ვახო სანაია ასახელებს პირებს, რომლებმაც გიორგი სანაიას მკვლელობის საქმე გააყალბეს – დაკარგული გასაღები და გამყიდველი ქალის ჩვენება – რას მალავდა გამოძიება

ვახო სანაია ასახელებს პირებს, რომლებმაც გიორგი სანაიას მკვლელობის საქმე გააყალბეს - დაკარგული გასაღები და გამყიდველი ქალის ჩვენება - რას მალავდა გამოძიებატელეჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობასთან დაკავშირებით პატიმარმა კონსტანტინე ციხისთავმა ცოტა ხნის წინ “რუსთავი 2”-ს სკანდალური ინტერვიუ მისცა. მისი თქმით, ცნობილი ჟურნალისტი კრიმინალური ავტორიტეტმა და ტერორისტად შერაცხულმა შოთა ჭიჭიაშვილმა მოკლა, ხოლო გრიგოლ ხურცილავა, რომელიც ჟურნალისტის მკვლელობისთვის გაასამართლეს, კრიმინალური ჯგუფის ინფორმატორი იყო და მან მკვლელობა საკუთარ თავზე აიღო.

ციხისთავის თქმით, სანაიას მკვლელობა პანკისის ხეობის იმდროინდელ მოვლენებს უკავშირდება და მკვლელობაში მაშინდელი მაღალჩინოსნებიც არიან გარეული, მათ შორის – თამაზ თამაზაშვილი.

17 წლის წინ მომხდარი მკვლელობა, რომელმაც მაშინ მთელი საქართველო ფეხზე დააყენა, ისევ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. მოკლული ჟურნალისტის ოჯახს თავიდანვე არ სჯეროდა იმ ვერსიის, რომელიც ოფიციალურად იქნა აღიარებული. ციხისთავის ინტერვიუს შემდეგ კი გიორგი სანაიას ძმამ, ჟურნალისტმა ვახო სანაიამ, უკვე მიმართა პროკურატურას. სანაიების ოჯახი საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს.

ვახო სანაია:

– აქ მთავარი არის ის, რომ პროკურატურამ ეს საკითხი შეისწავლოს და მეორე, პატიმარს რა ინტერესი აქვს, 17 წლის შემდეგ რატომ გადაწყვიტა ამის შესახებ ლაპარაკი და აქამდე რატომ დუმდა. პროკურატურა უკვე სწავლობს ამ ფაქტს.

– ციხისთავის ნაამბობში რა იყო თქვენთვის ყველაზე საინტერესო და ახალი?

– გრიგოლ ხურცილავაზე, რომელიც ამ საქმეზე იჯდა და 2013 წელს ამნისტიით გამოვიდა ციხიდან, ამბობს, ჩვენი ინფორმატორი იყო და სხვადასხვა საქმეზე ინფორმაციას გვაძლევდაო.

თავის დროზე გამოძიება შეგნებულად ჩატარდა დარღვევებით, რომ სიმართლე დამალულიყო და გამოგონილი ვერსია შეეთავაზებინათ საზოგადოებისთვის. ჩვენ პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა.

– ამ ინტერვიუს შემდეგ, თუნდაც როგორც ჟურნალისტს, არ გაგჩენიათ სურვილი, ციხისთავი ჩაგეწერათ ან გასაუბრებოდით?

– პატიმართან კომუნიკაცია ადვილი არ არის. მან თავად დაურეკა “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს. რაც მან თქვა, უკვე საკმარისია იმისთვის, რომ პროკურატურა დაინტერესდეს. ეს იყო ჩემი მიმართვის შინაარსიც პროკურატურისადმი და მათ წერილობითაც ოფიციალურად ვაცნობებთ. 2012 წლის შემდეგაც მივმართეთ პროკურატურას, რომ საქმის ხელახალი გამოძიება დაეწყოთ, მაგრამ მაშინ პროკურატურისგან უარი მოგვივიდა.

– მიზეზად რა დაასახელეს?

– თქვეს, რომ ახალი გარემოებები იყო საჭირო.

ყველა მოწმეს, ვინც მიანიშნებდა ძალიან მნიშვნელოვან გარემოებებზე, უგულველბელყოფდნენ, მტკიცებულებებს აყალბებდნენ. მეტიც, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც ამ საქმეს თავდაყირა აყენებდა.

ეს იყო მოწმის, ქალბატონ ნათელა ქართველიშვილის, ჩვენება, რომელიც გიორგის კორპუსთან ახლოს ყიდდა პურს. როდესაც გამოძიებამ თავისი შეთხზული ვერსია წარმოადგინა, მოწმემ თქვა, რომ, როდესაც გიორგი სამსახურში იმყოფებოდა, ბინაში აინთო შუქი და ამ ქალმა დაინახა ლანდი, თუ როგორ გადაადგილდებოდა ადამიანი ხან სამზარეულოში, ხან მისაღებ ოთახში. იმ დროს იქ არავინ უნდა ყოფილიყო, გიორგი სამსახურში იყო, ცოლ-შვილი კი ბაკურიანში ჰყავდა.

მკვლელობის დღეს გიორგიმ სახლის გასაღები დაკარგა. ეს ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ მას გასაღები მოჰპარა. სავარაუდოდ, მკვლელი ამ გასაღებით შევიდა სახლში და გიორგის ელოდებოდა.

