მაია სიჭინავა: “აქ 90 წლამდე თითქმის ყველა ძლებს” – ქართველი მომღერლის ესპანური ცხოვრება

მაია სიჭინავა: "აქ 90 წლამდე თითქმის ყველა ძლებს" - ქართველი მომღერლის ესპანური ცხოვრებაწლების წინ თბილისში მღეროდა გოგონათა კვარტეტი “ხმები”, რომლის ერთ-ერთი წევრი, მაია სიჭინავა, დღეს ესპანეთში, ქალაქ ბურგოსში ცხოვრობს. საქართველოდან 2000 წელს წავიდა, რადგან მატერიალური გაჭირვების გამო არს ემღერებოდა, თავის გატანა უჭირდა. ესპანეთში ბევრი სამუშაო გამოიცვალა, მომვლელადაც იმუშავა, მერე კი ბედმა გაუღიმა, უცხოეთში სიყვარულიც იპოვა და საყვარელ საქმეს დაუბრუნდა – სიმღერას.

სამშობლოს მონატრებული მომღერალი ახლა სიმღერებს წერს, რომელთა ტექსტების უმრავლესობა ქართველი ემიგრანტების დაწერილია.

მაია სიჭინავა: საქართველოში ფილარმონიასთან არსებულ გოგონათა კვარტეტ “ხმებში” ვმღეროდი. ოთხივემ საესტრადო დავამთავრეთ და მაშინ შურა ჯანელიძემ გვითხრა, ნანი ბრეგვაძეები არ ხართ, ჯობია, ფანდური დაიკავოთ და ხალხური სიმღერები იმღეროთო. ჩვენც დავუჯერეთ.

1991 წელს დავამთავრეთ სწავლა. მაშინ ხალხური სიმღერისა და ცეკვის საერთაშორისო ფესტივალი ტარდებოდა. უცებ გადავწყვიტეთ კვარტეტის შექმნა და კონკურსზე გავედით. პირველი ადგილი “შვიდკაცამ” აიღო, მეორეზე ჩვენ გავედით. მერე ვმღეროდით, სასაზღვრო ჯარებში, მთებში დავდიოდით და ა.შ., მაგრამ ძალიან გაჭირდა ცხოვრება. მოსწავლეებს სიმღერაში ვამეცადინებდი, მაგრამ ვერც ამით ვიარსებებდი.

იმ პერიოდში დაიწყეს ქართველებმა ქვეყნიდან გასვლა. მე ესპანეთში წავედი, ჩვენი ერთი წევრი, ირმა აროშვილი – საბერძნეთში. იქ ბერძენზე გათხოვდა და სამი შვილიც ჰყავს. მე ესპანეთში გავთხოვდი, ჩემი მეუღლე ქართველია – კინორეჟისორი გენო ცაავა.

იმ წლებში საქართველოში რესტორანში სიმღერა სირცხვილად ითვლებოდა. შენი კონცერტები კი ვიღას უნდოდა, ხალხს პურის ფული არ ჰქონდა.

ჩვენი კვარტეტით ხანდახან დავდიოდით სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ სულ მეგონა, საქართველოს გარდა ვერსად გავძლებდი. ისე კი სულ ვხუმრობდი, ესპანური სისხლი მაქვს-მეთქი. ალბათ წინათგრძნობა მქონდა. აქ შემთხვევით ჩამოვედი ისე, რომ არც ენა ვიცოდი, არც ამ ქვეყნის ისტორია.

– როგორ დაიმკვიდრეთ თავი?

– მეგობართან ჩამოვედი. მერე ბავშვს ვუვლიდი. 4 წელი ისე გავიდა, საბუთები არ მქონდა და ვერც საქართველოში ჩამოვდიოდი. ეს იყო რთული პერიოდი. 4 წლის მერე მივიღე აქ ცხოვრების და მუშაობის უფლება და საქართველოშიც შევძელი ჩამოსვლა. არავის უნდა, ემიგრაციაში დიდხანს ყოფნა, მაგრამ ამ ჭიდილში გადის წლები.

ბავშვის მერე ბრმა მოხუცს ვუვლიდი. ჩემი ხელით ვაჭმევდი, ძალიან შემიყვარდა და მასაც ვუყვარდი. მისი ოჯახი დღემდე ისე მიწყობს ხელს, როგორც ჩემი ოჯახის წევრები. მათ სახლში ახლაც უსასყიდლოდ ვცხოვრობ. მერე სიმღერა დავიწყე ერთ-ერთ ესპანურ ანსამბლში. ერთი პერიოდი ბარშიც ვმღეროდი.

– რომელ ქალაქში ცხოვრობთ?

