ნოდარ ჯოჯუა: “კვირაში 15 ლარით გამქონდა თავი” – 29 წლის ჟურნალისტის გზა

ნოდარ ჯოჯუა: "კვირაში 15 ლარით გამქონდა თავი" - 29 წლის ჟურნალისტის გზა“ჟურნალისტობა ბევრს უდარდელი პროფესია ჰგონია, ჩემი ჟურნალისტური საქმიანობა კი გაუსაძლისი და დამთრგუნველი დღეებით არის სავსე”, – გვითხრა 29 წლის ნოდარ ჯოჯუამ. ის უკვე 10 წელია, რაც ჟურნალისტიკაშია და ამ სფეროში რომ დარჩენილიყო, უამრავი რამის გადატანა მოუხდა. არ ჰქონდა ჭერი, ზამთარში – სითბო, წყალიც კი, რომ ხელ-პირი დაებანა. ყველაფრის მიუხედავად, სხვა საქმის კეთებაზე არ უფიქრია.

ამ პროფესიას როცა ირჩევ, უნდა გიყვარდეს ადამიანები, ის ხალხი, ვისზეც ამბავს ქმნიო, ამბობს ნოდარი. მისი ამბავი კი ასეთია:

– 2004 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ (ნოდარი სამტრედიის სოფელ გომიდან არის. ავტ.), ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე დავიწყე სწავლა. სკოლის ასაკიდანვე ვიყავი ჟურნალისტობით დაინტერესებული. იმ პერიოდში ვარდების რევოლუცია ახალი მომხდარი იყო და ამანაც მოახდინა გავლენა, რომ ეს პროფესია ამერჩია.

უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად ვმუშაობდი ქუთაისში, ადგილობრივ გაზეთსა და რადიოში. მწირი ხელფასისა და რთული სოციალური პრობლემების გამო, რესპონდენტებთან მისასვლელად ფეხით კილომეტრების გავლა მიწევდა. იმდენად მიყვარს ჩემი პროფესია, არც წვიმას ვუშინდებოდი, არც ქარს, არც სიცივეს, მთავარი იყო, რედაქციაში ახალი ამბავი მიმეტანა.

მალე გაზეთისა და რადიოს ფინანსური პრობლემები გაუარესდა, შემდეგ კი ორივე დახურეს.

– როგორც ვიცი, ხშირად სხვადასხვა ქალაქებშიც გიხდებოდათ ცხოვრება.

– 2012 წელს საინფორმაციო სააგენტო “ინფო 9” მაღალმთიან აჭარაში, კერძოდ, ხულოს მუნიციპალიტეტში, ეძებდა ვიდეოოპერატორს. ბევრი არ მიფიქრია, შემოთავაზებას დავთანხმდი და ოპერატორობა დავიწყე.

მალე ვისწავლე ვიდეოგადაღება და ხულოში გადავედი საცხოვრებლად. იქ რთული სამუშაო პირობები დაგვხვდა, საქმიანობაში არაერთხელ შეგვიშალეს ხელი. ყოველდღე ძალოვანი სტრუქტურები გვაკონტროლებდნენ, დაგვყვებოდნენ და იღებდნენ ჩვენს მუშაობას.

ახლა ერთობლივად ორივე საქმის კეთება შემიძლია, როგორც გადაღება, ისე ტექსტის წერა, მონტაჟი და ა.შ.

– ხულოდან ქუთაისში მოგიწიათ დაბრუნება. როგორ პირობებში გიწევდათ ცხოვრება?

– ხულოს მუნიციპალიტეტში ბიურო დაიხურა, ამიტომ სხვა გზა არ მქონდა, ქუთაისში დავბრუნდი. თავიდან დავიწყე იმ გზის გავლა, რაც სტუდენტობისას გავიარე, თუმცა ამჯერად უფრო რთულად, რადგან ოჯახს ძალიან უჭირდა, მშობლები ვერ მეხმარებოდნენ, კვირიდან კვირამდე 12-15 ლარით გამქონდა თავი.

ბინის ქირა რომ ვერ გადავიხადე, მეგობრის დახმარებით იმ რადიოს შენობაში დავსახლდი, რომელიც ფინანსური პრობლემის გამო დახურეს, შემდეგ კი გაყიდეს. ეს რადიო ე.წ. პრესის სახლის მეხუთე სართულზე მდებარეობდა, სადაც ჩამსხვრეული მინები, ნესტიანი კედლები და ოთახში აუტანელი სიცივე იყო. წყალიც კი არ მოდიოდა, ხელ-პირს იქვე მდებარე ეკლესიის ეზოში ვიბანდი. იქიდანვე ვეზიდებოდი სასმელ წყალსაც. არც სველი წერტილი მქონდა, აბაზანაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო.

