რუსულენოვანი გიდი ქართველებზე: ,,დაიმახსოვრეთ, იერუსალიმი, სადაც ჩვენ ახლა შესვლას ვცდილობთ, დიდი ხანი ამათი იყო”

რუსულენოვანი გიდი ქართველებზე: ,,დაიმახსოვრეთ, იერუსალიმი, სადაც ჩვენ ახლა შესვლას ვცდილობთ, დიდი ხანი ამათი იყო"ამ წუთებში ქრისტიანული სამყარო იერუსალიმში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას ელოდება. საქართველოს ტელეარხებზე პირდაპირი ტრანსლირება მიმდინარეობს. თეოლოგი გიორგი გვასალია მაყურებელს ამ დღის მნიშვნელობაზე უყვება. მან ასეთი ისტორია გაიხსენა:

-ამ დღეს ყველა ცდილობს, შიგნით, ძველ ქალაქში შეღწევას, რომ მეტნაკლებად  ახლოს მაინც მივიდეს ცენტრალურ ადგილას. მე ჯგუფთან ერთად გარეთ დარჩენილთა შორის აღმოვჩნდი.  თითოეული დელეგაცია ცდილობს, რომ თავისი დროშა ჰქონდეს ხელში და ამ  დროშით დაადასტუროს ნაციონალური იდენტობა. რა თქმა უნდა, ქართველებიც ჩვენი  დროშით ვიდექით.

ტურისტულ ჯგუფებს თავიანთი გიდები ჰყავთ,  სხვადასვა ენაზე მიდის საუბარი. გიდები ენერგიულად მუშაობენ და მიუძღვიან ტურისტულ ჯგუფებს. უცებ მოვხვდით ისეთ ტურისტულ ჯგუფთან, რომლის გიდიც რუსულად საუბრობდა. ის ამბობდა, თუ დაწყნარდებით და არ იყიჟინებთ, იერუსალიმის პოლიცია უფლებას მოგვცემს, ტაძართან უფრო ახლოს მივიდეთო.

ყველანი დავწყნარდით, ემოციები ჩავიცხრეთ. უცებ  გიდი ჩვენკენ მოტრიალდა, თავისი ჯგუფისკენ  გაიხედა, თითი ჩვენკენ გამოიშვირა და თავის ჯგუფს უთხრა:  გახსოვდეთ  და იცოდეთ, იერუსალიმი, ის, სადაც ჩვენ ახლა შესვლას ვცდილობთ, ძალიან დიდიხანი ამათი იყოო.

ეს იყო ენით გამოუთქმელი სიხარული. ჩვენმა წინაპრებმა სისხლი ღვარეს, რომ შეენარჩუნებინათ ის მენტალური, ღირებულებითი სისტემა, რომელმაც საუკუნეების შემდეგაც ერთ რიგით გიდს საქადაგო სიტყვა ათქმევინა.