რამაზ ჩხიკვაძის შვილი: ,,მამაჩემი იმსახურებდა, მთაწმინდაზე დაკრძალულიყო”

რამაზ ჩხიკვაძის შვილი: ,,მამაჩემი იმსახურებდა, მთაწმინდაზე დაკრძალულიყო"წელს ცნობილი მსახიობის, რამაზ ჩხიკვაძის 90 წლის იუბილე იყო. რამაზ ჩხიკვაძეზე მისი შვილი – ალექსანდრე ჩხიკვაძე ,,კვირის პალიტრას” ესაუბრება, რომელიც თვლის, რომ მამის ღვაწლი არასათანადოდ დაფასდა და ამის გამო სინანულს გამოთქვამს:

– მამა ამბობდა, მსახიობი სხვა პროფესიის ადამიანებისგან იმით განსხვავდება, რომ ცაზე ვარსკვლავივით უცებ აკაშკაშდება და მალე ქრებაო. ხშირია, როცა ახალგაზრდა თაობას უკვე აღარ ახსოვს ის არტისტები, ვინც თავის დროზე, მართლაც ვარსკვლავები იყვნენ. დამეთანხმებიან ალბათ, რომ რამაზს ქართული თეატრისა და კინოსთვის ბევრი რამ აქვს გაკეთებული. ინგლისელებმა იგი ლოურენს ოლივიესაც კი შეადარეს.

ამას წინათ, უცხოელი სტუმრები მყავდა და მთაწმინდის პანთეონში წავიყვანე. იქ უდიდესი მსახიობები განისვენებენ – აკაკი ხორავა, ვასო გოძიაშვილი, სერგო ზაქარიაძე. მეგონა, რამაზ ჩხიკვაძე ნამდვილად იმსახურებდა მათ გვერდით დაკრძალულიყო. მესმის, რომ შეზღუდულია, მაგრამ მამის გარდაცვალების შემდეგ იქ ორი ძალიან ღირსეული ადამიანი დაკრძალეს. შეიძლება, ეს იმის ბრალიცაა, რომ იმდროინდელ მთავრობასთან მთელ ოჯახს ურთიერთობა გვქონდა გაფუჭებული და მამა ,,ჩარეცხილების” სიაშიც კი მოხვდა.

ცხადია, მე ისედაც უარს ვეტყოდი, გასაგები მიზეზის გამო – რამაზისა და ნატაშას დაშორება როგორც აქ იყო შეუძლებელი, ასევე იმქვეყნადაც ერთად უნდა ყოფილიყვნენ. უბრალოდ, გული მწყდება, რომ რამაზის პანთეონში დაკრძალვა აზრად არავის მოუვიდა.

სადაც მამა ბოლო პერიოდში ცხოვრობდა, მისი გარდაცვალების შემდეგ, მისივე სახელი ეწოდა, მოგვიანებით კი, ჩემი მეგობრის, შალვა ოგბაიძის დიდი ძალისხმევით, ყოფილ ძოწენიძის ქუჩას, სადაც სასტუმრო-სახლი “ვილა ბერიკა” მდებარეობდა, რამაზ ჩხიკვაძის სახელი დაარქვეს.

– თებერვალში ბატონი რამაზის 90 წლის იუბილე იყო, როგორ აღინიშნა ეს თარიღი?
– აქაც ცოტა უხერხული მომენტი იყო… ბატონ მინისტრს – მიხეილ გიორგაძეს ველაპარაკე და მითხრა, ბიუჯეტია შემცირებული და ჩვენ მხოლოდ ბუკლეტის გამოცემას შევძლებთ, ასევე, სამინისტროს თხოვნით თეატრი თვითონ გააკეთებს საღამოსო. ზუსტად იმ პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემა შემექმნა და მძიმე ოპერაცია გადავიტანე, რომელიც ამ თარიღს დაემთხვა. დღესაც არ ვიცი, მცირე დარბაზში რა გაკეთდა, ვინაიდან სათანადოდ არავის გაუშუქებია. ყოველ შემთხვევაში, მე ვერც სატელევიზიო სიუჟეტი და ვერც სხვა გადაღებული მასალა ვერსად ვნახე. საღამო რომ გააკეთეს, ამაზეც დიდი მადლობა. რაც შეეხება ბუკლეტს, რადგან ოჯახს დიდი არქივი გვაქვს, შევთავაზე დახმარება, მაგრამ არავინ შემეხმიანა და ბუკლეტიც არ გამოსულა. ჩემთვის ეს გასაკვირია. ალბათ უფრო სერიოზული საქმეები ჰქონდათ და ვერ მოიცალეს.

რამაზ ჩხიკვაძის შვილი: ,,მამაჩემი იმსახურებდა, მთაწმინდაზე დაკრძალულიყო"ბატონმა ზურაბ წერეთელმა უდიდესი რამ გააკეთა – თბილისს რამაზის ძეგლი აჩუქა, რომლისთვისაც თავიდან, რომელიღაც უცნობი ბაღი იყო გამოყოფილი, მაგრამ დიდი მადლობა ბიძინა ივანიშვილს, რომ “აზდაკი” 9 აპრილის ბაღში დაიდგა…

დღეს ყველა პოლიტიზებულია, რაღაცისთვის იბრძვის, ერთმანეთში მტრებს ეძებენ და არ სცალიათ. თქვენ რომ ინტერვიუ მთხოვეთ, ბევრი ვიფიქრე, ჩემი გულისტკივილი საჯაროდ გამომეთქვა თუ არა. ახლა თუ არ ვიზრუნეთ იმაზე, რომ რამაზ ჩხიკვაძის სახელი თაობებს დაამახსოვრდეთ, ათეულობით წლების შემდეგ, ის ერთეულებს გაახსენდებათ.
ნატაშაზე საერთოდ აღარ მაქვს საუბარი, ოჯახს და სამეგობროს, ახლო წრეს ახსოვს მხოლოდ. ეს მხოლოდ ჩემი მშობლების შემთხვევაში კი არაა ასე, დიდუბის პანთეონში ხშირად დავდივარ და ვაკვირდები, იგივე ხდება იმ უდიდესი ქართველების საფლავებზე, ვინც იქ განისვენებს. სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები უნდა ატარონ იქ, რომ თაობებმა იცოდნენ, ვინ ვინ არის.

კვირის პალიტრა