ამ ყველაფრის მიუხედავად, არ დავნებებულვარ. ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტოში დავიწყე მუშაობა, ასევე მეგობრის რეკომენდაციით ინტერნეტტელევიზია “ფრეშნიუსთან” და “ნანუკა ჟორჟოლიანის შოუსთან” ვთანამშრომლობდი. მეგობრებისგან ვთხოულობდი ვიდეოკამერას, კომპიუტერს და ისე ვაწვდიდი ნანუკას სტუდიას გადაღებულ მასალას.

ჰონორარი რომ დამეზოგა, სხვადასხვა რაიონში ავტობუსით დავდოდი, ქალაქის ქუჩებში კი – ფეხით. ნახევარჯერ მშიერს “ფრეშნიუსისთვის” არაერთი საინტერესო, პრობლემით სავსე რეპორტაჟი გადამიღია.

ამას საჯაროდ პირველად ვყვები. იმ შენობაში თუ ვცხოვრობდი, ისიც კი არავინ იცოდა. როცა საზოგადოებაში ვიყავი, მეგობრებთან ერთად არასოდეს ვიმჩნევდი ჩემს პრობლემებს. კაფეში, რესატორანსა და გასართობ ადგილებში მეგობრებთან ერთად წასვლას ყოველთვის თავს ვარიდებდი იმ მიზეზით, რომ არ მეცალა.

ხშირად საკვების ფულს ვიკლებდი და კალამსა და ბლოკნოტს ვყიდულობდი. ამ ყველაფერს უკეთესი მომავლისთვის ვაკეთებდი, საკუთარი თავის განვითარებისთვის, რადგან არ მინდოდა, სოფელში, სახლში წავსულიყავი და ყველას დავევიწყებინე. ჟურნალისტიკა ისეთი პროფესიაა, თუ არ იაქტიურე, ხალხში არ გახვედი, ყველა მარტივად დაგივიწყებს.

– მეგობრები არ გეხმარებოდნენ?

– ვისაც როგორ შეეძლო, ისე. დღეს ისეთი ცხოვრებაა, ყველა საკუთარი თავის გადარჩენისთვის იბრძვის. თან ისეთი ადამიანი ვარ, დახმარების თხოვნა მეუხერხულება. მირჩევნია, ორი დღე შიმშილს გავუძლო, ვიდრე მოწყალება ვითხოვო.

– ამჯერად სად მუშაობთ?

– ტელეკომპანია “ობიექტივში”, ბათუმის ბიუროში ვმუშაობ. აქაც მიწევს ბრძოლა არსებობისთვის, რადგან რეგიონში არ არის ისეთი ფინანსური ანაზღაურება, რომ მატერიალურად უზრუნველყოფილი იყო. დამატებით სამსახურს ვეძებ და იმედი მაქვს, მალე ვიპოვი. იმდენად მიყვარს ჩემი პროფესია, სხვაგან ვერც წარმომიდგენია თავი.

ძალიან მინდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო აქამდე ვერ შევძელი. დარწმუნებული ვარ, ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება.

– სკოლას რომ ახლა ამთავრებდეთ, ისევ ჟურნალისტიკას აირჩევდით და იმავე გზას გაივლიდით?

– ბევრ რამეს შევცვლიდი. მაქსიმალურად გამოვიყენებდი დროს, რადგან ამაზე ძვირფასი არაფერია, მაგრამ ისევ ჟურნალისტიკაზე ჩავაბარებდი. ისევ ვიბრძოლებდი, რადგან თავის დამკვიდრებისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. იმავე გზის გავლა არ მინდა, ძალიან რთულია ფიქრები მომავალზე, არსებობაზე, წარმატებასა და წარუმატებლობაზე…

– რას ურჩევთ მომავალ ჟურნალისტებს?

– მაქსიმალურად გამოიყენონ სტუდენტური წლები, ბევრი იკითხონ, აითვისონ ახალი ტექნოლოგიები, რადგან სულ მალე ახალი მედია უფრო ძლიერი და წარმატებული იქნება. იმუშაონ საკუთარ თავზე, გაიარონ ბევრი პრაქტიკა. ყოველთვის იყვნენ ინფორმირებული, იკითხონ ჟურნალ-გაზეთები, ონლაინგამოცემები. დაბოლოს, ვუსურვებ უკეთეს და ფინანსურად ძლიერ მედიაბაზარს.

ირაკლი ვაჩიბერაძე, ჟურნალი სარკე