მაკა ხოხონიშვილი-ვასაძე 37 წლისაა და 10 შვილის დედაა. ამბობს, რომ შვილები უფლის ყველაზე დიდი საჩუქარია. მთელ დღეს ბავშვების მოვლას ანდომებს, საკუთარი თავისთვის დრო არ რჩება, მაგრამ ამაზე არასოდეს წუწუნებს.
– 19 წლის გავთხოვდი. 20 წლის ვიყავი, როცა პირველი შვილი შემეძინა, 21 წლის ასაკში მეორე მეყოლა და ასე მიჰყვა ერთმანეთს 10 შვილი. ექვსი გოგო და 4 ბიჭი მყავს.
– ბავშვების აღზრდაში ვინმე გეხმარებოდათ?
– ყველა შვილი მე თვითონ გავზარდე. რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ვახერხებდი, შეუძლებელი არაფერია. ნელ-ნელა ვეჩვეოდი დატვირთულ რეჟიმს. მადლობა უფალს, ძალიან მშვიდი და ადვილად გასაზრდელი ბავშვები იყვნენ, ამიტომ უძილო ღამეები არ მქონია. რაც სკოლაში დაიწყეს სიარული, უფრო გამიჭირდა, განსხვავებული რეჟიმი აქვთ და ყველას უნდა შევუწყო ხელი.
– თქვენი მეუღლე მუშაობს?
– წლები დედამთილთან და მამამთილთან ვცხოვრობდით. ძალიან ვიყავით უფროსებზე დამოკიდებული, შეიძლება ითქვას, ცხოვრების არაფერი გაგვეგებოდა. მერე მოხდა ისე, რომ დედამთილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შეექმნა და ბინის გაყიდვა გახდა საჭირო. ხუთი შვილით დავრჩით ღია ცის ქვეშ.
დედამთილი და მამამთილი რაიონში გადავიდნენ საცხოვრებლად, ჩვენ კი ნულიდან დავიწყეთ ცხოვრება. რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო, მაგრამ დიდი გამოცდილება მივიღეთ და ბევრი რამ ვისწავლეთ.
– არაჩვეულებრივად გამოიყურებით, როგორ ახერხებთ 10 შვილის დედა სასურველი ფორმის და გარეგნობის შენარჩუნებას?
– ამისთვის ძალიან ცოტა დრო მრჩება, მაგრამ არასოდეს არსად, დაბადების დღე იქნება, ზეიმი თუ სხვა რაიმე წვეულება, მოუწესრიგებელი არ წავსულვარ.
მშობლები.ჯი