– ბურგოსში. ეს სატახტო ქალაქია – ისტორიული, კულტურული და კარგი ხალხიც ცხოვრობს. ბევრი ტურისტი ჩამოდის, რადგან აქ გადის სანტიაგოს გზა (წმინდა იაკობის გზა გალისიაში მდებარე სანტიაგო-დეკომპოსტელას ტაძრისკენ, სადაც, გადმოცემით, მოციქული იაკობ ზებედესია დაკრძალული. ავტ.) და მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან მის გასავლელად.

ანსამბლში რომ დავიწყე სიმღერა, ვნერვიულობდი, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ეს ისეთი ანსამბლია, ქორწილებშიც მღერიან. აქ ისეთ დიდ ქორწილებს იხდიან, შეიძლება სამი ანსამბლიც მიიპატიჟონ.

პირველად სწორედ ქორწილში ვიმღერე. სიმღერა რომ დავიწყე, წინ გაშლილი მაგიდიდან ჩემკენ შემოტრიალდნენ. არ ვიცი, უცხო ხმა იყო თუ რა… მერე ტაშის დაკვრა დაიწყეს და მივხვდი, წარმატებით ჩავაბარე გამოცდა. ალბათ აქცენტი მქონდა და ესეც მოსწონთ, უცხო რომ მღერის მათ ენაზე.

მაია სიჭინავა: "აქ 90 წლამდე თითქმის ყველა ძლებს" - ქართველი მომღერლის ესპანური ცხოვრება– თურმე ქართულ ტექსტებზე სიმღერებს წერთ.

– სანამ აქ ჩამოვიდოდი, მაშინ ვწერდი, ესპანეთში თითქოს რაღაც გადაიკეტა, აღარაფერი გამომდიოდა. ვფიქრობდი, ალბათ ჩემი ნიჭი ამოიწურა-მეთქი. ბოლოს რომ ვიყავი საქართველოში და უკან დავბრუნდი, საშინელი სიცარიელე და მოწყენილობა ვიგრძენი.

ამ დროს შემთხვევით ვნახე ერთი ინტერნეტგვერდი – სასიყვარულო ლექსების ფორუმი. 450 გვერდია და თითო გვერდზე 10 ლექსია. რომელიც მომეწონა, ამოვიწერე. მერე დავჯექი და სიმღერები დავწერე. ჩემს საქართველოში ავივსე ენერგიით და ამ ნიჭმა ისევ ამოხეთქა ჩემში.

ამ ლექსების ავტორების მოძიება დავიწყე. სიმღერები ჩავწერე და დავუგზავნე. აქ გიტარა და ფანდური მაქვს. ძალიან გულში ჩამწვდომი სიმღერები გამოვიდა. ალბათ ცხოვრებაში ასეთი სიამოვნება არასოდეს მიგრძვნია – ისე უხაროდა ყველას… თან ისეთი კარგი ადამიანები გავიცანი. ლექსების უმრავლესობა ემიგრანტების დაწერილი ყოფილა, ზოგი საბერძნეთშია, ზოგი – ამერიკაში…

ყოველდღე ახალი სიმღერა იბადება. იქნებ ვინმე გამოჩნდეს, რომ დაგვეხმაროს, რათა ეს სიმღერები არ დაიკარგოს.

– ახლა რითი ხართ დაკავებული?

– მხოლოდ სიმღერით თავს ვერ გაიტან. ბარში ვისთანაც ვმღეროდი, მათგან ერთი გოგო საქსოფონზე უკრავს, ერთი – პიანინოზე და ერთიც მომღერალია. გვინდა, ანსამბლი გავაკეთოთ. ალბათ სექტემბრიდან დავიწყებთ ამაზე მუშაობას.

მასაჟის კურსებიც დავამთავრე. ვფიქრობდი, ხმა რომ დავკარგო და ვეღარ ვიმღერო, სხვა საქმეც მქონდეს-მეთქი და მასაჟებსაც ვაკეთებ. მინი სასტუმროც მაქვს და ვამუშავებ. წმინდა იაკობის გზა საფრანგეთიდან იწყება, ტურისტები ჩვენს ქალაქში ღამეს ათევენ და უთენია მიდიან. აქ რომ ღამე გაათენონ, მათაც ვუწყობ ხელს და ჩემს თავსაც. 15 წელია ამ სახლში ვცხოვრობ, მის პატრონებს მაინცდამაინც არ სჭირდებათ ეს სახლი და მეხმარებიან.

– ბედმაც მაგ ქალაქში მოგაკითხათ?

