ფოტომოდელი, ყოფილი სპორტსმენი, რატი წითელაძე, ჰოლივუდს უმიზნებს და ამბიციური ჩანაფიქრი აქვს – რეჟისურაში სურს, საკუთარი სიტყვა თქვას. საქართველოში საზოგადოებამ ის გაიცნო პროექტიდან “ცეკვავენ ვარსკვლავები”, ამის შემდეგ სერიალშიც ითამაშა. შემდეგ კი მის ცხოვრებაში საკუთარი თავის ძიების რთული პერიოდი დაიწყო.
ერთ დღეს რატიმ ხელში აიღო კამერა და რეალურ ისტორიაზე გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი “დედა”, რომლითაც ბევრი ფესტივალი მოიარა. ახლახან მისი ფილმი “სოციუმის პატიმარი” “ოსკარის” კვალიფიცირებულ ფესტივალზე საუკეთესოთა შორის მოხვდა. ამ ყველაფერზე რატიმ თავად გვიამბო.
– რატი, “ოსკარის” კვალიფიცირებულ ფესტივალზე მოგვიყევით.
– ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ფესტივალი მსოფლიოში, რომელსაც 30 ათასზე მეტი მაყურებელი ჰყავს. არამარტო “ოსკარის” კვალიფიცირებული ფილმებია წარდგენილი, არამედ “ბაფტასიც”, ანუ გამარჯვების შემთხვევაში ევროპული აკადემიის ნომინაციასაც იღებ.
– “სოციუმის პატიმარი” მანამდე სხვა ფესტივალშიც მონაწილეობდა?
– არა, პირველად შედგება მსოფლიო პრემიერა. ჩემს ცხოვრებაში ახლა ბევრი რამ ერთდროულად ხდება. ამ დღეებში უკვე სამ სხვადასხვა ფესტივალზე ვიყავი.
“სოციუმის პატიმრის” გარდა, მაქვს პროექტი, რომელსაც ჰქვია “ცარიელი სახლი”. რამდენიმე წელია მისი გადაღება მინდა. ამ ფილმის პროექტი შეირჩა კანის ფესტივალზე, ბერლინალეზე, ანუ მსოფლიოს საუკეთესო ფესტივალებზე. ახლა ქართული კინოცენტრიდან ფულს ველოდები, რომ გადაღება შევძლო.
– ფილმი რის შესახებ არის?
– გასული საუკუნის 90-იან წლებში ხდება მოვლენები. 12 წლის გოგოს შესახებ არის, რომელიც ოცნებობს, ოჯახი გამთლიანდეს. სამწუხაროდ, დეტალებზე საუბარი არ შემიძლია. სრულმეტრაჟიანი ფილმი იქნება.
– ეს ფილმიც ფესტივალებისთვის არის გათვლილი?
– ფილმი თუ კარგია, მნიშვნელობა არ აქვს, ფესტივალისთვის არის გათვლილი თუ არა, მიუხედავად იმისა, რომ, ფინანსური თვალსაზრისით, ფესტივალები მომგებიანია.
ჩემთვის ფილმში მთავარია ისტორია. “სოციუმის პატიმარში” ადელინაა მთავარი გმირი, რომელიც რეალურად არსებობს. მან დამირეკა და მომიყვა თავისი ისტორია, რომელმაც დამაინტერესა. შემდეგ გავიცანი ამ გოგოს ოჯახის წევრები და ვთქვი, რომ ამაზე ფილმი უნდა გადამეღო.
ავიღე კამერა და დავიწყე გადაღება – ყველაფერი მე გავაკეთე, დაწყებული რეჟისურით დამთავრებული მონტაჟით.
მე მაინტერესებს პერსონალური ისტორიები, რომლებიც ჩემს გრძნობებზე იმოქმედებს და დარჩება ჩემში.
– რამ დაგაწყებინათ რეჟისორობა, ამის სურვილი რამ გაგიჩინათ?
– ცოტა შორიდან დავიწყებ. ერთი პერიოდი სოფელში ვცხოვრობდი, შემდეგ გადავედი ბათუმში, სადაც დაიწყო ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი. ბავშვობიდან სულ ვვარჯიშობდი. ბათუმში რომ საკუთარი თავი ამოვწურე, შემდეგ გადმოვედი თბილისში და ვცხოვრობდი სავარჯიშო დარბაზში, რადგან ფული არ მქონდა, თუმცა გამაჩნდა მიზანი, რომ ცხოვრებაში მაქსიმუმისთვის მიმეღწია.
ჩემი შრომა დაფასდა, კიკ ბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონი გავხდი. ბევრი რამ გავაკეთე, მაგრამ მივხვდი, რომ იმ სფეროში მეტს ვეღარ მივაღწევდი. მერე მქონდა პერიოდი, რომ მარტო ვიჯექი სახლში და ვფიქრობდი, ცხოვრებას რა აზრი აქვს-მეთქი. სიკვდილზეც მიფიქრია. შემდეგ გავხდი ასე თუ ისე ცნობილი, მაგრამ ჩემში არ იყო ის, რომ არაფრისგან ცნობილი ვყოფილიყავი, თუნდაც ფოტოების გადაღებით – ეს მიუღებელი იყო.
