ტელეწამყვანმა მარგო ლუჩკომ რამდენიმე კვირის წინ ,,სარკეს” გაუმხილა, რომ მის ცხოვრებაში დიდი სიყვარული გამოჩნდა და ის ყოფილი კალათბურთელია. როგორც ჩანს, შეყვარებული წყვილი უკვე დაქორწინებას აპირებს. ამის შესახებ მარგომ ,,პრაიმტაიმთან” ისაუბრა.
– სიურპრიზების მოყვარული ყოფილა შენი ბიჭი…
– ჰო, ამ მხრივ მართლაც ძალიან ყურადღებიანია. ხშირად უწევს საზღვარგარეთ ყოფნა და უყურადღებოდ რომ არ ვიგრძნო თავი, ხშირად მიგზავნის იქიდან საჩუქრებს, ყვავილებსაც კი. ბრილიანტები მიყიდა… დამპირდა მანქანას გიყიდიო, მაგრამ მანამდე ჩაფხუტი მიყიდა, მართვა ისწავლეო (იცინის). ახლა უკვე მართვაც ვიცი და მართვის მოწმობაც მაქვს. ასე რომ, საჩუქრისთვის მზად ვარ (იცინის).
– რას საქმიანობს?
– მაგას ვერ გეტყვი.
– ვიცი, დაბადების დღეზე ძალიან კარგი საჩუქარი გაგიეკეთა...
– არც ვიცოდი საქართველოში რომ იყო. მითხრა, ვერ ვახერხებ ჩამოსვლასო. ჩამოვიდა და ერთად გავფრინდით საზღვარგარეთ, სადაც დაუვიწყარი დრო გავატარეთ….
– ანუ საქორწინო მოგზაურობაც გქონდა?
– უფ, საქორწინო მოგზაურობა უკვე ბევრი გვქონდა… ახლაც 4 დღით იტალიაში მივდივართ, სამწუხაროდ მარტო 4 დღით.
– მის ვინაობას არ გაგვიმხელ?
– აი, იცი, რა მაგარი ბიჭია! ჩემზე მაღალია, ქუსლებზე რომ ვდგავარ, მაშინაც კი. სპორტსმენია, ყოფილი კალათბურთელი. ხომ იცი, გემოვნებიანი გოგო ვარ (იცინის). ძალიან ვუხდებით ერთმანეთს.
– ცოლი ჰყავს?
– არა! რად უნდა ცოლი. მე ვიქნები მისი ცოლი, რა პრობლემაა (იცინის).
– არც ჰყოლია?
– კი, ძალიან ადრე, ერთი შვილი ჰყავს მასაც. უკვე საერთო შვილებზეც ვფიქრობთ. მითხრა, რომ ჩემნაირი პატარა გოგო უნდა და ერთი-ორი ბიჭიც…
– და რატო მალავ?
– თვალი რომ არ ეცეს. შურიანი თვალების მეშინია. ჩვენმა მეგობრებმა და ოჯახებმა ყველაფერი იციან. მეტი რა საჭიროა. მის მშობლებთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს.
– ერთი პერიოდი კრიზისიც გქონდათ ურთიერთობაში, მიამბობ რა მოხდა?
– საზღვარგარეთ იყო წასული დიდი ხანი. ყურადღებას ვერ მაქცევდა და დეპრესია დამემართა. მიტოვებულად ვიგრძენი თავი. რომ ჩამოვიდა და ამიხსნა, რომ მისი მოუცლელობა მისი სამსახურიდან არის გამოწვეული, რომ არავითარ შემთხვევაში არ აპირებს ჩემს დაკარგვას, დავმშვიდდი. თაფლივით მომედო მისი სიტყვები გულზე. რომ შევუყვარდი ვიღაცას, არ მჯერა…
– რატომ?
– არ ვიცი, მგონია, რომ ყველა მეგობრულად მიყურებს. სიყვარული კარგი რამეა, ძალიან კარგი.
პრაიმტაიმი, ნინო მჭედლიშვილი

