,,ამბავი რომ ატეხეთ, 9 აპრილის მემორიალზე იცეკვაო, აი, ეს გოგოა” – ანა სუბელიანის სიმღერა – ვიდეო

,,ამბავი რომ ატეხეთ, 9 აპრილის მემორიალზე იცეკვაო, აი, ეს გოგოა" - ანა სუბელიანის სიმღერა - ვიდეოგოგონა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამართულ აქციაზე, 9 აპრილის მემორიალზე ცეკვავდა, მომღერალი ანა სუბელიანი გახლავთ, რომელიც ქართულ სიმღერებს უბადლოდ ასრულებს. მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს კი იმ დღეებში თავად ასე გამოეხმაურა:

-დღეს დილას თვალი გავახილე თუ არა, აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ითხოვს ჩემს სარზე წამოცმას, ნაწლავების ამოყრას, თვალების დათხრას იმის გამო, რომ გუშინ ვცეკვავდი თავისუფლებისთვის, ვცეკვავდი დიახ, იმ მონუმენტზე, რომელიც ეძღვნება იმ ადამიანებს, ვინც თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. ჩემთვის ეს იყო თავისუფლების აქტი.

ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ვინმესთვის ეს შეურაცხმყოფელი იყო, იმდენად სუფთა გულით და სუფთა ემოციით გავაკეთე ეს. მეგობრებო, თქვენ მოგიწოდებთ, ვინც ამ მონუმენტთან დგახართ, დაფიქრდით, იქნებ სხვაგვარად შევხედოთ ამ ყველაფერს, ჩაიხედეთ თქვენს გულებში, რატომ ხედავთ ყველანაირ ქმედებაში მხოლოდ სიბინძურეს, არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი…

ჩვენ ვაგრძელებთ იმ ბრძოლას, რომელსაც ჰქვია 9 აპრილის ბრძოლა. ჩემი თანამოქალაქეები, მაშინ საბჭოთა კავშირის მოქალაქეები იყვნენ, იბრძოდნენ იმისთვის, რომ გვქონოდა ქვეყანა დღეს როგორიც გვაქვს და კიდევ უფრო უკეთესი გვქონოდა. სწორედ ამ ბრძოლას ვაგრძელებთ და ძალიან გთხოვთ ნუ შეგვიშლით ხელს,- განაცხადა ანა სუბელიანმა 13 მაისს ინტერპრესთან.

,,ამბავი რომ ატეხეთ, 9 აპრილის მემორიალზე რატომ იცეკვაო, აი, ეს გოგოა, რომ იცოდეთ” – დაწერა ფეისბუქში პარლამენტის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა და გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ანი ასრულებს სიმღერას ,,აი, და რარიგ გიხდება”, რომელსაც თავის დროზე ინოლა გურგულია მღეროდა.

https://youtu.be/6Y11jl4FiCw?t=111