კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგასა და ვაქირში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარეები და ხევები ადიდდა.
ადიდებულმა წყალმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დატბორა და სოფლის გზები დააზიანა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში უკვე გაგზავნილია შესაბამისი ტექნიკა, რომელიც სტიქიის შედეგების აღმოფხვრის განახორციელებს.
საგანგებო სიტუაციები მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დაიტბორა რამდენიმე სახლის ეზო და სარდაფი.
,,საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოვიდა 6 შეტყობინება. ლაგოდეხის სოფელ ჰერეთიკარიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის 3 სოფლიდან – ანაგა, ვაქირი, მაღარო.
სოფელ ვაქირში, ხევის ადიდების გამო 4 ავტომანქანა ჩარჩა წყალში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ 6 მოქალაქე გამოყვანილია უსაფრთხო ადგილზე.
ლაგოდეხისა და სიღნაღის რაიონების სოფლებში მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.
მეხანძრე-მაშველები ამ წუთებში რამდენიმე სახლის სარდაფიდან წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის კუთვნილი ტექნიკით მიმდინარეობს სარწყავი არხების გაწმენდითი სამუშაოები”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ნიუპოსტი

