ავთო აბესლამიძემ ასტანაში რუსეთი დაამარცხა და 10 ათასი დოლარით დაბრუნდა

ავთო აბესლამიძემ ასტანაში რუსეთი დაამარცხა და 10 ათასი დოლარით დაბრუნდაახალგაზრდა ბათუმელმა მომღერალმა ავთო აბესლამიძემ – საქართველოში “იქს ფაქტორის” გამარჯვებულმა, ამჯერად ყაზახეთში მოიპოვა დიდი წარმატება. ასტანაში გამართულ მუსიკალურ კონკურს “ვოისში” გრან პრი მოიპოვა და მსხვილი ფულადი ჯილდო მიიღო. საქართველოში დაბრუნებისთანავე ავთომ თავისი ემოციები და შთაბეჭდილებები “სარკეს” გაუზიარა.

– ავთო, გილოცავთ გამარჯვებას! როგორ მოხვდით ასტანაში გამართულ კონკურსზე?

– დამიკავშირდნენ ორგანიზაცია “სილქ როუდ სტარიდან”, რომლის დამფუძნებელიც გახლავთ ავთო გვასალია და შემომთავაზეს ამ კონკურსში მონაწილეობა. გავეცანი პირობებს და დავთანხმდი.

– რა გითხრეს, რატომ გაკეთდა თქვენზე არჩევანი?

– არ ვიცი, ალბათ იმიტომ, რომ ბევრ კონკურსში მაქვს მიღებული მონაწილეობა და ასე ჩათვალეს საჭიროდ. ამაზე მე ვერ გიპასუხებთ.

– ასტანაში რა რეალობის წინაშე აღმოჩნდით? როგორი იყო მოსამზადებელი პერიოდი?

– ძალიან რთული რეჟიმი მქონდა. დილით ადრე არასდროს ვიღვიძებ, იქ კი ძალიან ადრე მიწევდა ადგომა. ყოველდღე იყო გადაღებები, პრომოების ჩაწერა, ინტერვიუები.

– რამდენი ქვეყანა მონაწილეობდა კონკურსში?

– 20 ქვეყანა. ასტანის 20 წლის იუბილე იყო და კონკურსის პირველ ტურში სიმღერა ასტანაზე უნდა გვემღერა. სიმღერას, რომელიც შევარჩიე, 4 ბიჭი ასრულებს კლასიკურად და ძალიან რთული იყო შესასრულებლად.

– ანუ გარისკეთ და სოლო იმღერეთ?

– ნამდვილად ერთგვარი რისკი გამოვიდა.

– ყაზახურ ენაზე სიმღერა როგორ გამოგივიდათ, ენის ბარიერი ადვილად დაძლიეთ?

– 15 დღე მქონდა შუალედი, რომ სიმღერა მესწავლა და, რა თქმა უნდა, იქაც დამეხმარნენ. ყაზახური სიტყვები წარმოსათქმელად რთული არაა, უბრალოდ უხეში “ღ” აქვთ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, დავძლიე სირთულე.

ავთო აბესლამიძემ ასტანაში რუსეთი დაამარცხა და 10 ათასი დოლარით დაბრუნდა– კონკურსანტებზე რას გვეტყვით, ძლიერი მონაწილეები იყვნენ?

– ეს იყო ძალიან მასშტაბური პროექტი და ჩემთვის ყველაზე რთული კონკურსი, სადაც კი აქამდე გავსულვარ. რაც შეეხება მონაწილეებს, ყველა ქვეყანამ ძალიან ძლიერი მომღერალი წარადგინა. დიდი მობილიზება იყო, ყველა ქვეყანას სურდა, თავისი სათქმელი ეთქვა.

– მეორე ტურში რა სიმღერა შეასრულეთ?

– მეორე ტურში ჩვენზე იყო არჩევანი, თუ რას ვიმღერებდით. ან საკუთარი რეპერტუარიდან უნდა შეგვესრულებინა, ან უცხოური სიმღერა გვემღერა. მე შევარჩიე უცხოური ჰიტი და ვიმღერე მარკ ენტონის “მაი ბეიბი იუ”. მეორე ტურში მაქსიმალური ქულა ავიღე, პირველ დღეს კი მაქსიმალურს ერთი ქულა დამაკლდა.