შემდეგ გრიგოლ ხურცილავამ მიანიშნა, გასაღები სადღაც ბუჩქებში გადავაგდეო და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იქ მიიყვანა. ამოიღეს გასაღები, რომელიც იყო გაპრიალებული. თუკი ხურცილავამ გასაღები ივლისში გადააგდო, დეკემბრამდე, როცა ის დაიჭირეს, რამდენჯერ იყო წვიმა და ყინვა, გასაღები გაპრიალებული უნდა ყოფილიყო?! ამ გასაღებს ვიღაც ინახავდა და შემდეგ ამ ვერსიის შესათხზველად დასჭირდათ.

ასეთი უამრავი ფაქტია. მოწმეები ერთ დღეს ერთ ადამიანს ადებდნენ ხელს, შემდეგ ყველანი ცვლიდნენ ჩვენებას და მეორე დღეს სხვა ადამიანისკენ იშვერდნენ ხელს.

– იმის გარდა, რაც ციხისთავმა ჭიჭიაშვილზე ილაპარაკა, რა ინფორმაცია გაქვთ მასზე?

– ჭიჭიაშვილი პანკისის მოვლენებთან არის დაკავშირებული, გიორგი კი პანკისის მოვლენებს აქტიურად აშუქებდა. ჭიჭიაშვილი თავის დროზე შერაცხეს ნომერ პირველ ტერორისტად. ის და ციხისთავი ერთი ჯგუფის წევრები იყვნენ, შემდეგ ერთმანეთს მტრებად მოეკიდნენ. ჭიჭიაშვილს ამნისტია შეეხო და საქართველო დატოვა.

– საქმეში ფიგურირებს კასეტა, რომელიც, ელენე თევდორაძის თქმით, მან გიორგი სანაიას გადასცა. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ამ კასეტაზე, რა ჩანაწერი იყო?

– სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ცნობილია, რომ ლაპარაკია ნარკოდანაშაულზე. როგორც ციხისთავი ამბობს, კასეტა სჭირდებოდათ იმისთვის, რომ შემდეგ ფალსიფიცირებული მოტივი შექმნილიყო.

ელენე თევდორაძემ თქვა, რომ მკვლელობამდე ორი დღით ადრე მისცა კასეტა გიორგის. გამოძიება სულ არ დაინტერესებულა, ეს კასეტა სად გაქრა. ეს კასეტა ხომ არ იყო გიორგის სახლში და მკვლელმა ხომ არ გაიყოლა თან? როგორ შეიძლება კასეტა ორ დღეში გამქრალიყო?

– თუ იცით, ელენე თევდორაძეს ან გიორგის ნანახი ჰქონდათ, რა იყო ჩაწერილი კასეტაზე?

– ელენე თევდორაძე თავის დროზე ამბობდა, რომ არ ჰქონდა ნანახი, არ იცოდა მისი შინაარსი.

– ის ადამიანები, რომლებიც გიორგის საქმეს იძიებდნენ, დღეს ხელისუფლებაში ხომ არ არიან?

– ის ადამიანები, რომლებსაც ამ საქმესთან რაღაც შეხება ჰქონდათ, ყველა რაღაც პოზიციაზეა. სერგო ძაგნიძე, რომელიც იკვეხნიდა, რომ ეს საქმე გახსნა, რამდენიმე წლის წინ სამხედრო პოლიციის უფროსად დანიშნეს. ამ ადამიანმა პასუხი უნდა აგოს იმაზე, რომ საქმე გააყალბა.

ახლა გეტყვით მნიშვნელოვან დეტალს. ვიდრე ხურცილავას დაიჭერდნენ, შს მაშინდელი მინისტრი კახა თარგამაძე ტელევიზიით გამოვიდა და რიხიანი ხმით თქვა, რომ ეს საქმე პრაქტიკულად გახსნილი იყო. ცოტა ხნის შემდეგ ის აღარ იყო მინისტრი. მას შემდეგ შს მინისტრად მოვიდა კობა ნარჩემაშვილი, გენერალურ პროკურორად – ნუგზარ გაბრიჩიძე (მანამდე იყო გია მეფარიშვილი).

ნარჩემაშვილმა თანამდებობაზე დანიშვნიდან ცოტა ხანში თქვა, რომ საქმე გაიხსნა და გრიგოლ ხურცილავა გამოაჩინეს. შეკითხვა ჩნდება, თუკი საქმე გახსნილი არ იყო, თარგამაძე ვისზე ამბობდა?

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: მაშინდელმა გენპროკურორმა გია მეფარიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებლის პირდაპირ ეთერში დაიწყო ლაპარაკი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა ეთქვა გიორგი სანაიას საქმეზე. ლაპარაკი მიდიოდა პოლიტიკურ კონტექსტში. ამ დროს, ვიღაცის ბრძანებით, “პირველ არხზე” მაუწყებლობა გათიშეს, რომ მეფარიშვილს ლაპარაკი არ დაესრულებინა.

თარგამაძისა და მეფარიშვილის პერიოდში დავით გელაშვილი დააკავეს სულ სხვა საქმეზე. მაშინ “რუსთავი 2”-მა მოახერხა ამ ადამიანის ციხეში ჩაწერა. გელაშვილმა თქვა, გამომძიებლები მელაპარაკებიან არა იმ საქმეზე, რაზეც დამიჭირეს, არამედ იმაზე, რომ საკუთარ თავზე ავიღო გიორგი სანაიას მკვლელობაო. შემდეგ კი ეს გათამაშდა ხურცილავას საქმეში, მან ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო.

ინტერვიუ უკვე ჩაწერილი გვქონდა, როცა თამაზ თამაზაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ის ამბობს, რომ პროკურატურას თავადაც მიმართავს და ის მზად არის, რომ დაკითხონ.

მარი მგალობლიშვილი, ჟურნალი სარკე

გიორგი სანაიას ოჯახი გამოძიების ხელმეორედ ჩატარებას ითხოვს