საზარელი ტრაგედია დატრიალდა მოსკოვში, სომხურ ოჯახში – დებმა ხაჩატურიანებმა, 19 წლის ანგელინამ, 17 წლის კრისტინამ და 18 წლის მარიამ საკუთარი მამა, 57 წლის მიხაილი სასტიკად მოკლეს.
-ის ძალიან გვძულდა და მხოლოდ ერთი რამ გვინდოდა, დაკარგულიყო, თითქოს მას არასოდეს ვიცნობდით. გვსურდა, ერთხელაც წასულიყო და სახლში აღარასოდეს დაბრუნებულიყო, – განაცხადა სამართალდამცველებთან უფროსმა დამ.
თავდაპირველად გავრცელდა ვერსია, რომ გოგონები თავს იცავდნენ და მათ დანით დაესხათ თავს მამა, რომელიც ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. თუმცა გამოძიებამ გაარკვია და ეს გოგონებმაც აღიარეს, რომ შვილები მამის მოკვლას დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდნენ, რადგან ის მოძალადე, სასტიკი ადამიანი იყო.
გოგონები მამასთან დედის გარეშე იზრდებოდნენ, რადგან მიხაილ ხაჩატურიანმა ცოლი სახლიდან გააგდო. გავრცელებული ინფორმაციით, ის ქალიშვილებს გამუდმებით სცემდა, სახლიდან გარეთ არ უშვებდა.
გამოძიების თქმით, 27 ივლისს გოგონებმა თავიანთი გეგმის განხორციელება დაიწყეს. როდესაც მიხაილს სავარძელში ჩაეძინა, მას დანებით დაესხნენ თავს. რუსული სააგენტოს ინფორმაციით, უმცროსმა შვილმა 35 ჭრილობა მიაყენა, შუათანამ თავში ჩაქუჩი 10-ჯერ ჩაარტყა, ხოლო უფროსმა სახეში ცრემლსადენი გაზი შეასხა. მიხაილ ხაჩატურიანი სისხლდენით გარდაიცვალა.
სომხურ სააგენტოსთან ოჯახის ახლობელი შემზარავ ისტორიას ყვება, რომ მამა ერთ-ერთ შვილს აუპატიურებდა.
-მამა ერთ-ერთ შვილს აუპატიურებდა კიდეც, ეს მუდმივად ხდებოდა. ერთხელ ტყეში წაიყვანა და მოკვლით დაემუქრა. ეს კაცი კრიმინალური ,,ავტორიტეტი” იყო. არსად მუშაობდა, მის ბარათზე ფული თავისით ირიცხებოდა, – ამბობს ოჯახის ახლობელი.
ერთ-ერთი რუსული სააგენტო წერს, რომ ამ ფულს ამერიკიდან იღებდა ერთი ადამიანისგან, რომელიც ამბობდა, რომ მიხაილთან სიცოცხლით იყო ვალში.
მიხაილი სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურობდა. ის ხშირად აქვეყნებდა ცნობილ ადამიანებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. მორწმუნე იყო და ისრაელში მოსალოცად ხშირად დადიოდა.
სამართალდამცველებმა მის ძვირადღირებულ ავტომობილ ,,აუდში” 2 კილოგრამი ჰეროინი იპოვეს. როგორც წერენ, ის ნარკოდილერიც იყო და ნარკომომხმარებელიც.
გოგონებს ჯგუფურად ჩადენილი წინასწარ დაგეგმილი მკვლელობის გამო 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

