ადიგენის სკოლა ვაგონში – 1 მოსწავლით, 1 მასწავლებლით და დირექტორით

ადიგენის სკოლა ვაგონში - 1 მოსწავლით, 1 მასწავლებლით და დირექტორითსამცხე-ჯავახეთში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ კიკიბოში, სკოლის შენობის ფუნქციას რკინის ვაგონი ასრულებს, ისიც – ავარიული და დაჟანგული. რამდენიმე კვადრატულ მეტრ “საგანმანათლებლო დაწესებულებაში” ერთი მოსწავლე სწავლობს, სკოლას ერთი პედაგოგი ჰყავს და, როგორც წესი და რიგია, დირექტორიც.

ეს უკანასკნელი გვიამბობს, რომ წლების წინ ამ ვაგონში სხვადასხვა კლასში რვა მოსწავლე სწავლობდა, მაგრამ სოფელში უწყვეტი მიგრაცია მიმდინარეობს და სკოლას ერთადერთი ბავშვი, მესამეკლასელი რამინ გობაძე შემორჩა.

ულამაზესი, მწვანეში ჩაფლული სოფელი კიკიბო ზღვის დონიდან 1520 მეტრის სიმაღლეზეა. სოფლამდე რომ მიხვიდეთ, შუაგულ ტყეში სახიფათო და დამეწყრილი გზა უნდა გაიაროთ. იქ სულ რვა ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივები მესაქონლეობას მისდევენ.

ადიგენის სკოლა ვაგონში - 1 მოსწავლით, 1 მასწავლებლით და დირექტორით“სარკე” სკოლის დირექტორ მერაბ ბერიძესაც ესაუბრა, პედაგოგსაც და მოსწავლესაც.

– ბატონო მერაბ, მართალია, ერთი მოსწავლე გყავთ, მაგრამ სასწავლო პირობები მასაც სჭირდება. ეს კონსტრუქცია აკმაყოფილებს ელემენტარულ მოთხოვნებს?

– სკოლის შენობა ავარიულია და მის ადგილზე ვაგონი დადგეს. ჰოდა, ამ ვაგონში მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროცესი. ზამთარში სითბო არის, შეშის ღუმელი გვაქვს, პატარა ოთახია და მალე თბება, თუმცა არ გვაქვს შუქი, სამწუხაროდ, ამ ვაგონს ელექტროენერგია არ მიეწოდება. მუდმივად საუბრობდნენ იმაზე, რომ სოფელში სკოლა აშენდებოდა, მაგრამ ამ დრომდე არ არის.

– საქართველოს განათლების სამინისტრომ იცის ამ სკოლა-ვაგონის შესახებ?

– რა თქმა უნდა, ამის შესახებ ყველამ იცის. ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ სკოლის საერთოდ გაუქმებას სჯობს, ასეთი ვაგონი იყოს, ადგილობრივებსაც ეს ურჩევნიათ გაუქმებას.

– თქვენს ერთადერთ პედაგოგს როგორი ანაზღაურება აქვს?

– ერთი პედაგოგი გვყავს, მესამეკლასელ ბავშვს მეტი რაში სჭირდება, ის ასწავლის ყველაფერს. ხელფასს რაც შეეხება, როგორც სხვა სკოლის პედაგოგები იღებენ, ისიც იმდენივეს იღებს. პლუს დანამატი აქვს, რადგან სოფელი მაღალმთიანია და მთის კანონშია მოხვედრილი.

– ამ ვაგონში ყველაზე მეტი რამდენი მოსწავლე სწავლობდა?

– რვა მოსწავლე. მაგალითად, შარშან ექვსი მოსწავლე გვყავდა. აქედან ოთხმა დაწყებითი კლასი დაასრულა და სწავლა დერცელის საჯარო სკოლაში გააგრძელა, ერთი კი საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა.

ადიგენის სკოლა ვაგონში - 1 მოსწავლით, 1 მასწავლებლით და დირექტორითსოფლის ერთადერთი მასწავლებელი ნანა მაცაბერიძე კიკიბოში 2015 წლიდან ასწავლის. ის მთელ თავის ცოდნას, განათლებას რამინს გადასცემს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბიჭუნამ თავისი სანუკვარი ოცნებები აიხდინოს.

– ქალბატონო ნანა, რატომ შეარჩიეთ სამუშაოდ ეს ადგილი? როგორც ვიცი, ახალციხიდან ბრძანდებით.

