წელს ლა სკალას თეატრში ლეგენდარული რეჟისორის, ფრანკო ძეფირელის 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სპექტაკლი ,,აიდა” გრანდიოზულად დაიდგმება. სპექტაკლში, რომელსაც მთელი მუსიკალური სამყარო მოუთმენლად ელოდება, ქართველი ბარიტონი გიორგი გაგნიძეა მიწვეული.ყველა ბილეთი უკვე წინასწარ არის გაყიდული.
,,მილანის ლა სკალაში ,,აიდა” 1963 წელს დაიდგა. განახლებული ,,აიდა”, რომელიც მიეძღვნება ლეგენდარული რეჟისორის, ფრანკო ძეფირელის დაბადებიდან 95 წლის საიუბილეო თარიღს, გაიმართება 8 მაისს 2018 წლის. ვარ ბედნიერი და მადლობელი უფლის, რომ მომცა საშუალება, მემღერა ამ მნიშვნელოვან და უღირშესანიშნავეს დღეს!
ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია წინასწარ!”, – წერს გიორგი გაგნიძე სოციალურ ქსელში.
წლებია, ქართველი ბარიტონი მსოფლიოს პრესტიჟულ თეატრებში მღერის და უდიდეს დირიჟორებთან, რეჟისორებთან და მსახიობებთან ერთად მუშაობს. ,,ნომერი პირველი ბარიტონი”, ,,ძლევამოსილი ბარიტონი კეთილშობილი ხმით” – წერენ მასზე. გიორგისთვის 2018 წელი მეტროპოლიტენ ოპერაში საიუბილეოა – 100 სპექტაკლში ითამაშა. ამის შესახებ ამერიკულმა პრესამ უკვე დაწერა.
გიორგი გაგნიძე იტალიური ოპერების საუკეთესო შემსრულებლად ითვლება.
-,,რატომ არის თქვენი მიმართულება იტალიური დრამატული რეპერტუარი, იტალიური ექსპრესიულობა, მოზღვავებული ემოციები ხომ არ ემთხვევა თქვენს ტემპერამენტს?” – ჰკითხა ეკო ფანგანმა ,,იმედის” შუადღის გადაცემაში მომღერალს, რომელმაც უპასუხა.
-ეს, პირველ რიგში, განაპირობა კონკურსმა ,,ვერდის ხმები”, რომელშიც 2005 წელს მივიღე მონაწილეობა და პირველი ადგილი და გრან პრი ავიღე. ჟიურის თავმჯდომარე გახლდათ ხოსე კარერასი.
კონკურსანტებს ხუთი არია უნდა გვემღერა ვერდის შემოქმედებიდან. საერთოდ, ყველა ერიდება რიგოლეტოს არიას შესრულებას, რადგან ეს არის დაბრძენებული ბარიტონის სამღერი, მაშინ მე კიდევ წლები მჭირდებოდა…
კარერასმა გაკვირვებულმა მკითხა, ეს როგორ გაბედეთო. მე ვუთხარი: ,,მშვიდად იყავით, ვთხოვ კონცერტმეისტერს, დაუკრას ნაწარმოები”.
სიმღერა რომ დავამთავრე, კარერასმა ,,გრაციო” მითხრა ცოტა შეშფოთებული და აღფრთოვანებული ხმითაც. მაშინ მივხვდი, რომ კარგად იყო საქმე. ის კონკურსანტებს პირადად არ ხვდება ხოლმე, მაგრამ, პირველი ტური რომ დამთავრდა, ჩემთან მოვიდა. ყველა გაკვირებული იყო ამით, მაგრამ კარერასი არის ემოციური, მას ყველა იცნობს, როგორ ღირსეულ, სუფთა ადამიანს. ის ესპანელია, ვერ იკავებს ემოციებს.
მითხრა, შენი რიგოლეტო ცეცხლოვანი ნამღერი იყო, ენერგიულიო… სიმღერაში ხმა, ხმის ტემბრი… ყველაფერი განიხილება, მაგრამ ამასთან ერთად განიხილება მსახიობი, როგორ მიაქვს მას ეს როლი. მით უმეტეს, ვერდი არის მუსიკა დრამით, ხალხთან ძალიან ახლოს მოდის, ჩვენ ყოფიერებას გადმოსცემს, – აღნიშნა ქართველმა ბარიტონმა.
გიორგი გაგნიძის მეუღლე ექიმი გახლავთ – მაია გოგოლაძე. წყვილს ორი შვილი, ქალ-ვაჟი, მარიამი და დავითი ჰყავთ.

