„ჩემს შვილს კაცის და ქლის სასქესო ორგანოებზე ესაუბრებოდნენ” – ბავშვის მშობელი საზაფხულო სკოლებზე

„ჩემს შვილს კაცის და ქლის სასქესო ორგანოებზე ესაუბრებოდნენ" - ბავშვის მშობელი საზაფხულო სკოლებზეფასანაურში მცხოვრები ბადრი დავითური წერს, რომ მის შვილს საზაფხულო სკოლაში უტარდებოდა გაკვეთილები, რომლებიც ,,მიდრეკილი იყო მრუშობისკენ, გარყვნილებისკენ და უკუღმართობისკენ”. ის დახმარებისთვის მიმართავს საპატრიარქოს და ბავშვთა უფლებების დაცვის
საზოგადოების თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილს.

,,მოგახსენებთ, რომ დაბა ფასანაურის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე, ჩემი შვილი დავით დავითური, სკოლის ხელმძღვანელმა და დუშეთის ე.წ. რესურს ცენტრმა ა/წ 27 ივლისს გააგზავნეს საგარეჯოს რ-ნი სოფ. მანავის სამხედრო ბაზაზე არსებულ სპორტულ შემეცნებით საზაფხულო ბანაკში ერთი კვირით, სადაც, მათივე თქმით, ბავშვებს ექნებოდათ შესაძლებლობა, მიეღოთ განათლება. ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება.

როგორც მართლმადიდებელმა ქრისტიანმა მწუხარებით მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნულ ბანაკში სულიერების ასამაღლებელი ფაქტორები არ გამოვლენილა, პირიქით: ბავშვი ამბობს, რომ უტარდებოდათ ლექციის მაგვარი გაკვეთილები, რომლებიც მიდრეკილი იყო მრუშობისკენ, გარყვნილებისკენ და უკუღმართობისკენ.

კერძოდ: 1) ასწავლიდნენ, რომ კაცი უნდა იპარსავდეს ფეხებს, 2) უნდა ეკეთოს საყურე. 3) მამაკაცს უნდა ჰქონდეს კიკინები და ა.შ.

როდესაც ერთ-ერთი წამოდგა და თქვა, ეს დაუშვებელიაო, ლექციის ავტორებმა, ორმა ქალბატონმა, მკაცრი ტონით მიმართა, რომ არასწორად ფიქრობდა და უნდა დამჯდარიყო, ხოლო ჯგუფის ლიდერმა კი უთხრა: არ შეწინააღმდეგებოდა მათ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაატოვებინებდნენ ბანაკს. ასეთი დაშინება იყო ჩემი შვილის და ალბათ სხვა ბევრი ბავშვის გაჩუმების მიზეზი.

ეს ქალბატონები, რომლებიც ვერ გავარკვიე, საიდან იყვნენ, დუშეთის რესურს ცენტრის თანამშრომელმა კითხვაზე, თუ ვინ უკითხავდა ამ ლექციებს ბავშვებს, მიპასუხა, რომ: მგონი, გაერო-ს წარმომადგენლები იყვნენო.

ზემოთ აღნიშნული ქალბატონები ბავშვებს ათამაშებდნენ სულიერებისთვის ხიფათის შემცველ თამაშებს

კერძოდ: ეკითხებოდნენ ჯგუფს

1) სიგარეტის მოწევა შეიძლება?

თუ მიიღებდნენ პასუხად – ,,არა, არ შეიძლება”, დაფასთან გაყვანილ ბავშვს პირზე აკრავდნენ ,,სკოჩს”

2) უნდა ილაპარაკო ადმიანმა თუ არა ბევრი?

3) უნდა ჰქონდეს კიკინა თუ არა კაცს?

,,არა”-ს მიღების შემთხვევაში დაფასთან მდგომ ბავშვს ,,სკოჩავდნენ”. კითხვების დასრულების შემდეგ კი ხსნიდნენ ,,სკოჩს” და ამბობდნენ, ,,დიახ! უნდა მოწიოს სიგარეტი! დიახ! უნდა ილაპარაკოს ბევრი, თუ ეს მას უნდა”.

ასევე დაფაზე ჩამოწერეს 15 კითხვა. აქედან იმ კითხვებს წარმოგიდგენთ, რაც ბავშვმა გაიხსენა.

ვისთან ერთად იმგზავრებდით?

1) გერმანელ რეპერთან.

2) ათეისტთან, რომელიც თავის იდეებს ავრცელებს?

3) ფემინისტთან?

4) რუს მეძავ ქალთან ერთად?

რომელიმე კითხვის არჩევის შემთხვევაში უსვამდნენ უამრავ კითხვას, რას გააკეთებდი? რატომ გინდა მასთან ერთად მგზავრობა? და ა.შ.

ასევე ესაუბრებოდნენ მამაკაცის და დედაკაცის სასქესო ორგანოებზე – კითხვები მათ მიერვე გადაღებულ სარეკლამო ფოტოებზე ჩანს.

მე როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი, ვფიქრობ, ამ ბანაკების ასეთი ფორმით არსებობა სახიფათოა გარდატეხის ასაკში მყოფთა სულებისთვის. მათ მშობლებთან შეუთანხმებლად ჩაატარეს ასეთი გარყვნილების შემცველი ლექცია, მე ვადასტურებ, რომ დაირღვა ჩემი და ჩემი შვილის უფლებები, რომ გვცოდნოდა ამის შესახებ, ბავშვს არ გავუშვებდი ბანაკში.

ჩემი შვილი 14 წლისაა ჯერ და ამ პრეტენზიის წარმოთქმისას სკოლის დირექტორმა ასეთი პასუხი გამცა, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მადლობის მაგიერია. ეგ ლექცია ერთხელ ჩაუტარდა და მორჩაო.

ასეთივე წერილით მივმართე საპატრიარქოსაც და მოგმართავთ თქვენც რადგან სხვა გზა, სხვა ხსნა არსად ჩანს, ბოდიშის მოხდით მოგმართავთ თხოვნით, კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუშალოთ ჩვენი მომავალი თაობების გარყვნას”, – წერს დავითური.