ირაკლი ვაჩიბერაძე: ,,ხელფასს სიამოვნებაში ვიღებ”

ირაკლი ვაჩიბერაძე: ,,ხელფასს სიამოვნებაში ვიღებ"kutaisitoday.com-ის რუბრიკა ,,პროფესიის “ სტუმარია ტელეკომპანია ,,იბერიის ” კორესპონდენტი ირაკლი ვაჩიბერაძე, რომელიც ასევე ჟურნალ ,,სარკის” ჟურნალისტია.

ირაკლი აქტიურ ჟურნალისტიკაში 2011 წლიდან ჩაერთო , რაც უნივერსიტეტში ჩააბარა და პირველ კურსზე სწავლა დაიწყო. თავიდან რეგიონული ტელეკომპანია “მეგა ტვ”-ით დაიწყო პროფესიული საქმიანობა , შემდეგ იყო გაზეთი “p.s”, ტელეკომპანია “მაესტრო” და იქ გატარებული 6 წელი. ამ პერიოდში ასევე მუშაობდა საინფორმაციო სააგენტოებში ჟურნალისტად.

1.რა პროფესიის ხართ?

–პროფესიით ჟურნალისტი ვარ.

2.რამ გადაგაწყვეტინათ აგერჩიათ აღნიშნული პროფესია და რა იყო ამის მიზეზი?

–ის, რომ ჟურნალისტი გავხდებოდი, ეს ღრმა ბავშვობიდან ვიცოდი. 6 წლიდან ყველა არხის საინფორმაციო გამოშვებას და ასევე პოლიტიკურ თოქ-შოუს ვუყურებდი, რადგან საინფორმაციო გადაცემების ყურება მსიამოვნებდა. უკვე სკოლის ასაკში ქაღალდის გრაგნილისგან მიკროფონს ვაკეთებდი და ჩემს მეგობრებსა და კლასელებს ჟურნალისტ-რესპონდენტობანას ვეთამაშებოდი. ვერ ვიტყვი, კონკრეტულად რა ფაქტის, მოვლენის ან პერსონის გამო გადავწყვიტე, ჩემი თავი ამ პროფესიისთვის დამეკავშირებინა, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ სხვა პროფესიაში ჩემს თავს ვერ ვხედავ.

3.როგორ ავირჩიოთ სასურველი პროფესია?

–ვინც სასურველი პროფესიით მუშაობს, ის ხელფასს სიამოვნებაში იღებს. ეს ფრაზა, სწორედ მე შემეფერება. შემიძლია ვთქვა, რომ ვაკეთებ საქმეს, რომელიც მომწონს, მიყვარს, მაინტერესებს და ამაში დამქირავებელი ფულს მიხდის. რაც შეეხება თქვენს კითხვას, თუ როგორ ავირჩიოთ პროფესია, მე ვფიქრობ, რომ უნდა ჰკითხო შენს თავს, სად ხედავ მომავალს და სად წარმოგიდგენია შენი თავი. აი, პასუხი რაც იქნება, სწორედ ის პროფესია უნდა აირჩიო.

4.რომ გქონდეთ შანსი, დრო უკან დააბრუნოთ, შეიცვლიდით თუ არა პროფესიას და რატომ?

–დრო რომ უკან დააბრუნო, შეიძლებოდა, რომ ჟურნალისტიკაზე არ ჩამებარებინა, თუმცა ჟურნალისტი აუცილებლად ვიქნებოდი. მე ვფიქრობ, რომ კარგი იურისტი, ეკონომისტი ან თუნდაც ფილოლოგობა უფრო გამოადგება მედიის სფეროში მოღვაწე ადამიანს, ვიდრე ჟურნალისტიკის სპეციალობის დამთავრება.

5.რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?

–არ ვიცი, რამდენად წარმატებული ვარ, მაგრამ ვიცი, რომ, რასაც წარმოვადგენ, მხოლოდ ჩემი შრომით, მონდომებით და მიზანდასახულობით მოვიპოვე. წარმატების ფორმულაც სწორედ ეგააა.

6.რა აუცილებელი ეტაპები უნდა გაიაროს მოზარდმა სწორი პროფესიული არჩევანის გასაკეთებლად?

–12 წლიანი სკოლის საფეხურები ვფიქრობ, რომ სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ მიხვდე და გამოერკვე, თუ რა პროფესიის გინდა, რომ გახდე და სად უფრო კომფორტულად და პროდუქტიულად იგრძნობ თავს.

7.რა როლი ეკისრება სკოლას მოზარდის პროფესიულ არჩევანში? რისი გაკეთება შეუძლია მას მოზარდის არჩევანისთვის მოსამზადებლად?

–სკოლა მოზარდს აწვდის ყველანაირ მიმართულებას საგაკვეთილო საგნების სახით, ამის შემდეგ კი უკვე მოსწავლე ხვდება, თუ რომელი საგნები უფრო მოსწონს და ამის შემდეგ წყვეტს პროფესიულ არჩევანს.

8.რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მშობელს, საზოგადოდ, ოჯახს, მოზარდის პროფესიულ არჩევანზე და როგორი იქნება ამ შემთხვევაში მშობლის ჩართულობის საუკეთესო სტრატეგია?

–ვფიქრობ, რომ მშობლის როლი შვილზეა დამოკიდებული. ჩემს მშობლებს არ სურდათ, რომ ჟურნალისტიკაზე ჩამებარებინა, თუმცა ჩემი დაჟინებული მოთხოვნა, შევასრულე. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ თუ აბიტურიენტობის დროსაც კი არ იცი, რაზე გინდა, რომ ჩააბარო, მაშინ შესაძლებელია, რომ აზრი მშობლებს ჰკითხო. ჩააბარო იმაზე, რაც მათ უნდათ და შენ არ გაინტერესებს, წარუმატებლობის ტოლფასია.

9.აპირებთ თუ არა სწავლის გაგრძელებას, სად და რა განხრით?

–მიუხედავად იმისა, რომ სწავლა სიკვდილამდეა და ცოდნის მიღებას ყოველთვის აქვს აზრი, ამ ეტაპზე რაიმე სერიოზული გეგმები დღის წესრიგში არ მაქვს.

10.მიგაჩნიათ თუ არამ თეორიული ცოდნის პარალელურად უნდა შეიძინოთ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და არა შემდეგ ეტაპზე?

–ჩემს პროფესიაში შემიძლია ვთქვა, რომ მთავარი პრაქტიკაა. არის პროფესიები, სადაც 50/50-ზეა.