რაჭაში, სოფელ სადმელში მომხდარ საზარელ ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ჯერ ბორდიურზე ავარდა, შემდეგ კი ღობეს დაეჯახა და ამის შემდეგ საცხოვრებელი სახლის ეზოსთან, კაკლის ხეს შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად გარდაიცვალნენ ავტომობილის მძღოლი და 2 მგზავრი. ასევე დაშავებულია ორი პირი.
ავარია მსახიობ ონისე ონიანის სახლთან მოხდა. იგი სოფელ სადმელში დასასვენებლად იმყოფება და ავარიას თავადაც შეესწრო.
– ჩვენს ეზოში არ შემოვარდნილა, ხეს დაეჯახა…. ამ ხემ შეაჩერა. თუმცა ერთ-ერთი მგზავრი, რომელიც ამ ავარიის შედეგად გარდაიცვალა, ჩვენთან ეზოში გადმოვარდა. სასწრაფოს მოსვლამდე ყველაფერი გავაკეთეთ, ვცადეთ მათი გადარჩენა, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ჩვენც სასწაულებრივად გადავურჩით სიკვდილს, რისთვისაც ღმერთს მადლობას ვუხდი. ფაქტობრივად ხემ გადაგვარჩინა, კარგი იქნებოდა იმ მგზავრების გადარჩენაც მომხდარიყო, მაგრამ ჩვენ ვცადეთ და ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, – ყვება ონისე ონიანი.
ამბები.ჯი

