შორენა სურმანიძე: “ამ დაავადებასთან ერთად გავიზარდე” – ჟურნალისტი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა

შორენა სურმანიძე: "ამ დაავადებასთან ერთად გავიზარდე" - ჟურნალისტი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხაჟურნალისტმა შორენა სურმანიძემ 14 წლიანი ბრძოლის შემდეგ სიმსივნე დაამარცხა. 12 წლის იყო, როცა ამ სენის შესახებ შეიტყო და ამან მოზარდს და მისი ოჯახის წევრებს დიდი სულიერი ტრავმა მიაყენა. მისთვის განსაკუთრებით რთული დღეები მაშინ დაიწყო, როცა ქიმიოთერაპიის შემდეგ თმა გასცვივდა. საბედნიეროდ, დღეს შორენა სრულიად განკურნებულია და ახლა მათთვის, ვინც ამ სენს ებრძვიან, ცოცხალი მაგალითია, რომ სიმსივნის დიაგნოზი დასასრული არ არის და მასთან ბრძოლა ღირს.

– შორენა, როდის შეიტყვეთ თქვენი დიაგნოზის შესახებ?

– 12 წლის ვიყავი. თავის ტკივილები დამეწყო, ლიმფური კვანძები შესამჩნევად გადიდდა, მაღალი ტემპერატურა მქონდა და ექიმს მივაკითხეთ. მაშინ ადიგენში ვცხოვრობდი, ერთ პატარა, ლამაზ სოფელში – კახარეთში. ადიგენში რომ მნახა ექიმმა, მაშინვე თბილისში, ონკოლოგიურ საავადმყოფოში გაგვაგზავნა. მშობლები შეშინდნენ, მიხვდნენ, რომ საქმე სერიოზულად იყო. ბოლომდე მაინც ვერ იაზრებდნენ, რადგან მე და ჩემი ოჯახის წევრები მანამდე არასოდეს ვყოფილვართ ექიმთან სერიოზული ჩივილებით.

გამოკვლევები ჩავიტარე და დაისვა დიაგნოზი – ჰოჩკინის ლიმფომა. მახსოვს, საორდინატოროს კართან ვიდექი, დედას რომ უთხრა ექიმმა დიაგნოზი. როცა დედამ ჰკითხა, რა დაავადება იყო, ექიმმა უპასუხა: “სიმსივნე”. კარი ნახევრად ღია იყო და გავიგონე. პირველი, რაც იმ წამს გავიფიქრე, იყო – “მოვკვდები”. შემდეგ დაიწყო ბრძოლა გადარჩენისთვის.

– მკურნალობის რა პროცედურები გაიარეთ?

– თავდაპირველად ქიმიოთერაპიით დავიწყეთ, შემდეგ მიჰყვა სხივური თერაპიები, ერთი, მეორე და ასე. პროცედურები ერთმანეთს ცვლიდა წლების განმავლობაში. ზუსტად აღარც მახსოვს, რამდენი ჩამიტარდა. ბუნებრივია, ყველაფერი რთული იყო. ბავშვის ორგანიზმში საკმაოდ მძიმე წამლები ხვდებოდა, ქიმია.

ყოველი გადასხმის შემდეგ განსაკუთრებით კრიტიკული სამი დღე იყო, როცა არც საკვების მიღება მინდოდა, ძალაგამოცლილი ვიყავი. მეგონა, კარგად აღარასდროს გავხდებოდი… მხოლოდ ის ადამიანები თუ გამიგებენ, რომლებიც ახლა ებრძვიან ამ სენს. გარდა ამისა, ორჯერ გამცვივდა თმა და ეს განსაკუთრებით მტკივნეული იყო ჩემთვის.

შეიძლება ითქვას, ამ დაავადებასთან ერთად გავიზარდე. ეს იყო გამოწვევებით სავსე, ტკივილითა და განსაცდელით გაჯერებული წლები.

– ოჯახის წევრებიც ჯოჯოხეთურ გზას გაივლიდნენ თქვენთან ერთად.

– მკურნალობა იყო რთული, მასთან ბრძოლისთვის ფინანსური სახსრების გამოძებნა – კიდევ უფრო რთული. ვხედავდი, როგორ არ ნებდებოდნენ მშობლები. ფინანსურად ძლიერები არ ვიყავით, მაგრამ ყველაფერი იღონეს, გააკეთეს, რომ მეცოცხლა.

პირველივე წუთიდან, როცა გაიგეს, გაიაზრეს, რომ უნდა ებრძოლათ, ჩემთან ერთად იყვნენ. ჩემთან ერთად-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ მე არ უნდა შემემჩნია მათი სისუსტე, რომ მქონოდა ძალა, იმედი, რწმენა. და ასეც იყო. რომ ვხედავდი, როგორ იბრძოდნენ, არ მქონდა დანებების უფლება.

