად სახალხო დამცველის მიერ გაკეთებული დასკვნისა, პაპუნა უგრეხელიძემ სასამართლოს მიმართა და სახალხო დამცველს პოლიტიკურად ანგაჟირებადი უწოდა. “ფეისბუქის” პირად გვერდზე მან დაწერა:
“ჩემო მეგობრებო და კეთილმოსურნენო! დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქმე ეკატერინე მესხიძის წინააღმდეგ! არსებობს უსამართლო ბრალდებები, რომლებსაც ვპასუხობ დუმილით, მაგრამ, როდესაც საქმე ეხება ყოვლად უსინდისო, ცრუ, ცილისმწამებლურ ბრალდებებს, რომლებმაც ჩემს ღირსებასთან ერთად შელახეს ჩემი საქმიანი რეპუტაციაც, ასეთ უსამართლობას, რა თქმა უნდა, ვუპასუხებ სასამართლოს ძალით!
დღეიდან ავხდი ფარდას ბევრ დაფარულს და ვამხელ არაერთ ტყუილში ეკატერინე მესხიძეს და მის ამფსონებს, რომლებაც ადამიანისა და ქალთა უფლებების დაცვის საფარქვეშ ყოვლად უსინდისო, ბინძური კამპანია აწარმოეს. ამ კამპანიასა და სიცრუის ტირაჟირებას არ ჩამორჩნენ არც პოლიტიკურად ანგაჟირებლი სახალხო დამცველი და არც ხელმოცარული პოლიტიკოსები თუ პოლიტიკური ჯგუფები! მე ვაძლევ მათ პირობას, რომ სიმართლე არ დაიმალება და კვლავინდებურად უკიდურესად გაწბილებულები დარჩებიან!”…
…
“სარკე” პაპუნა უგრეხელიძეს დაუკავშირდა, მაგრამ მან არც თავად ისურვა საუბარი და არც ადვოკატის ვინაობა გაგვიმხილა. ეკა მესხიძე კი ამბობს, რომ სასამართლოში უკეთესად დაამტკიცებს პაპუნა უგრეხელიძის დანაშაულებრივ ქმედებებს.
ეკა მესხიძე:
– ჯერჯერობით სარჩელი არ ჩამბარებია, არც ის ვიცი, რას მედავება, მეც თქვენსავით მედიით შევიტყვე. შესაბამისად, ვერც სიღრმისეულ, სამართლებრივ ანალიზს გავაკეთებ და ვერც კომენტარს. მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია, რაც ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ მზად ვარ ნებისმიერი სამართლებრივი პროცესებისთვის, რადგან სასამართლოს გზით უკეთ დავამტკიცებ ამ კაცის დანაშაულებრივ ქმედებებს.
ერთს ვნანობ, რომ თავის დროზე არ შევიტანე მის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში. ახლა კი, რადგან მან ეს გზა აირჩია, ჩემთვის უკეთესია, უკეთ დავამტკიცებ სიმართლეს და გამოვლინდება მისი დანაშაულიც და ის, თუ როგორი არ უნდა იყოს საჯარო მოხელე, როგორ არ უნდა ინიშნებოდნენ ნეპოტიზმით სახელმწიფო მოხელეები.
ყველაზე მთავარი ის არის, რომ ამ ორმა ფაქტმა (ზვიად დევდარიანის სასამართლოსაც ვგულისხმობ), ქალებს კიდევ უფრო გაუჩინათ შიში. ისედაც არ იღებენ ხმას, ეშინიათ და რა გამოდის, სახელმწიფოსგან არ მოჰყოლია შესაბამისი რეაქცია, არავინ დაუსჯიათ და არავის დაუგმია ეს დანაშაული. ოფიციალურად არც მოხსნეს. თქვა, გადავდექიო. არავინ გამოსულა და არ უთქვამს, რომ ცუდად მოიქცა. შეშინებული ქალები კი როგორ ამოიღებენ ხმას იმის შიშით, რომ იქით არ უჩივლონ შემდეგ?!
– ამ შემთხვევაში ნეპოტიზმით დანიშვნაში რას გულისხმობთ?
– ვგულისხმობ, თუ რა ნიშნით შეარჩია ქალბატონმა წულუკიანმა ეს კადრი სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უწყების და სფეროს ხელმძღვანელის თანამდებობაზე. და ამის მიზეზი ყველამ ძალიან კარგად იცის – ის მინდია უგრეხელიძის შვილია. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ მათი ახლო ურთიერთობა სტრასბურგში მათი მოღვაწეობიდან იწყება და ქალბატონი თეა დიდად ემადლიერება ბატონ მინდიას მის კარიერულ წინსვლაში დახმარებისა და ხელშეწყობისთვის.
– როგორ ხართ ამ ინციდენტის შემდეგ, როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება?
