ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება შესაძლოა რამდენიმე დღით დაგვიანდეს – ამის შესახებ განცხადება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მაია მიმინოშვილმა გააკეთა. მისივე განმარტებით, ამის მიზეზი განრიგის შეცვლაა.
-ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი აბიტურიენტები და ზოგადად აპლიკანტები ამას გაგებით მოეკიდებიან. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა რაც შეიძლება დროულად დავიწყოთ პირველადი შედეგების გამოცხადება. სავარაუდოდ აგვისტოს დასაწყისიდან უკვე ეტაპობრივად გამოვაცხადებთ პირველად შედეგებს, რომელსაც შემდგომში მოსდევს უკვე აპელაციის პროცესი.
აბიტურიენტებს ექნებათ შესაძლებლობა, ცვლილებები შეიტანონ საკუთარ არჩევანში აპელაციის საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე. ეს შეიძლება არ იყოს 15 აგვისტო, აპელაციის შედეგების გაცნობის შემდეგ კიდევ ერთი დღე ექნებათ, რათა შეცვალონ არჩევანი, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები, რომელიც 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, დღეს ფიზიკის გამოცდით დასრულდა.
ნიუპოსტი