– კონკურენტად ვის მიიჩნევდით?

– ჩემი კონკურენტი რუსეთი იყო, თუმცა უცხოური ჰიტების შესრულების დროს ძალიან დაბალი ქულები აიღო და მესამე ადგილზე გავიდა.

– ანუ რუსეთი დაამარცხეთ.

– კი, დავამარცხე.

– რა განცდა დაგეუფლათ, როდესაც გამარჯვებულად გამოგაცხადეს?

– მოგატყუებთ, რომ გითხრათ, წინასწარ არ ვიცოდი-მეთქი, რადგან მონაწილეები ქულებს ვითვლიდით და უკვე ვხვდებოდი, ვინ გაიმარჯვებდა. მოგების სურვილი ყველას ჰქონდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, შურს ვერავისგან იგრძნობდით და ყველაზე მთავარი ეს იყო. მონაწილეებს ძალიან კარგი, მეგობრული დამოკიდებულება გვქონდა ერთმანეთთან. მე ავიღე გრან პრი, ხოლო ყაზახი და უკრაინელი მომღერლები პირველ ადგილზე გავიდნენ, რადგან თანაბარი ქულები დააგროვეს.

ეს კონკურსი მომავალ წელს უფრო ფართო მასშტაბის იქნება, მე მიმიწვიეს სტუმრის სტატუსით. გამარჯვებულს პირადად მე გადავცემ პრიზს ან შესაძლოა ჟიურიშიც ვიჯდე.

– ჟიურიში ვინ იყვნენ?

– ჟიურის წევრები იყვნენ ვალერი მელაძე, ჯგუფ “ა სტუდიოს” დამფუძნებელი, ასტანის მერი, იტალიის წარმომადგენელი, რომელიც საბავშვო “ევროვიზიას” კურიერებს, ყაზახური ტელეკომპანია “TV 11”-ის დირექტორი და ავთო გვასალია – “სილქ როუდ სტარის” დირექტორი.

– სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი რაოდენობით ფულადი პრემია მიიღეთ. 100.000 დოლარზე იყო საუბარი.

– 10 ათასი დოლარით დამაჯილდოვეს.

– ალბათ დაახლოებით უკვე დაგეგმეთ, სად და როგორ დახარჯავთ მოგებულ თანხას.

– ისევ მუსიკაში ჩავდებ, ჩავწერ სიმღერებს. გარდა ამისა, მალე თურქეთში მივფრინავ, სადაც კლიპს ვიღებ. მოგეხსენებათ, რომ თურქი პროდიუსერები დაინტერესდნენ ჩემით და სამწლიანი ხელშეკრულება გამიფორმეს (ამის შესახებ ავთო “სარკესთან” წინა ინტერვიუში ყვებოდა. ავტ.).

– თურქულ ენაზე უნდა იმღეროთ?

– არა, ინგლისურენოვანი სიმღერაა, რომელიც თურქული მოტივებით იქნება გაჯერებული.

– თურქულ შოუბიზნესში აპირებთ თავის დამკვიდრებას?

– ძირითადად თურქეთში დავფუძნდები, თუმცა ისრაელსა და საბერძნეთშიც მექნება კონცერტები. საქართველოშიც შემეძლება ჩამოსვლა და აქაურ კონცერტებშიც ჩვეულებრივად მივიღებ მონაწილეობას.

– ქართველმა კოლეგებმა რა გითხრეს, თუნდაც ქეთა თოფურიამ, რომელმაც ასტანაში იმღერა, ასევე ვალერი მელაძემ და სხვებმა?

– ძალიან გაუხარდათ. “ა სტუდიოს” დამფუძნებელმა აღნიშნა, მსგავსი ხმის ტემბრი ჯერ არ მოგვისმენიაო. ისე დაემთხვა, რომ მე და ქეთა თოფურია ერთად ჩამოვფრინდით საქართველოში. მან მომილოცა და წარმატებები მისურვა.

– დაბოლოს, ვინ იზრუნა თქვენს ჩაცმულობაზე?

– უნიჭიერესმა, უმაგრესმა დიზაინერმა გოგა ნიქაბაძემ, რომელიც ამჟამად მოსკოვში ძალიან წარმატებულია. მისმა სამოსმა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა.

გიორგი საკარული, სარკე