სოსო თოლორაია: ,,მონასტერში ჯანმრთელობის გამო, სულიერად დაცემული წავედი” – მსახიობი ბრუკლინის ეკლესიაში გალობს

სოსო თოლორაია: ,,მონასტერში ჯანმრთელობის გამო, სულიერად დაცემული წავედი" - მსახიობი ბრუკლინის ეკლესიაში გალობსტელეწამყვანმა, მსახიობმა და პოპულარული სიმღერების შემსრულებელმა, სოსო თოლორაიამ, 13 წლის წინ საქართველო დატოვა და ამერიკაში გაემგზავრა. რამდენიმე წლის წინ კი ამერიკის მოქალაქეობაც მიიღო. როგორც ამბობს, განსაცდელმა ტაძრამდე მიიყვანა და დღეს ეკლესიაში ქართულად გალობს.

სოსო თოლორაია:

-33 წლის ასაკში გავიცანი ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი, საერთოდ, ჩვენი ყველაზე დიდი მეგობარი – უფალი ჩვენი იესო ქრისტე! აღმოვაჩინე, რომ თურმე ის ყოველთვის მიცნობდა და უფრო მეტიც, ჩემგან განსხვავებით, ყოველთვის ჩემ გვერდით იყო…

– უფლისადმი შენი ასეთი შემობრუნება რამ განსაზღვრა. როგორც გავიგე, ეკლესიაში გალობ და სტიქაროსანი ხარ.

– კი, ბატონო, იმ ეკლესიაში ვმსახურობ, რომელიც ბრუკლინშია. ის ერთადერთი ქართული ეკლესიაა და საქართველოს საპატრიარქოს ექვემდებარება, ღვთისმშობლის შობის სახელს ატარებს. ის სპეციალურად დაქირავებულ ფართშია განთავსებული, სადაც სახელდახელოდაა სამლოცველო მოწყობილი. დიახ, იქ ვარ სტიქაროსანი და ვგალობ. გვყავს ჩვენი რეგენტი, მგალობელი, ლუიზა ცაავა, ღვაწლმოსილი ადამიანია, ქართველი მგალობლების არაერთი გუნდი ჰყავს ჩამოყალიბებული. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ მგალობლებში ვდგავარ და უფალს ვადიდებ.

ჩემი და უფლის ურთიერთობა საკმაოდ გვიან დაიწყო, რადგანაც მანამდე მეგონა, რომ ყველაფერი სისულელეა, რომ მღვდლები ხალხს ატყუებენ, რაშიც ძალიან ვცდებოდი. ეკლესიაში, უფალთან მისასვლელად, არსებობს ბევრი გზა, ერთ-ერთი და ყველზე მძიმე გზა ცოდვებისგან დაცემის გზაა.

მოკლედ, ცოდვებით დამძიმებული ადამიანი, ცხოვრებისგან გამწარებული, იმედგაცრუებული, წარუმატებელი მიდის კი არა, მიხოხდება ეკლესიის კარამდე ისე, როგორც ავადმყოფი, მძიმე სენშეპყრობილი მიდის საავადმყოფომდე. სწორედ ასე მიდის სულიერად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ეკლესიამდე, სადაც შემდეგ ხდება მისი განკურნება. ვერ იტყვი, რომ საბოლოოდ იკურნება, რადგანაც ყველაფერი მაინც ადამიანზეა დამოკიდებული, მის სურვილზე.

მოკლედ, ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა, როდესაც 33 წლისას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სულიერად დაცემულს მომიწია პირველად მონასტერში წასვლა, სადაც 40 დღის განმავლობაში დავრჩი. ჩვენი ეპარქიის მეუფე საბამ, რომელიც მაშინ მღვდელი იყო, მასწავლა ღთისმშობლის საგალობელი, მამაო ჩვენო, დილის კანონი, მრწამსი და მომაწოდა ინფორმაცია ქრისტიანობის შესახებ. აქედან და ასე დაიწყო ჩემი ქრისტიანული ცხოვრება…

ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სამრევლოს ინიციატივით, ბრუკლინში ავაშენოთ პირველ ქართული ეკლესია. ახლა მიმდინარეობს ამისთვის თანხების მოძიება…

ერთხელ მამა თეოდეორე გიგნაძემ აქ ყოფნისას თქვა, საქართველო იქ არის, სადაც ქართულად ლოცულობენ. ამის მეც ღრმად მწამს. რა მნიშვნელობა აქვს, სად ხარ? – მთავარია, ქართულად ლოცულობდე და სწორედ ამ საქმეს ემსახურება ჩვენი ინიციატივა. შემოგვიერთდით და ერთად ვადიდიოთ უფალი ჩვენს ქართულ ეკლესიაში.

ამბები.ჯი