– მეუღლე ჩემი ბიძაშვილის მეგობარია. მისგან გამიცნო. საქართველოში რომ ვიყავი, იმავე თვითმფრინავზე აიღო ბილეთი, რომლითაც მე ვბრუნდებოდი. ისე იყო მოხიბლული ჩემი ვოკალით… ეს ამბავი აეროპორტში გავიგე და პანიკა ავტეხე – ამ კაცს საბუთები წესრიგში არ აქვს და არ გამოუშვათ-მეთქი. არადა მოვლილი აქვს მთელი მსოფლიო. მაშინაც საქმეზე მიდიოდა გერმანიაში და თურქეთამდე ვიმგზავრეთ ერთად. მერე კი ესპანეთში ჩამომაკითხა და ჩვენი ურთიერთობა ქორწინებით დაგვირგვინდა, თორემ გათხოვებას არც ვაპირებდი.

– ჩამოვიდა ესპანეთში და თქვენთან დარჩა?

– დიახ, დავტოვე. მერე საქართველოში ჩამოვედით და, მეუფე სერაფიმემ რომ დაწერა ლექსი, “დედის ლოცვა”, გენომ კლიპი გადაიღო. ახლაც თბილისშია და ერთობლივ პროექტზე მუშაობს, რომელსაც ესპანეთი, საფრანგეთი და საქართველო ახორციელებენ. უნდა, რომ ფილმი გააკეთოს და ვნახოთ, რა იქნება.

– შვილი გყავთ?

– სამწუხაროდ, არა. გვიან შევუღლდით და ასე მოხდა. როცა ახალგაზრდა ხარ, არ ფიქრობ, ასაკში შვილი გეყოლება თუ არა. მერე კი, ფაქტის წინაშე რომ დადგები, ნანობ, რომ შეიძლებოდა, ახალგაზრდას გეფიქრა შვილებზე. 40 და მეტი წლის რომ ხარ, უკვე რთულია. არა უშავს.

მინდა, ჩემი სიმღერები ქართველ მომღერლებს ვაჩუქო. არ მინდა თანხა, ოღონდ ქართული იმღერონ, სულ ინგლისურად რომ ასრულებენ. ყველა სტილში მაქვს დაწერილი – ზოგი ჯაზია, ზოგი – ბლუზი, ზოგიც – ხალხური, ქალაქური სიმღერებიცაა და ერთმანეთს არ ჰგავს.

– როგორები არიან ესპანელები?

– თბილი ხალხია, თუმცა მაინც არავის ვუსურვებ, ემიგრანტობა გამოსცადოს. ყველაზე თბილი და ტკბილი ის მიწაა, სადაც დაიბადე. რაც უნდა კარგად იყო, კომფორტი და სულიერება მაინც სამშობლოში უფროა და იქ ხარ ბედნიერი. მე შედარებით გამიმართლა, რომ კარგი ოჯახი შემხვდა და ჩემს საყვარელ საქმესაც ვაკეთებ. ისევ ისეთი ვარ, როგორიც საქართველოში ვიყავი, არ დავითრგუნე, არ შემეცვალა ხასიათი. ზოგი ჩამოვიდა და უკან გაბრუნდა. მე კი გამიმართლა.

სადაც უნდა წახვიდე, თუ ადამიანი გიყვარს, კეთილი, მზრუნველი და უღალატო ხარ, არ არსებობს, გაგიჭირდეს. რომელ ქვეყანაშიც უნდა წახვიდე, ადამიანებს უნდა მოუფრთხილდე. ასე პოულობ შენს მსგავსებს.

არ იფიქროთ, რომ აქ ყველას დალხენილი ცხოვრება აქვს, ეპსპანელსაც სჭირდება თანადგომა და არავის უნდა სულ მოტირალი ადამიანი.

ესპანელები ტემპერამენტით ქართველებს ჰგვანან, მაგრამ იციან, როგორ გაერთონ. აქ ყოველდღიურად ღამის ცხოვრებაა.მხიარული ხალხია. იციან მუშაობისა და გართობის ფასი. თუ მიგიღეს, უღალატოები ხდებიან და შენ გვერდით არიან, მაგრამ მაინც ევროპელები არიან.

– ანუ?

– ანუ ის, რომ ქართველებს რაღაც გვაქვს ისეთი, რაც არც ერთ ერს გააჩნია. ჩვენ სხვანაირი გულიანები ვართ. აქ ვერ გაიგებენ, რომ გიჭირს და ამიტომ ღამე მიადექი მეგობარს თუ ნათესავს. მოხუცს რომ ვუვლიდი, ბევრი რამ გავუკეთე, რაშიც ფული არ გამოვართვი. ვუთხარი, გიჭირდა და დაგეხმარე, ამაში ფულს როგორ გამოგართმევ-მეთქი და პირი დააღეს.

