,,ემიკო აღარ არის” – 18 წლის წინ მთელ თბილისს მოედო ამბავი, რომ 21 წლის უნიჭიერესი მსახიობი ერმილე (ემიკო) დაიღუპა. მეგობრები, რეჟისორები და მსახიობები მას დღემდე იხსენებენ. ,,დაკარგული არტისტული სიჭაბუკე” – ამბობდა ემიკოზე თეატრთმცოდნე ვასო კიკნაძე. ,,ქართული თეატრის ღიმილის ბიჭი” – ასე უწოდებენ მას თეატრალურ სამყაროში.
ემიკო და მსახიობი კოტე თოლორდავა მეგობრები იყვნენ. ემიკოს გარდაცვალების შემდეგ კოტე თოლორდავა წერდა: ,,აღფრთოვანებული ვიყავი მისი პატიოსნებითა და ერთგულებით, რაც ჩვენს პროფესიაში იშვიათად თუ შეგხვდება. რა კარგი იქნებოდა, რომ ადრე არ დამთავრებულიყო სიცოცხლე… მწამს, რომ ემმი არასაოდეს დასრულდება”. სამწუხაროდ, რამდენიმე წლის შემდეგ კოტე თოლორდავას სიცოცხლეც დასრულდა, ის მოსკოვში, სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს.
,,ძალიან ბევრს ვფიქრობ, როგორ დავიწყო წერა, რადგან დღეს განსაკუთრებულ წერილს ვწერ, წერილს, რომელიც ჩემს საუკეთესო მეგობარს ეხება… არ მინდა იმ დღის გახსენება, საშინელ ემოციას იწვევს ჩემში… ტელეფონის ზარი… თავზარდამცემი, დაუჯერებელი ამბავი… ადამინი, რომელთან ერთადაც ცხოვრების საუკეთესო წლები გავატარე, ამქვეყნიდან წავიდა,
ემიკო იყო რაღაც განსაკუთრებული, უდრეკი სულის ახალგაზრდა კაცი, გამორჩეული ცხოვრების წესითა და ნამდვილი ვაჟკაცური პრინციპებით, მეგობრობაში საიმედო და ერთგული დასაყრდენი… ის რომ ჩემ გვერდით ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, ძალიან გამიადვილებდა ცხოვრებას, ჩემს ტკივილს საკუთარივით მიიღებდა…
ყოველთვის ყურში ჩამესმის მისი უკანასკნელი სიტყვები: როცა შევხვდებით, შენთვის რამდენი რამე მაქვს სათქმელიო. სამწუხაროდ, ეს შეხვედრა ვეღარ შედგა…. რაღაცნაირად ვცდილობ, მისი დანაკლისი მისივე ოჯახის წევრებთან ურთიერთობით შევივსო. ის სითბო და სიყვარული, რაც ემიკოსთვის უნდა გამეღო, მის უახლოეს ადამიანებს გავუზიარო. მეტი სიახლოვისთვის ემიკოს ძმისშვილი მოვნათლე”, – დაწერა ლევან დარბაიძემ ქართული თეატრის ღიმილის ბიჭზე.
ემიკო კლდიაშვილი 15 მაისს 39 წლის გახდებოდა