ამას როცა მივხვდი, საქართველოდან წავედი. დავინტერესდი კინოინდუსტრიით. ავირჩიე პროდიუსერ-რეჟისორობა, რადგან შემიძლია შევქმნა ისეთი სამყარო, სადაც მინდა, რომ ვიცხოვრო, როგორც რეჟისორმა.
გადავიღე მოკლემეტრაჟიანი ფილმი “დედა”, რომელიც ასევე პერსონალური ისტორია გახლდათ და იმ პრობლემაზე იყო, რაც მარტოხელა დედებს აწუხებთ საქართველოში. ფილმი რომელ ფესტივალზეც წარვადგინე, თემა ყველასთვის საინტერესო აღმოჩნდა.
– უცხოეთიდან რაიმე შემოთავაზება გაქვთ?
– რაღაც პერიოდი ამერიკაში, ლოს ანჯელესში ვცხოვრობდი და სამსახიობოზე ვსწავლობდი. შემდეგ წამოვედი საქართველოში. ამერიკიდანაც მქონდა შემოთავაზება, მაგრამ ის ისტორიები, რომელთა გაკეთებაც მინდა, არის საქართველოზე და აქ ვმუშაობ.
რაღაც პერიოდის შემდეგ ვაპირებ ჰოლივუდში ფილმის გადაღებას, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერ მინდა, ის გავაკეთო, რაც ჩემს გულთან ახლოსაა. თან საქართველოში არის იმის პოტენციალი, რომ რამე დიდი შექმნა. მე არ მინდა, გადავიღო ისეთი ფილმი, რომელიც ფესტივალებზე იქნება, რამდენიმე ადამიანი ნახავს და შემდეგ დაივიწყებენ.
– კინოს გადაღება დიდ თანხებს უკავშირდება. ვინ გაფინანსებთ?
– რაც კი გადამიღია, ყველა – ჩემი ხარჯებით. “სოციუმის პატიმარი” არაა ძვირადღირებული, მონტაჟიც მე გავაკეთე და მუსიკაც მე დავადე, თუმცა სრულმეტრაჟიან ფილმზე მუშაობა ძალიან პრობლემურია. დასაწყისისთვის კინოცენტრმა უნდა გითხრას თანხმობა, შეიძლება შემოვიდეს თანხა საფრანგეთიდან, გერმანიიდან და ა.შ.
ერთ-ერთი, რაც ყველაზე კარგი გვაქვს, ის არის, რომ დახმარება როცა გჭირდება, გვერდში დგომა ვიცით, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც კინოცენტრმა ფესტივალზე გასამგზავრებელი ბილეთის ფულიც კი არ გადამიხადა. მე არ ვარ მათი ოჯახის წევრი, დროა საჭირო, რომ მათი ოჯახის წევრი გახდე.
– საზოგადოებამ პირველად გაგიცნოთ ფოტომოდელად, შემდეგ იყო პროექტი “ცეკვავენ ვარსკვლავები”. თქვენი სექსუალური ფოტოები იყო თუ არა გამიზნული იმისთვის, რომ ცნობილი გამხდარიყავით?
– დღევანდელი გადასახედიდან, ის ფოტოები არაფრისმთქმელია. იმ დროს სოციალური ქსელები ასეთი აქტიური არ იყო და ამიტომ გამოიწვია აჟიოტაჟი, თორემ შიშველი სხეული არ ყოფილა. ერთხელ ცხოვრობ ამქვეყნად, ამიტომ მაინტერესებს ბევრი რამ და ექსპერიმენტებსაც მივმართავ.
– რა არის თქვენთვის მწვერვალი, რისკენაც მიისწრაფით?
– ჩემს ცხოვრებაში არამხოლოდ ერთი მწვერვალია, არის მთები და დიდი მწვერვალი, რომელზეც მინდა, რომ ქართული ფილმით ავიდე.
– წარმატება უფრო მეტი იყო თქვენს ცხოვრებაში თუ წარუმატებლობა?
– წარუმატებლობა. 4 წელი ყველა “არა”-ს მეუბნებოდა, მაგრამ არასდროს უნდა დანებდე. ქართველებს ერთი რამ გვაქვს ცუდი – ნაცნობობით საქმის კეთება. ამერიკიდან რომ დავბრუნდი და ჩემი პროექტი მივიტანე კინოცენტრში, არც კი წაიკითხეს. მითხრეს, გული არ დაგწყდეს, შემდეგში ვნახოთო. არც კი იცოდნენ, რაზე ამბობდნენ უარს. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩემი პროექტით კანის ფესტივალზე რომ არ მოვხვედრილიყავი, დავიკარგებოდი.
– კარიერაში წინ მიიწევთ. პარალელურად პირად ცხოვრებაშიც?
– პირადი ცხოვრება მაქვს, მაგრამ ეს არის ის თემა, რომელზე საუბარიც არ მიყვარს. რატი არ დადის კლუბებში. ჩემი პირადი ცხოვრება არის ის, რასაც დღეს ვაკეთებ. ახლა კონცენტრირებული ვარ კინოზე.
– კითხვას თავს არიდებთ. თქვენს ცხოვრებაში არის ის “ერთი”?
– არის, უბრალოდ, არ ვსაუბრობ.
მარი მგალობლიშვილი, ჟურნალი სარკე

