სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტების შემოწმების შედეგად 7 ცნობილ კაფე-რესტორანში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველი პირობები აღმოაჩინა.
M2B-ის ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ინსპექტირების შედეგად კრიტიკულად შეუსაბამო პირობების მქონე რესტორენების სიაში შემდეგი ცნობილი რესტორნები მოხვდნენ: „კრუიზი“, „თაღლაურა“, „ძველი ქალაქი“, „პლაზა ჰოლი“, მუხამბაზი“, „ოქროს კათხა“ და კაფე „კალა“.
ამ ჩამონათვალის ამსახველი დოკუმენტის ასლი სოციალურ ქსელშიც გავრცელდა.
სპეციალისტების განმარტებით, კრიტიკულია ისეთი შეუსაბამობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. მისი აღმოფხვრა კი კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე შეუძლებელია.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შვიდივე დაწესებულებას საწარმოო პროცესი შეუჩერა.
ინსპექტირებისას მონიტორინგი სულ კვების 19 ობიექტში ჩატარდა. სტანდარტების შესაბამისი პირობები მხოლოდ სამ რესტორანში დაფიქსირდა. ესენია „ჭაშნაგირი“ „წისქვილი“ და „ლუდის მოედანი“.
სხვადასხვა დარღვევის, მათ შორის, ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე ხორცის რეალიზაციის, ეტიკეტირების წესისა და მიკვლევადობის დარღვევის, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონის გამო 9 ბიზნესოპერატორი, თითოეული 1000 ლარით დაჯარიმდა: „ბაბილო“, „კახელები“, „თაშრე“, „კერია“, „თევზის სახლი“, „ტეხასი“, „ლაკადა“ და „ფაიტონი“.