რუსი მოგზაური იყო ჩემთან მოსული. ქართველი ვარ-მეთქი, ვუთხარი. “უი, გამარჯობა!” – მითხრა. მომიყვა, თბილისში ვიყავი, სად არ ვყოფილვარ, მაგრამ ქართველებისნაირი არავინ მინახავსო. თანხაც არ გამოვართვი – ქართველები გიყვარს-მეთქი. პოლიტიკა არ მინდა!

– ესპანეთში ბევრი ქართველი ცხოვრობს?

– ჩვენს ქალაქში ბევრი ქართველი არ არის. ერთმანეთს სულს ვუბერავთ. კონცერტი ჩავატარეთ. ქართველი პიანისტი ეთერ ბოჭორიშვილი იყო ჩამოსული, რომელიც ესპანეთში, კორდოვაში ცხოვრობს. ჩვენც ვიმღერეთ, კარგად გავერთეთ… ეკლესიაში მღვდელი ჩამოდის ხოლმე და ასე ვილამაზებთ ცხოვრებას.

– ესპანელებს აქვთ რაიმე, ჩვენთვის უცნაური წეს-ჩვეულება?

– სულ დღესასწაულები აქვთ. მე ცენტრალურ ქუჩაზე ვცხოვრობ და ყველაფერი აქ ხდება. როგორი ხასიათიც მაქვს, ზუსტად ისეთ ქუჩაზე მოვხვდი – სულ მხიარულებაა. ახლაც სამდღიანი დღესასწაულია.

– რას დღესასწაულობენ?

– ყველა წმინდანის დღეს აღნიშნავენ. ყველა ქუჩას წმინდანის სახელი აქვს. ამის გარდა, სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა დღესასწაულები აქვთ. მაგალითად, ტომატის დღესასწაული, ნივრის დღესასწაული, ფერების დღესასწაული, ბუშტებისა და ა.შ… მიდიხარ შენთვის და უცებ ვიღაც მოგეხვევა – დღეს გადახვევის დღესასწაულიაო.

რაიმეზე პრეტენზია თუ აქვთ და გაიფიცებიან, ხომ არ გგონიათ, ყვირიან. მოდიან სასტვენით, დადგებიან მერიის წინ, წამოაყენებენ თავიანთ მოთხოვნებს, ააფრიალებენ დროშებსა და პლაკატებს. აქეთ-იქით პოლიცია დგას კულტურულად. რამდენიმე საათი იდგებიან და წავლენ.

– მოთხოვნებს და პრეტენზიებს უკმაყოფილებენ?

– ძირითადად აკმაყოფილებენ. წერენ გეგმაში დემონსტრანტების მოთხოვნას და ასე კულტურულად აგვარებენ საქმეებს. აქაც კი აქვთ კორუფცია და ფულის გაფლანგვა, მაგრამ, საერთო ჯამში, სიმშვიდეა.

– გახალისებული ცხოვრება ალბათ მათი სიცოცხლის ხანგრძლივობაზეც მოქმედებს.

– თავისთავად. ჩემი ქალაქი ზღვისპირა არ არის. იქ უფრო ლაღები არიან და თავისუფლად აცვიათ. აქ უფრო კონსერვატული ხალხია. 90 წლამდე თითქმის ყველა ძლებს. 85-86 წლის ქალები ყოველ კვირა სალონებში დადიან და თავს იწესრიგებენ. მთელ ქალაქში სუნამოს სუნია. ყოველ ღამე ირეცხება ქუჩები. ტალახს ვერსად ნახავთ. ჩემი შემოსავლიდანაც მიდის რაღაც პროცენტი ამ კეთილდღეობისთვის.

– სამშობლოში დაბრუნებაზე ფიქრობთ?

– მინდა, ჩამოვიდე, ვიმღერო და ეს სიმღერები მხოლოდ ჩემთვის არ ვწერო. ნეტავ, სულ გვემღერებოდეს და გვეცეკვებოდეს ქართველებსაც. ასეთი ნიჭიერი ხალხი რატომ უნდა ვიყოთ ასეთ დღეში?!

საქართველოს ამბები ძალიან მოქმედებს ჩემზე. დედაჩემს რომ რამე სტკივა და იქ არ ვარ, ათმაგად განვიცდი. ასეა ჩემს სამშობლოზეც. მანდ რომ რამე ხდება, ჩვენ, ემიგრანტები, ათმაგად განვიცდით. ისეთი სიმღერები დავწერე, ვინც მოისმენს, მიხვდება, როგორ გვტკივა ჩვენი სამშობლო.

რუსუდან ადვაძე, სარკე