12 წლის სალომე ტატიშვილის გარდაცვალების საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში დღეს ხმაურით მიმდინარეობდა. გარდაცვლილი მოზარდის მშობლებისთვის მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატის განცხადებები შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა, გარდაცვლილის მამამ, მერაბ ტატიშვილმა, სასამართლო პროცესი დატოვა.
ტრაგედია 2 წლის წინ დატრიალდა. სპორტსკოლის მე-7 კლასის მოსწავლე, სალომე ტატიშვილი, დებთან და მეგობრებთან ერთად გუდაურში რთულ ტრასაზე სრიალებდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, ბავშვს დიდი სისწრაფით და ხელჯოხების გარეშე მოსრიალე მოთხილამურე შეეჯახა. სალომე მიღებული მძიმე დაზიანებებით ადგილზევე დაიღუპა. გარდაცვლილის მშობლების მტკიცებით, ბიჭი შეჯახებისას ნასვამი იყო.
მოთხილამურე, რომელიც სალომე ტატიშვილს დაეჯახა, 18 წლის გიორგი ლიპატრელიანია. მას ბრალი პროკურატურამ 12 წლის სალომე ტატიშვილის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის წაუყენა. ლიპარტელიანი სასამართლომ ჯერ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, შემდეგ კი მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა გაამართლა.
ბუგიანიშვილი განაჩენში განმარტავს: „გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად მტკიცებულებები საკმარისი არ იყო, თხილამურებით სრიალის მაქსიმალურ სიჩქარეს კანონი არ არეგულირებს და ექსტრემალური სპორტის ეს სახეობა თავის თავში მოიცავს ტრავმებს.“
სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს. დაზარალებული მხარე ლიპარტელიანს 12 წლის მოზარდის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ედავება და საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის შეცვლას მოითხოვს.
ბრალდების მხარეს არ ეთანხმება გიორგი ლიპარტელიანის ადვოკატი. დღეს თენგიზ ხარებავამ სალომე ტატიშვილის დაღუპვის ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად, სხვა დაზიანებებთან ერთად, ნეკნების მოტეხილობებიც დაასახელა, რომელიც, მისივე თქმით, ხელოვნური სუნთქვის ჩატარებისას მაშველებმა მიაყენეს ბავშვს.
-როცა ვსაუბრობთ მრავლობით დაზიანებებზე, რომელიც სიცოცხლის დროს მიიღო, რატომ არ ვსაუბრობთ იმ მრავლობით მოტეხილობებზე, რომლებიც მაშველებმა მიაყენეს ბავშვს ხელოვნური სუნთქვის ჩატარებისას, – ადვოკატის ამ განცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა.
-სრული ბოდვა და თავხედობა! – ასე უწოდებს ლიპარტელიანის ადვოკატის დღევანდელ გამოსვლას გარდაცვლილის დედა, ნინო ჟვანია.
ოჯახი, ლიპარტელიანთან ერთად, საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ბესიკ ბუგიანიშვილის, ბრალეულობაზეც საუბრობს და მას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.
-ენით აღუწერელი სითავხედეა, როცა ადვოკატი ბედავს და ამბობს, რომ ბავშვის გარდაცვალების მიზეზი მაშველების მიერ ჩატარებული სამედიცინო დახმარება შეიძლება გამხდარიყო. ამ აბსურდის მიხედვით ყველა უნდა გარდაიცვალოს, ვისაც ხელოვნურ სუნთქვას ჩაუტარებენ. ტრავმების ჩამონათვალი, რომელიც სალომეს ჰქონდა, საკმაოდ ვრცელია და ყოველი მეორე სიცოცხლესთან შეუთავსებელია, – აცხადებს გარდაცვლილის დედა ნინო ჟვანია.
აღსანიშნავია, რომ მაშველების ბრალეულობაზე არც ერთ ჩატარებულ სამედიცინო დასკვნაში არ არის საუბარი და არც წინა ინსტანციის სასამართლოების მიმდინარეობისას გაჟღერებულა.
საქმის პროკურორის, ბესიკ ქორაიას, განმარტებით, ადვოკატის განცხადება აბსურდულია.
საქმის განხილვას არ დასწრებია გიორგი ლიპარტელიანი. სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე მისი მამიდა, მანანა ლიპარტელიანი, მედიას საინფორმაციო ომის წარმოებაში ადანაშაულებდა, თუმცა საქმესთან დაკავშირებით საპასუხო კომენტარის გაკეთება არც მან და არც ადვოკატმა თამაზ ხარებავამ არ ისურვეს.
სააპელაციო სასამართლოს შემდეგი სხდომა, სადაც განაჩენიც გამოცხადდება, 25 აპრილს არის ჩანიშნული.
ფორტუნა.ჯი

