დაშვებული სახელმწიფო დროშები და მგლოვიარე ბერძნები – დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება საბერძნეთისკენ არის მიმართული. უძლიერეს ხანძარს სულ მცირე 77 ადამიანი ემსხვერპლა. საავადმყოფოებში რჩება ორასამდე დაშავებული.
ხანძარი რამდენიმე დღეა მძვინვარებს ატიკის პროვინციის რამდენიმე ქალაქსა და ათენის შემოგარენში. ადგილობრივ მეხანძრეებთან ერთად სტიქიას ებრძვიან ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის სამაშველო ჯგუფები და ხანძარსაწინააღმდეგო ავიაცია. წინასწარი ვერსიით, ხანძარი ჰაერის მაღალმა ტემპერატურამ გამოიწვია.
ვრცელდება ისტორიები ტრაგედიებზე, რომლებიც გულგრილს ვერავის ტოვებს.
-მშობლებმა შვილებთან ერთად სცადეს გაქცეულიყვნენ, თუმცა გადარჩენა ვერ მოასწრეს. როდესაც მიხვდნენ, რომ დასასრული ახლოვდებოდა, ინსტინქტურად ჩაეხუტნენ ერთმანეთს, – ყვება საბერძნეთის წითელი ჯვრის ხელმძღვანელი ნიკოს ეკონომოპულოსი.

