საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ირაკლი მწითურმა, 92 კგ წონით კატეგორიაში, ბრინჯაოსთვის ფინალი კურიოზულად წააგო.
ირაკლი მწითური უკრაინელ კირილე მიეშკოვს 0:6 ამარცხებდა, მაგრამ დაიღალა და შეხვედრის დასრულებამდე ნახევარი წუთით ადრე მეტოქესთან 4 ქულა დაკარგა.
დაპირისპირების დასრულებამდე 7 წამით ადრე, ქართველი თავის დაცვაზე და მეტოქის მოშორებაზე იყო გადასული და შეცდომა დაუშვა, ხალიჩის გარეთ გადავიდა, მსაჯს ეს მომენტი გამოეპარა, მაგრამ უკრაინელებმა ჩელენჯი მოითხოვეს და მოიგეს კიდეც – 5:6. წამის 4 მეათედი უკვე ათვლილი იყო წამზომზე, როდესაც უკრაინელმა მწითური ხალიჩიდან გაიყვანა და ანგარიში საყაიმო გახადა.
მსაჯის სასტვენის შემდეგ, გამარჯვებას მწითურიც და მიეშკოვიც ზეიმობდნენ, თუმცა, გამარჯვებულად 4 ქულიანისა და ბოლო ქულების ხარჯზე სწორედ უკრაინელი გამოცხადდა. მწითურმა გააპროტესტა და ხელიც არ ჩამოართვა მსაჯს, რადგან თავს გამარჯვებულად თვლიდა, მისი ჩელენჯიც დაგვიანებული აღმოჩნდა და ნაკრებმა მეხუთე ბრინჯაო დაკარგა.
დღეს, ოქროს მედლისთვის იჭიდავებს გენო პეტრიაშვილი, რომელიც თავის ყველაზე პრინციპულ მეტოქეს, თურქ ტაჰა აკგულს დაუპირისპირდება.
აირპრეს.ჯი