– რაც შეეხება ჩემს ცხოვრებას, მიუხედავად იმ ტკივილისა, რაც მათ მომაყენეს,იმ ცრემლისა თუ არაერთი უძილო ღამისა და ნერვიულობისა, რის გამოც ჯანმრთელობა შემერყა, მაინც ბედნიერი ვარ, რომ შევძელი, რაღაც ეტაპზე საკუთარ თავში ძალა აღმოვაჩინე და ხმა ამოვიღე.
ჩემი სიმართლე უკვე დავამტკიცე, რაც დასტურდება სახალხო დამცველის დასკვნით. ეს არა მხოლოდ ჩემი ბრძოლაა, ეს ყველა ქალის ბრძოლაა იმ უფლებებისა და ღირსების დაცვისთვის, რომელზეც დღეს ბევრი ქალი ხმამაღლა ვერაფერს ამბობს.
…
ეკა მესხიძის უფლებებს სასამართლოში “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” დაიცავს. მათი წარმომადგენელი, ნონა ქურდოვანიძე, ამბობს, რომ მესხიძეს ბევრი მტკიცებულება აქვს, რომელიც სასამართლოს მის სიმართლეში დაარწმუნებს.
ნონა ქურდოვანიძე:
– შევიწროებას რომ ჰქონდა ადგილი, ეს დადგენილია იმ მექანიზმის გამოყენებით, რომელიც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. ეს არის სახალხო დამცველისთვის მიმართვა და დისკრიმინაციის დადგენა. სახალხო დამცველის მიერ უკვე დადასტურებული გარემოებაა, რომ ადგილი ჰქონდა სექსუალურ შევიწროებას.
– როდესაც არსებობს ასეთი დასკვნა, რაღას დაეფუძნება უგრეხელიძის სარჩელი?
– ვერ გეტყვით. არ შეიძლება მსხვერპლის უფლების შეზღუდვა, რომ მან ისაუბროს შევიწროებასთან დაკავშირებით. არ შეიძლება, იმ ადამიანის პირადი ცხოვრება უპირატესი იყოს მსხვერპლის უფლებებზე, რომ მან ისაუბროს მომხდარ ფაქტებზე.
– პაპუნა უგრეხელიძემ გამოაქვეყნა ნაწყვეტებიც. სავარაუდოდ, ეს ჩვენებებია, რომლებიც მათმა ყოფილმა თანამშრომლებმა მისცეს და ამით დასტურდება, რომ უგრეხელიძესა და მესხიძეს საკმაოდ კარგი და ახლო ურთიერთობა ჰქონდათ.
– ეს არის ფრაგმენტული ამონარიდები და კომენტარს ვერ გავაკეთებთ. სახალხო დამცველთან ჩვენ მიერ წარდგენილი იყო არაერთი მტკიცებულება, რომლებზე დაყრდნობითაც სახალხო დამცველმა გადაწყვეტილება მიიღო. როცა სასამართლოში შევიტანთ შესაგებელს, მაშინ წარვადგენთ ყველა მტკიცებულებას, რომლებიც ჩვენ გვაქვს.
ნებისმიერი მსხვერპლისთვის ამ ფაქტებზე საჯაროდ საუბარი დამატებითი სტრესია, რადგან მათ შეიძლება საზოგადოების მხრიდანაც განიცადონ უარყოფითი დამოკიდებულება. ამ დროს კი არ არის სწორი გადაწყვეტილება, როცა მათ მიმართ კიდევ სამართლებრივ დავებს აწარმოებენ.
– თავის დროზე რატომ არ მიმართა ეკა მესხიძემ სასამართლოს?
– დისკრიმინაციის აღმოფხვრის კანონმდებლობის მიხედვით, მსხვერპლს შეუძლია მიმართოს სახალხო დამცველს ან სასამართლოს. ეკა მესხიძემ კი მიმართა სახალხო დამცველს. სახალხო დამცველის გადაწყვეტილების გასაჩივრება არ ხდება, ამიტომ საინტერესოა, როგორ ასაბუთებს უგრეხელიძე სარჩელის შეტანის საფუძველს.
…
პაპუნა უგრეხელიძე უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მინდია უგრეხელიძისა და მისი ყოფილი ცოლის, ლუიზა კობახიძის, უმცროსი შვილია. წლების წინ მინდია უგრეხელიძე ცოლს გაშორდა და ევა გოცირიძესთან დაიწყო ცხოვრება. მათ შვილიც ეყოლათ, რომელიც 2000 წელს სტრასბურგში დაიბადა.
პაპუნა უგრეხელიძეს თათული ღვინიაშვილთან ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავს, რომელიც ასევე 2000 წელს დაიბადა. ისინი ერთმანეთს 2009 წელს გაშორდნენ.
რუსუდან ადვაძე, სარკე

