,,ანანო ატირეს მასწავლებლებმა, როგორ მისწერე გიორგი კეკელიძეს, რომ წიგნები არ გვქონდაო” – რას წერს ქეთი მოლაშვილი

,,ანანო ატირეს მასწავლებლებმა, როგორ მისწერე გიორგი კეკელიძეს, რომ წიგნები არ გვქონდაო" - რას წერს ქეთი მოლაშვილიეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს სოფლებში ბავშვებისთვის ხშირად ჩააქვს წიგნები. ქეთი მოლაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც წერს, რომ იმ ბავშვებს, რომლებიც გიორგი კეკელიძეს სთხოვენ, რომ მათ სკოლაშიც ჩაიტანოს წიგნები, მასწავლებლები ეჩხუბებიან.

,,რამდენიმე წლის წინ, მოხდა ასეთი შემთხვევა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ ერთი სკოლიდან, ერთმა კარგმა გოგომ, ანანო ათაბეგაშვილმა, ეროვნულ ბიბლიოთეკას მისწერა, წიგნები არ გვაქვს ბიბლიოთეკაში და იქნებ დაგვეხმაროთო.

გიორგი ჩავიდა და დაეხმარა, მაშინ ანანო ატირეს მასწავლებლებმა, როგორ გაბედე და მისწერე გიორგი კეკელიძეს, რომ წიგნები არ გვქონდაო.

მწარედ მახსოვს ეს შემთხვევა.

3 აპრილს გიორგი კეკელიძემ ბულაჩაურის სკოლაში ჩაიტანა წიგნები, რადგან ერთმა კარგმა გოგომ, ნატო ჭანუყვაძემ მისწერა გიორგის, წიგნების კითხვა მიყვარს, არ გვაქვს ბიბლიოთეკაში, იქნებ დაგვეხმაროო.

გიორგი მართლაც დაეხმარა, მაგრამ რა მოხდა იცით? ისევ იგივე შემთხვევა, მასწავლებლებს უჩხუბიათ ნატოსთვის. როგორც კლასელები ამბობდნენ, სახლში რომ მიდიოდა ნატო, ეტირებოდაო…

მოკლედ, გიორგი კეკელიძე საოცარ საქმეს აკეთებს, როცა სოფლებსა და ახალგაზრდა თაობას წიგნებით ამარაგებს. მაგრამ, რა ვუშველოთ მასწავლებილების მხრიდან ბავშვებზე ძალადობას?

ჰო, სწორედ ფსიქოლოგიური ძალადობაა ამგვარი ქმედება.

ზეწოლა, რომ როგორ გაბედა სკოლის მოსწავლემ და ყველას უთხრა, რა უბადრუკი ბიბლიოთეკა აქვთ…

ბულაჩაურის საჯარო სკოლა – გვსმენია სხვადასხვა პროექტებს რომ აკეთებთ ახალგაზრდებისთვის, მაგრამ ისიც ხომ უნდა იცოდეთ, რომ ინიციატივები არ ისჯება, პირიქით, ასეთები უნდა გეამაყებოდეთ. იქნებ, დირექტორმა მიაქციოს ყურადღება იმას, რომ ასეთი ახალგაზრდები კი არ უნდა ტიროდნენ, უნდა გვიხაროდეს.

არ ვიცი, ზუსტად რითი ინტერესდება სახალხო დამცველის აპარატი, მაგრამ ნუთუ არ უნდა დაიცვათ დაჩაგრული და წიგნის მოთხოვნისთვის ატირებული მოსწავლეები?

პირველი შემთხვევის დროს, გავჩუმდი, არაფერი დავწერე. ახლა უკვე ზედმეტია გაჩუმება..

პ.ს. დღეს ანანო ათაბეგაშვილი წარმატებული სტუდენტი, გოგო და ადამიანია!

ნატო ბიბილაშვილი კი მეამაყება, რომ ასეთი გოგოა და რომ იცოდე ნატო, სწორედ თქვენ ცვლით მომავალს, ნუ შეუშინდები დაბრკოლებებს, გაიხსენე წიგნები, რომელნიც გასწავლიან, როგორ გადალახო წინაღობები. საჯაროდ მიხარიხარ და ვამაყობ შენით!“, – დაწერა ქეთი მოლაშვილმა.

მას თამარ მანგოშვილი ასევე სოციალური ქსელით გამოეხმაურა:

,,ვფიქრობ, გადაჭარბებულია პოსტის ავტორი, როცა ამბობს,რომ მასწავლებლებმა ატირეს მოსწავლე ნ.ბ. მოსწავლის თანაკლასელს ამ წამს ვკითხე თუ რა განწყობა ჰქონდა მას შეხვედრის შემდეგ, და აბსოლიტურად პოზიტიურიო. ასე რომ, მოდით, ნუ დავთესავთ ნეგატივს. სირცხვილი იმაში,რომ კითხვა სურს მოზარდს და ამისათვის წერს თხოვნას, არაფერია.

ქალბატონი დირექტორის პოზიცია გასაგებია, რადგან ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის სტუმრობა ბულაჩაურის საჯარო სკოლაში ჩემთვისაც, ამ სკოლის ყოფილი მოსწავლისთვის, საპატიო მოვლენაა (რომ მცოდნოდა კეკელიძე მოდიოდა, ადრეც ვთქვი, ეზოში სადმე დავდგებოდი, რომ მადლობის გადახდის საშუალება მომცემოდა მისთვის ამ საქმისთვის) და ქ.დირექტორსაც, ვვარაუდობ, საპატიოდ მომზადებული სურდა შეხვედროდა.
არ მესმის თქვენი განგაშის მიზეზი”.