– დიახ. ამ სკოლაში 2015 წელს გადმოვედი მასწავლებლად. გავიგე, რომ სოფელ კიკიბოში მასწავლებლის ვაკანსია იყო. შევავსე აპლიკაცია, გავიარე გასაუბრება და ამირჩიეს. ადრე სხვადასხვა ადგილებზე ვმუშაობდი, ბოლოს უმუშევარი დავრჩი და გადავწყვიტე, სამუშაოდ ადიგენის რაიონში გადმოვსულიყავი. საცხოვრებლად ჩემს მოსწავლესთან დავბინავდი, რომელიც დღეს უკვე სხვა სოფელში სწავლობს. მე რომ აქ მოვედი, მაშინ სკოლას 6 ბავშვი ჰყავდა.

– ერთადერით მოსწავლე კლასში – ეს თქვენთვის უცნაური და უჩვეულო არ არის?

– ბუნებრივია, ბავშვებით სავსე საკლასო ოთახს არაფერი სჯობს, მაგრამ ამასაც აქვს პლუსები, მაგალითად, ის, რომ ამ ერთ ბავშვს ფაქტობრივად რეპეტიტორივით ვყავარ. მეტ აქტივობას ვგეგმავ და მთლიანად მის გარშემო ვტრიალებ.

– მომდევნო სასწავლო წელს არ ელოდებით მეტ მოსწავლეს?

– მგონი, კი. გვითხრეს, რომ სექტემბრიდან ერთი მოსწავლე დაემატება ჩვენს სკოლას, რაც ძალიან მახარებს.

– ახალციხის მერე მაღალმთიან სოფელში ცხოვრებას როგორ შეეჩვიეთ?

– ყველა მეუბნებოდა, ვერ შეძლებ, გაგიჭირდებაო. თავიდან მქონდა რაღაც სიძნელეები, მაგრამ ახლა ყველაფერს მივეჩვიე. სოფელი მუსლიმურია, შესაბამისად, მეც პატივს ვცემ მათ წესებსა და ტრადიციებს. მეტიც, ჩემს ჩაცმულობაზეც კი აისახა მათ მიმართ ჩემი პატივისცემა.

კიკიბოს სკოლის ერთადერთი მოსწავლე და მასწავლებელი სკოლაში ყოველ დილით ერთად მიდიან. ტალახიან გზას ბოტებით გადიან, სკოლაში კი საშინაო ფეხსაცმელს იცვამენ. რამინს ყველაზე მეტად მათემატიკა, ქართული, ბუნება და ინგლისური უყვარს. კარგად სწავლობს, რომ ოცნება აისრულოს და პოლიციელი გახდეს. ჩვენს კითხვებს ზრდასრული, დაბრძენებული კაცივით უპასუხა.

რამინ გობაძე:

– მე ორი სახელი მაქვს – რამინი და მაჰმუდი. მომწონს, როცა მაჰმუდს მეძახიან, წმინდანის სახელია. ძალიან კარგი მასწავლებელი მყავს, ყველაფერს კარგად მასწავლის. ყველა საგანს კარგად მიხსნის, ისე, რომ ნახევრად ნასწავლი მაქვს, სახლში რომ მივდივარ.

მინდა პოლიციელი გამოვიდე, რომ ქურდები დავიჭირო. მოტოციკლეტსა და ველოსიპედზე ვოცნებობ, სოფლის ქუჩებში ვირბენდი, უკან “ტაჩკას” მივამაგრებდი და ცოტას გავერთობოდი.

– კლასში მარტო ყოფნა მოსაწყენია?

– რა თქმა უნდა, მირჩევნია, კლასელი რომ მყავდეს, მაგრამ სადაა? მიდის ჩვენი სოფლიდან ხალხი…

რამინის დედა, დალი ხარაბაძე, ამბობს, რომ მასაც ძალიან უნდა, შვილს კლასელი ჰყავდეს, მაგრამ ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია.

– სოფელი ეტაპობრივად იცლება, ჩვენ, მაგალითად, თავს მესაქონლეობით ვირჩენთ, 15 სული ძროხა გვყავს. საქონელი ხან მე დამყავს საძოვრებზე, ხან – ჩემს ქმარს.

საღამოს მივალ სახლში, მოვწველი ძროხებს და რამინს გაკვეთილებს ვასწავლი. მარტო დარჩა ჩემი შვილი, მინდა, მის განათლებაზე ვიზრუნო, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ არის, – გაგვიზიარა თავისი გულისტკივილი ქალბატონმა დალიმ.

ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე