მომღერალ მაგდა ვასაძის ვიზუალი ბოლო პერიოდში საკმაოდ შეიცვალა. 9 კილო დაიკლო, თმა დაიგრძელა, წითლად შეიღება და აფრიკული ნაწნავები გაიკეთა, ტუჩზე პირსინგიც აქვს. წონაში დაკლებამ განწყობაც გადაუსხვაფერა. თითქოს სხვა ადამიანი გავხდიო, გვითხრა. 32 წლის მომღერალი ცხოვრების სხვა ეტაპზე ქმართან, გიორგი პაპკიაურთან ერთად გადავიდა თუ არა, ამაზე საბუარი არ ისურვა, თუმცა, როგორც ამბობენ, ცოლ-ქმარი ერთმანეთს გაშორდნენ.
– მაგდა, როგორც გავიგე, კარიერაში სიახლეები გაქვთ. მოგვიყევით ამაზე.
– ახალი პროექტი გავაკეთე, რომელსაც “მაგდა” ჰქვია და უამრავ რამეს მოიცავს. რეპერტუარს დიჯეისთან ერთადაც ვამზადებ. ბენდთან ერთად სხვადასხვა კლუბში ვმღერი.
– დღევანდელი თქვენი საქმიანობით კმაყოფილი ხართ?
– ისეთი კმაყოფილი ვარ, როგორც არასდროს. უამრავი კონცერტი და გეგმა მაქვს, რაზეც წინასწარ საუბარი არ მინდა. ნელ-ნელა ფართო ასპარეზზეც გავალ. ანაზღაურებასაც არ ვუჩივი. ჩემი შემოსავლის წყაროც საყვარელი საქმიანობაა.
– როგორ ფიქრობთ, ეს წარმატება “იქს ფაქტორში” მონაწილეობის შედეგია?
– სიმართლე გითხრათ, “იქს ფაქტორში” მონაწილეობას დიდი არაფერი მოჰყოლია. ამ პროექტში გავედი იმიტომ, რომ ხალხისთვის თავი შემეხსენებინა. უმრავლესობას “ახალი ხმიდან” უფრო ვახსოვარ. ალბათ “იქს ფაქტორმაც” რაღაც როლი ითამაშა, რადგან ხალხს ჩემი გამოჩენა გაუხარდა. “ახალი ხმა” ჩემს ცხოვრებაში ყველაზე კარგი ეტაპი იყო.
– ხომ არ ნანობთ “იქს ფაქტორში” მონაწილეობას?
– რასაც ვაკეთებ, არასდროს ვნანობ. ყოველთვის მინდოდა, ფილარმონიის სცენაზე ფეხი დამედგა და “იქს ფაქტორში” ჩემი მაქსიმუმიც გავაკეთე.
– თქვენი მენტორი ლელა წურწუმია იყო. როგორი ურთიერთობა გაქვთ მასთან?
– გადასარევი. ორივე დაკავებულები ვართ და ახლო მეგობრობა არ გვაკავშირებს, მაგრამ სადაც ვხვდებით ერთმანეთს, დიდი სიყვარულით ვეხუტებით.
– წონაში ძალიან დაგიკლიათ. როგორ დიეტას იცავდით?
– ერთი პერიოდი სხეულის ფორმებზე ნაკლებად ვფიქრობდი და გავსუქდი. მერე მივხვდი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და დეკემბერში ე.წ. უგულავას დიეტა დავიწყე. შემდეგ ჯანსაღი კვებითა და ვარჯიშით გავაგრძელე, თუმცა იმას ვერ გეტყვით, რომ სატრენაჟორო დარბაზს სისტემატურად ვსტუმრობ, რადგან ამას ფიზიკურად ვერ ვახერხებ. სახლში მუცლის პრესსაც ხშირად ვაკეთებ და ფეხითაც ბევრს ვსეირნობ.
9 კილო დავიკელი, მაგრამ ეს საბოლოო შედეგი არ არის, კიდევ რამდენიმე კილო მაქვს დასაკლები.
– კვებაში რა შეზღუდვები დაუწესეთ საკუთარ თავს?
– ტკბილეული იმდენად არ მიყვარს, წელიწადში შეიძლება ორჯერ შევჭამო. სამაგიეროდ, ჩემი დიდი სისუსტე ცომეულია, რაზეც უარი ვთქვი და სასურველი შედეგიც მივიღე.
– ამ ცვლილებამ როგორ იმოქმედა თქვენს განწყობაზე?
– სარკეში რომ ვიხედები, საკუთარი თავი ძალიან მომწონს და უფრო თავდაჯერებულიც გავხდი. ჩემი შედეგით დღეს ხომ ვტკბები და კიდევ რომ დავიკლებ, ალბათ უფრო ბედნიერი ვიქნები. როცა წონაში იკლებ, საერთოდ სხვა ადამიანი ხდები და ცხოვრებასაც სხვა თვალით უყურებ.
გამუდმებით ვეუბნებოდი ჩემს თავს, რომ წონაში უნდა დამეკლო, ამიტომ უამრავი პატარა ზომის ტანსაცმელს ვყიდულობდი და ვინახავდი, რადგან არ მეტეოდა. ახლა კი გადმოვალაგე გარდერობიდან და ვიცვამ. პიჯაკებს, რომლებიც არასდროს მეკვრებოდა, გადასარევად ვირგებ.
– ვარცხნილობას ყოველთვის განსხვავებულს ატარებთ, მაგრამ ტატუ და პირსინგი სიახლეა.
– დიდი ტატუს გაკეთება ყოველთვის მინდოდა, მაგრამ ვერასდროს ვრისკავდი. ერთ დღესაც მე და ჩემი მეგობარი წავედით ტატუს ხელოსანთან. სამსაათიან წვალებას გავუძელი და ხელზე დიდი, ფერადი ტატუ გავიკეთე. როგორც ამბობენ, სამეფო გვირგვინის ყვავილია, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში დიდი პოზიტივი შემოიტანა.
ამბობენ, რომ დიდი ტატუები დროთა განმავლობაში ადამიანებს ბეზრდებათ და ისეთ ადგილას უნდა გაიკეთო, რომ არ გამოჩნდეს. ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები, რადგან რაც ძალიან მოგწონს, იმაზე აზრს არასდროს შეიცვლი.
ტატუ რომ გავიკეთე, მეგობრებთან ერთად რამდენიმე დღით მილანში წავედი, სადაც ტუჩზე პირსინგით უამრავი ადამიანი ვნახე. სასტუმროს ნომერში რომ ავედი, სარკესთან დავდექი და მივხვდი, რომ მეც ძალიან მომიხდებოდა. ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში წავედი და ტუჩზე პირსინგი მეც გავიკეთე, რითიც ასევე ძალიან კმაყოფილი ვარ.
სხვათა შორის, ბავშვობაში დედა ხშირად მეუბნებოდა, შენ ალბათ ბაიკერს გაჰყვები ცოლადო. გადარეული, ჯაჭვებასხმული და “ხულიგანკა” გოგო ვიყავი. დროთა განმავლობაში შევიცვალე, გავნაზდი და ქალური გავხდი. დედა რომ ხდები, ყველაფერს სხვაგვარად აღიქვამ.
– ბაიკერს არ გაჰყოლილხართ ცოლად, მაგრამ თქვენი “ხელობის” ადამიანი აირჩიეთ ქმრად – მუსიკოსი გიორგი პაპკიაური. თუმცა ახლა ამბობენ, რომ ერთმანეთს გაშორდით. სიმართლეს თქვენ გვეტყვით?
– ამას არც დაგიდასტურებთ და არც უარვყოფ. მეც და გიორგიც ცხოვრების სხვა ეტაპზე გადავედით. ორივეს ჩვენი საქმე გვაქვს. დღევანდელი ყოფით ძალიან ბედნიერი ვარ და ამ თემაზე საუბარიც არ მინდა.
-დღეს როგორი ურთიერთობა გაქვთ?
– ერთმანეთთან კარგი, ნორმალური ურთიერთობა გვაქვს.
– ანუ პირადში სიახლე, ცვლილება არ გაქვთ?
– არა, ამჟამად არაფერი ხდება, მაგრამ უამრავი თაყვანისმცემელი მყავს და მწერენ კიდეც. ყველაზე კარგი ეტაპი მაქვს! ასაკს რომ მეკითხებიან და ვპასუხობ, 32 წლის ვარ-მეთქი, ყველას უკვირს. შვილის ასაკს რომ იგებენ – ხომ საერთოდ! ლუკა მაისში 12 წლის გახდება.
-ლუკა მამის გარეშე გაზარდეთ. სირთულეები უკვე გადალახეთ?
– ლუკა 4 წლის იყო, როცა მამამისს გავშორდი. სირთულე ის იყო, რომ ბავშვი ჩემს მშობლებთან, ქობულეთში იზრდებოდა. როცა ფინანსურად ფეხზე დავდექი, ჩემთან, თბილისში წამოვიყვანე. სკოლაშიც აქ დადის.
ასე რომ, სირთულესაც ვერაფერს ვხედავ. დიდი ბიჭია და ცდილობს, მაქსიმალურად დამიდგეს გვერდით. დღეს ყველაფერი იდეალურადაა, ისე, როგორც მე მინდა.
სოფიო ბოჭორიძე, სარკე