ჩვენ ერთმანეთს ვუმალავდით შიშს, ტკივილს, ემოციებს და ვიბრძოდით. გვერდით მედგნენ ძმები. ყოველი მკურნალობის კურსის დაწყების წინ საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ გამოვიდოდა, რომ შეჩერდებოდა მეტასტაზი, არ გაიფანტებოდა ორგანიზმში…

გვერდით მედგა ჩემი პატარა სოფელი – დიდი და პატარა. ჩემი ამბავი ყველას გულთან ახლოს მიჰქონდა და ჩემს მშობლებს ისე ეხმარებოდნენ, როგორც შეეძლოთ.

– რამდენწლიანი ბრძოლის შემდეგ დაამარცხეთ ეს დაავადება?

– 14 წელი ვიბრძოდი. 2012 წელს მივედი მორიგ გამოკვლევებზე, მეგონა, მკურნალობა ისევ დამჭირდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის სენი აღარ არსებობდა ჩემს ორგანიზმში და, შესაბამისად, მკურნალობაც აღარ დამჭირდა. ვერ გადმოვცემ იმ ემოციას, რასაც მაშინ ვგრძნობდი.

– გარდა მკურნალობისა, რა არის მთავარი ამ დაავადებასთან საბრძოლველად?

– დროული დიაგნოსტირებისა და მკურნალობის გარდა, მნიშვნელოვანია, რომ არ დაეცე, არ გატყდე სულიერად, რომ არ დაგიუძლურდეს ორგანიზმი და მარტივად არ მოგერიოს. ჩემ გვერდით ყოველთვის იყვნენ და არიან ადამიანები, რომლებიც სითბოს და სიყვარულს არ მაკლებენ. მუდამ ზღვა პოზიტივს, სითბოს, სიყვარულს ვგრძნობ და ეს მეხმარება, დავფიქრდე, როგორი ლამაზია ყოველი დღე, რომელიც თენდება… რომ შეგიძლია ძალიან მარტივად, შენთან ძალიან ახლოს იპოვო ის, რასაც ბედნიერებას ვეძახით.

ძალიან ბევრი ადამიანი შემხვედრია ცხოვრებაში, რომლებიც სწორედ იმ დროს ჩნდებოდნენ ჩემს გზაზე, როცა მჭირდებოდნენ. თითქოს უფალი მიგზავნიდა მათ. ყველას, ვინც კი მიცნობს და ჩემი და მათი გზები გადაკვეთილა, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო, რომ იყვნენ და არიან ჩემს ცხოვრებაში. მთავარია, გავაცნობიეროთ, რომ ერთმანეთისთვის ძალიან მნიშვნელოვნები ვართ.

– ახლა რას საქმიანობთ, რითი ხართ დაკავებული?

– ჟურნალისტი ვარ და სააგენტო “პირველში” ვმუშაობ. ჩემი კარიერის პირველი ეტაპი კი მესხეთში დაიწყო. ჯერ იყო გაზეთი “ადგილის დედა-ახალციხე”, შემდეგ კი 6 წელი გავატარე ახალციხის ტელეკომპანია “მეცხრე არხში”. იმიტომ გავუსვი ხაზი ამ ყველაფერს, რომ ეს სამსახურები ჩემთვის ოჯახი იყო, სადაც კეთილი, გულისხმიერი, ჩემი ადამიანები მუშაობდნენ.

საოცარი ადამიანები შემხვდნენ დედაქალაქშიც. მხოლოდ სამსახურს ვერ დავარქმევ ადგილს, სადაც ახლა ვმუშაობ, შეიძლება ითქვას, ჩემი ოჯახია მზრუნველი წევრებით.

– რას ეტყვით იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა გადიან იმ გზას, რაც თქვენ უკვე უკან მოიტოვეთ?

– ვეტყვი, რომ მეც ერთი მათგანი ვარ, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა ყველაფერი, გაიარა ურთულესი გზა და კარგად აცნობიერებს, რამდენი სიძნელე ახლავს ამ ბრძოლას. არ დანებდნენ, იმკურნალონ და ხელი არასდროს ჩაიქნიონ. განწყობა არის უმთავრესი, რომ შენ შეგიძლია, რომ ვერ დაგამარცხებს!

ყველას გამოჯანმრთელებას გისურვებთ. მერე რა, რომ არ გიცნობთ, თქვენ ჩემიანები ხართ და მინდა, რომ გაიმარჯვოთ! მე რომ თავიდან დამჭირდეს ნაცნობი გზის გავლა, ისევ დავიწყებ.

ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე